ბრისბენის სასარგებლოდ ხმა IOC-ის სესიის 72-მა დელეგატმა მისცა, ხუთი წინააღმდეგი წავიდა, სამმა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე ბრისბენი ერთადერთი კანდიდატი იყო.
საინტერესოა ისიც, რომ 2032 წლის თამაშებს ავსტრალიის ქუინსლენდის შტატის სამი ქალაქი მიიღებს, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც სწორედ ბრისბენია.
ქუინსლენდის შტატის პრემიერ-მინისტრის ანასტასია პალაშუკის განცხადებით, ქუინსლენდში თამაშებისთვის აუცილებელი ობიექტების 85 პროცენტი მზად არის.
„ბრისბენი ოფიციალურად იწოდება 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორ ქალაქად. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თითქმის 100-მა წევრმა 138-ე სესიაზე ხმა ქვინსლენდის სასარგებლოდ მისცა და ამით მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მასპინძელი აარჩია. შტატის ყველა მაცხოვრებელს შეუძლია ამ ისტორიული მომენტით იამაყოს," - ტვიტერზე წერს პალაშუკი.
ქუინსლენდის მთავრობის გეგმის თანახმად, შეჯიბრებები ერთბაშად სამ ქალაქში, 30-ზე მეტ არენაზე ჩატარდება. მათ შორის, 22 არენა ბრისბენის ცენტრში იქნება განთავსებული, 6 - გოლდ კოსტზე, რომელიც სამხრეთით 80 კილომეტრის დაშორებით არის, 3 კი - სანშაინ კოსტზე - ბრისბენიდან 100 კილომეტრით ჩრდილოეთით.
„ოლიმპიური თამაშები (ზაფხულის) ზამთარში ჩატარდება. მაგრამ, ზამთარი ავსტრალიაში წლის საუკეთესო დროა, როდესაც არც ცხელა და არც ცივა. ამინდის მხრივ, ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ტემპერატურა პლუს 20 გრადუსზე ცოტა მეტი იქნება - ათლეტებისთვის იდეალური პირობებია," - განმარტავს ბრისბენის მერი ადრიან შრინერი.
ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის და IOC-ის წევრის, ჯონ კოუტსის განცხადებით, ბრისბენის თამაშების თარიღი ისეთივე იქნება, როგორც ეს არის ტოკიოს შემთხვევაში: თამაშები გაიხსნება 23 ივლისს, პარალიმპური - 24 აგვისტოს.
ტოკიოს შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებს 2024 წელს პარიზი მიიღებს, 2028 წელს კი - ლოს ანჯელესი.
ავსტრალიას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამოცდილება ორჯერ ჰქონდა. 1956 წელს თამაშები მელბურნში ჩატარდა, 2000 წელს კი სიდნეიში.
http://geonoc.org.ge
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |