1514
29 ივნისი 2021, 22:45
ქეთი ხატიაშვილი
თითქოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებულიც იყოს და რეიტინგულიც. განათლება ჯერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ ჰარვარდშიც შეიხედა და ტექნიკური უნივერსიტეტიც დაასრულა. ენებიც იცის, ამბიციებიც აქვს და საუბარიც არ ეშლება. ხშირად იდგა იუსტიციის სახლთან და თავს ამ შენობის ფორმისა და შინაარსის იდეის ავტორად ასაღებდა, შესაძლოა, არის კიდეც. მით უმეტეს, თუ არის და პოლიტიკაში მაინც სულ საშემოდგომო ჰყვება.
საკუთარ თავზე არც ფულის დახარჯვა ენანება და ალბათ ერთადერთია, მწვავე შეკითხვებს რომ არ გაურბის, მაგრამ ფორტუნას ვერა და ვერ მოაწონა თავი. ხან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან სცადა პოლიტიკური კარიერის აწყობა, ხან - დამოუკიდებლად, ხან ახალ თაობაზე გააკეთა სწორება. ახლა პენსიონერთა მოხიბვლას ცდილობს, მაგრამ გვერდით მხოლოდ საყვარელი ოჯახი უდგას, ამომრჩეველი მისით არ ინტერესდება.
თუმცა ამომრჩევლამდე ვაშაძემ ვერც პოლიტიკური პარტნიორები მოხიბლა საკუთარი პერსონით - ვერც ნაციონალები, ვერც პაატა ბურჭულაძე, ვერც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია და თაკო ჩარკვიანიც კი. პარტიას სახელი ორჯერ შეუცვალა. 2016 წელს ახალ საქართველოს გვპირდებოდა და „ახალი საქართველო“ დაირქვა, შემდეგ იფიქრა, რომ ეს არაფერს გვეუბნებოდა და ისტორიულ ფიგურებს ამოეფარა - „სტრატეგია აღმაშენებელი“ გახდა. ჟღერადია, მაგრამ ვერც ჟღერადობამ უშველა. აქ ის, საერთოდაც, კარიკატურას უფრო დაემსგავსა. პარტიის პრეზენტაცია რატომღაც გორგასლის ძეგლთან გამართა და სოცქსელებში დიდი სიცილი და ირონია გამოიწვია. გორგასალმა ვაშაძის გაშლილი პლაკატები და ფლაერები რომ ნახა წარწერით - „სტრატეგია აღმაშენებელი“, ჩამოხედა და უთხრა: არ ვარ მე ის კაცი, აღმაშენებელი სხვაგან დგასო.
მოკლედ, ვაშაძე საკუთარ ამბიციებს თავადვე აშარჟებს, თითქოს თავადვე დასცინის საკუთარ თავს. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რა უნდოდა თაკო ჩარკვიანთან. დაიჯერა, რომ სწორედ ამ ქალბატონმა შთაბერა სული საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს და იფიქრა, იღბალს მომიტანსო? ვერაფრით ახსნი მის ამ გადაწყვეტილებას.
ფიქრობს, როგორც პრომეთემ მოუტანა ცეცხლი ადამიანებს, ისე მას მოაქვს ინოვაციები და პროგრესი. თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, პოლიტიკაში არაფრით გამოირჩევა, არც კრეატივს ავლენს და არც იდეებს. 2016 წელს „გირჩებს“ მიჰბაძა და ახალგაზრდების მიმხრობას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
ახლა შალვა ნათელაშვილის გაკვალულ გზას დაადგა და პენსიონერების გულის მოგებას ცდილობს. ახალ თაობასაც მხოლოდ სიტყვების რახარუხს სთავაზობდა, ამიტომაც არ დაუჯერეს და მხარი არ დაუჭირეს. ახლა გადაწყვიტა, ყველაზე აქტიურ სეგმენტს შეეჭიდოს - პენსიონერები მართლაც ყველაზე აქტიური ამომრჩევლები არიან.
იაფი კრედიტი ფოჩიანი კამფეტებივით შესთავაზა, ლიბერთი ბანკის წინაც გამოიძახა და... აქაც არაფერი, აქციაზე ბავშვები მიიყვანეს. გორგასლის ძეგლის არ იყოს, ბავშვებმაც თქვეს: არ ვართ ჩვენ პენსიონერებიო, მაგრამ ეს ხომ უკვე ტრადიციაა - გიორგი ვაშაძე საკუთარ თავს დასცინის.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |