სტატიები
Мой девиз – "Не горюй!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2419 03 ოქტომბერი 2019, 00:04

ის პროფესიულ ენაზე საუბრობდა, ეს მუსიკის ენა იყო, ამიტომაც, მისი ყველას ესმოდა. 

მაგრამ მას არ ესმოდა ყველასი, პირველ რიგში კი ქართველი პოლიტიკოსების. ამიტომაც, როცა 90-იანი წლების დასაწყისში ერთი წლით გერმანიაში, სპეციალური სტიპენდიით, გაემგზავრა, უკან დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა. მოგვიანებით, ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბარში ევროპაში დარჩენის მიზეზად ზვიად გამსახურდიას რეჟიმსა და ზვიადიზმს დაასახელებს:

_ 1991 წელს გერმანიის ხელოვნების აკადემიამ ერთწლიანი სტიპენდია მომცა და საცხოვრებლად ბერლინში გადავედი. ძალიან მდიდრული ბინა მქონდა, გრანდიოზული ფორტეპიანო, შთამბეჭდავი სტიპენდია. მაგრამ წელიწადი დასრულდა, დაბრუნება საჭირო იყო. თბილისში კი სიტუაცია სულ უფრო რთულდებოდა. ვგრძნობდი, სამოქალქო ომისთვის ყველა პირობა არსებობდა. მე ადამიანთა იმ მცირე ნაწილს მივეკუთვნებოდი, რომლებმაც არ მიიღო საქართველოს პირველი პრეზიდენტის რეჟიმი. ასე რომ, როდესაც ამსტერდამიდან პირველი შეთავაზება და ჰონორალი მივიღე, ვიქირავე ბევრად უფრო მოკრძალებული ბინა და სამუშაოდ დასავლეთში დავრჩი.

კიდევ უფრო გვიან, 1995 წელს, გერმანიიდან ბელგიაში გადაინაცვლა, ბერლინის შემდეგ ბინა ანტვერპენში დაიდო. იქ თითქმის 15 წელი იცხოვრა. მოგვიანებით იტყვის, რომ ეს ქალაქი ძალიან აგონებს თბილისს:

_ ანტვერპენი ძველ თბილისს მაგონებს: არც თუ ისე დიდია, ლამაზია, მშვიდია, აქაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ისინი ძალიან კარგად ექცევიან უცხოელებს (თბილისი ასევე არის ინტერნაციონალური ქალაქი). მე მაქვს ბინა იმ უბანში, სადაც მართლმადიდებელი ებრაელები - ჰასიდები ცხოვრობენ. გვერდით რაიონში, ჩემს მეზობლად კი თურქები და აფრიკელები ცხოვრობენ. მომწონს მათ ცხოვრებაზე დაკვირვება. 

ჩვენ კვლავაც მივუბრუნდით ამ განხეთქილებას, შეუწყნარებლობას, ისევ არ გვსურს საპირისპირო აზრის მოსმენა

ამბობდა, რომ პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა, ძალიან კარგად იცნობდა სიტუაციას და ყოველთვის ადევნებდა თვალს მიმდინარე დისკუსიებს. გამსახურდიას რეჟიმი არ მოსწონდა, ისევე როგორც არ მოსწონდა ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში საზოგადოებას ერთმანეთს ჰყოფდა და აპირისპირებდა:

_ ვფიქრობ, ასეთი პროცესები ძალიან დიდხანს გაგრძელდება. არა მგონია, მოვესწრო იმ დროს, როცა ჩვენი ხალხების თვითშეგნების დონე იქამდე აიწევს, რომ ადრე არსებულ ურთიერთობებს ისევ დავუბრუნდეთ.  თუ ჩვენ ამ ძალიან მტკივნეულ და ძალიან დიდ პრობლემებს გვერდით გადავდებთ, თქვენ მეკითხებით რა ხდება საქართველოში, გეტყვით, რომ ავადმყოფობა, რომელსაც ჰქვია „ზვიადიზმი“ ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი. ჩვენ კვლავაც მივუბრუნდით ამ განხეთქილებას, შეუწყნარებლობას, ისევ არ გვსურს საპირისპირო აზრის მოსმენა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ კულტურაზე და, ზოგადად, კულტურაზე. მეჩვენება, რომ ერთადერთი მკურნალი დროა, თუ, რა თქმა უნდა, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ.

მოვლენებს, ახლა გვერდიდან ვაკვირდები, არაფერში არ ვერევი. არასდროს მივცემ თავს უფლებას რაღაც მოსაზრებები გამოვთქვა, რადგანაც ეს იქნება აღქმული როგორც იმ ადამიანის აზრი, რომელიც საქართველოდან წავიდა, ახლა თავს ისე გრძნობს, როგორც ყველი კარაქში და აქვს იმის თავხედობა, რომ გარკვეული შეხედულებები გამოთქვას. - ეს ინტერვიუ 2008 წლის ივნისშია ჩაწერილი. 

მე მგონი, ახლა უკვე ბევრი ფიქრობს, რომ მე უკვე გარდავიცვალე. აღარავინ რომ არ მირეკავს, შეიძლება ჰგონიათ, აღარა ვარ
გია ყანჩელი
კომპოზიტორი

სხვათა შორის, ამბობდა, რომ რუსეთში მას გაცილებით ხშირად უკრავენ, საქართველოში კი თითქმის არა. მოგვიანებით პუტინის მმართველობა როგორც „ლენინის, ჰიტლერის და სტალინის გაგრძელება“. მიაჩნდა, რომ „რელიგიური ფანატიზმი და ფანატიკური პატრიოტიზმი“ სახიფათოა. „როცა პატრიოტიზმი იქცევა პროფესიად იქ იწყება დეგრადაცია. ამის მაგალითები ჩემს სამშობლოშიც არის“.  

გია ყანჩელი თვლიდა, რომ მუსიკაზე გავლენას ყველაფერი ახდენს, არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ის განწყობები და სურათიც კი, რასაც საკუთარი სახლის ფანჯრიდან ხედავ. 

მიაჩნდა, რომ საბჭოთა წყობა დისიდენტებმა კი არ დაანგრიეს, არამედ, სვინგმა: „ეს მუსიკა ისე მიყვარდა, რომ სმენით ფორტეპიანოზე გავარჩიე ეს გენიალური თემები... მილერი, ერიქსონი, მაილს დევისი... ისე როგორც ნორმალური მუსიკოსებისთვის არის დამახასიათებელი, ჩემი გათვითცნობიერება მუსიკასთან არ დაწყებულა ბახით, მოცარტით, ბეთჰოვენით და შუბერტით, არამედ, დიუკ ელინგტონით, ოსკარ პიტერსონით, ელა ფიცჯერალდით. ეს იყო ჩემი სამყარო".

მაგრამ მალევე ჯანსუღ კახიძეს შეხვდა და სიმფონიურ და კამერულ მუსიკაში გადაინაცვლა, თუმცა, როგორც თავად თქვა, ჯაზისადმი სიყვარული არასოდეს ტოვებდა. მეტიც, ამბობს, რომ სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილს ბახს მხოლოდ იმისთვის, რომ ენახა „როგორ წერდა ის მუსიკას“.   

Мой девиз – "Не горюй! - თქვა ერთხელ, თუმცა, ჟურნალისტები მას ყოველთვის ეკითხებოდნენ რატომ იყო მისი მუსიკა სევდიანი და ნელი.

მიუხედავად ამ ბედნიერებისა, მე ვწერ საკმაოდ სევდიან, ხანდახან ტრაგიკულ მუსიკას

_ იცით რა, ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც, დიდი სურვილის მიუხედავად, არა მაქვს.რატომ დადის ზოგი ნელა და ზოგი კი ჩქარა, მიუხედავად იმისა რომ არსად ეჩქარება? რატომ საუბრობს ზოგი პაუზებით, ზოგი კი სიტყვებს შორის პაუზას არ აკეთებს?

მოგვიანებით, უკვე არტარეა-სთან საუბარში თქვა, რომ ძალიან ბედნიერია. რადგანაც ჰყავს „საოცარი მეუღლე, რომელთანაც უკვე 51 წელი დავამთავრე, მყავს ჩემი უსაყვარლესი შვილი ნატო, უსაყვარლესი სანდო, ჩემი რძალი, სანდროს მეუღლე, უსაყვარლესი მარიკა და ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილიშვილი, მიუხედავად ამ ბედნიერებისა, მე ვწერ საკმაოდ სევდიან, ხანდახან ტრაგიკულ მუსიკას. ეს უკვე დამოკიდებულია იმასთან, რაც ხდება ჩემს გარშემო, ან ჩემს ქვეყანაშ ან მსოფლიოში...“- ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ არის ჩაწერილი. 

ამ მომენტისთვის, ის უკვე თბილისშია და გულზე მკურნალობს. რამდენჯერმე სერიოზული შეტევით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშიც გადაიყვანეს. „ცოცხალ-მკვდარი წამიყვანეს და როცა უკან დავბრუნდი ჩემმა ცოლმა მითხრა: ღმერთს ჯერ შენ არ ჭირდებიო“ - თქვა არტარეასთან საუბარში.

უკვე თითქოს მოტეხილია, ისე ჩანს, დეპრესიაც აქვს. არა მხოლოდ იმ სევდაზე საუბრობს, რაც მისი მუსიკისთვის არის დამახასიათებელი, არამედ, სიკვდილზეც. პირველად ამ თემაზე მან 83 წლის ასაკში ისაუბრა:

„მე მგონი, ახლა უკვე ბევრი ფიქრობს, რომ მე უკვე გარდავიცვალე. ხანდახან, აღარავინ რომ არ მირეკავს, ვფიქრობ, რომ, შეიძლება ჰგონიათ, რომ აღარა ვარ... ჯერჯერობით ვარ. სინამდვილეში მე კიდევ ვაგრძელებ არამარტო ცხოვრებას, არამედ, მუსიკის წერასაც“.

არტარეასთან ბავშვობაც გაიხსენა, ექვსი წლის იყო მეორე სამამულო ომი როცა დაიწყო, მამა პედიატრი იყო  ჯარში სამხედრო პოსპიტალს მეთაურობდა: მთელი ეს ომი მის გარეშე გავატარეთ, ასე ვიზრდებოდით მე და ჩემი და დედასთან ერთად. მამის ადგილზე ვინც მუშაობდა ის კვების ტალონებს იღებდა... მახსოვს დედა ამ ტალონებით ერთ კილო თეთრ პურს ყიდულობდა, რომელიც მე კამოს ქუჩაზე მიმქონდა ვინმე იორდანესთან, ის მაძლევდა ფულს და ამ ფულით მერე დედა ყიდულობდა შავ პურს და კიდევ რაღაც საჭმელს. 

დავდიოდი საბავშვო ბაღში, სადაც იყო ერთი კიბე. ეს კიბე იყო ტანკიც, თვითმფრინავიც, ამ კიბის ქვეშ და კიბეზე ასვლით ვთამაშობდით, სათამაშოები მაშინ არ იყო. 

ბავშვობას თბილად იხსენებს, საბჭოთა კავშირს - შემოქმედებითად, დამოუკიდებელ საქართველოში კი, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვერ იცხოვრა, სიყვარულით გამთბარი მუსიკა, თუნდაც, „სევდიანი“ და ზოგჯერ „ტრაგიკული“, ამ ცივ, სუსხიან და მუდმივად საომარ ზღვარზე მყოფ საზოგადოებას ვერ მოარგო, საკუთარი თავიც დაიცვა და მუსიკაც... თუმცა, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით რუს ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, ის ქართველი იყო, ქართულად აზროვნებდა და მისი გული ყოველთვის თბილისში და თბილისისთვის ძგერდა



   



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი