1460
30 მაისი 2021, 11:18
ქეთი ხატიაშვილი
ჩერჩილის მამას დიდი რეიტინგი, განსაკუთრებული გავლენები და სერიოზული პოლიტიკური წონა ჰქონდა. პარტიაში დიდად ვერ იტანდნენ, მაგრამ საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდათ და რენდოლფ ჩერჩილის გამოხტომებსაც ხშირად ითმენდნენ. თუმცა ერთხელაც, თავდაცვის მინისტრმა ვეღარ მოითმინა და ჩერჩილის მორიგი მოთხოვნა ფინანსების კორექტირების შესახებ არ დააკმაყოფილა. ჰოდა, მეორე დილას, კონსერვატორებმა ჟურნალ „ტაიმსიდან“ გაიგეს, რომ მათი კაბინეტის ფინანსთა მინისტრი გადადგა. მმართველი პარტია პანიკამ მოიცვა - ეგონათ, რომ ხალხი თავიანთი კერპის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდოდა, თავად ჩერჩილი კი დარწმუნებული იყო, რომ კონსერვატორები ფეხებში ჩაუვარდებოდნენ, შეევაჭრებოდნენ და უკან დიდი პატივით დააბრუნებდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა.
ისტორიას ბევრი გადადგომა ახსოვს, მათ შორის საქართველოშიც. თავის დროზე, მაგალითად, შევარდნაძეც კინაღამ გადადგა იმ იმედით, რომ ვერტიკალზე დააბრუნებდნენ. ჰოდა, ირინა სარიშვილმა, რომელიც მაშინ ედპ-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო, იმედები არ გაუცრუა, აქციაზე მისული ხალხი დააჩოქა და შევარდნაძეს დარჩენა სთხოვა.
და როცა არც ჩერჩილი ხარ [ოღონდ შვილი] და გვერდით არც ირინა სარიშვილი გიდგას, ცოტა უნდა დაფიქრდე, მაგრამ რომ დაფიქრდე - აზროვნების უნარი შეინარჩუნო, ამისთვის ემოციური ინტელექტია აუცილებელი. როგორც აღმოჩნდა, გიორგი გახარიას ის საერთოდ არ გააჩნია.
ჩვენ არ ვიცით სიმართლე მისი გადადგომის შესახებ. უფრო ზუსტად, უკვე აღარ ვიცით. როცა პრემიერის პოსტიდან წავიდა, თქვა: კი, მელია დასაჭერია, მაგრამ არა ამ ფორმით - პარტიაში დაკავებით. მოგვიანებით, ირაკლი კობახიძე იტყვის, რომ გახარია გადადგომის წინ ამ ოპერაციის ორი დღით გადატანას ითხოვდა.
იყო მოლოდინი, რომ გიორგი გახარია განმარტავდა, რისთვის სჭირდებოდა მას ეს ორი დღე. თუმცა, წასვლის წინ თქვა ერთი, მოსვლის შემდეგ კი - მეორე. და ეს მეორეც ძალიან ზოგადი, ბუნდოვანი დაგაუგებარიიყო. ილაპარაკა „ქართული ოცნების“ მხრიდან სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და ხალხის საჭიროებებზე.
და მაინც, რა შეიცვალა მისი წასვლიდან მის მოსვლამდე, ამ 100 დღის განმავლობაში?
შესაძლოა, გადადგომის მიზეზი შეიცვალა, რადგანაც ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია მართლაც სანიმუშოდ ჩატარდა. სანიმუშოდ იმ თვალსაზრისით, რომ არც არავინ დაშავებულა და არც არაფერი დამტვრეულა. და ახლა, ამ ფონზე იმის თქმა, რომ ამ სპეცოპერაციის შეეშინდა, მასვე აყენებს სასაცილო მდგომარეობაში.
ამიტომაც მიზეზის შეცვლა აუცილებელი იყო. მაგრამ ხალხზე აპელირებაც საკმაოდ არასერიოზულად გამოიყურება. პანდემიის დროს ხომ ძალიან ბევრ ადამიანს სწორედ მისი იმედი ჰქონდა, ბევრს სწამდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო კორონასთან გამკლავება.
მაგრამ მისი გადადგომა - განსაკუთრებით ახლა, როცა მიზეზად ხალხზე ზრუნვა დაასახელა - კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მას. ის ხომ მაშინ წავიდა, როცა ხალხს მისი ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებოდა? პანდემიის მორიგი ტალღის მართვა და ვაქცინაცია ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. მაგრამ ფუკასავით აორთქლდა.
როცა ერთხელ ხალხს ამდენად მძიმე გამოწვევის წინაშე მიატოვებ, მეორედ მისი ნდობის მოპოვება ალბათ რთული იქნება. ბევრი ვერ გაგიგებს, ბევრი არ მიგიღებს და ბევრიც, უბრალოდ, აღარ დაგიჯერებს.
პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ რატომღაც უკანა კარიდან. ამან მისი, როგორც უშიშარი და პრინციპული ფიგურის, იმიჯიც დაანგრია. გაუგებარი იყო საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე შეპარვა. თავად პრეზენტაციას კი იმპრესიაც აკლდა და ემოციაც.
თუმცა, საკუთარი სპიჩრაიტერი შეუძლია შეაქოს - აქცენტები თანამედროვე იყო და გამოწვევებს ნამდვილად პასუხობდა. სიმართლის დეფიციტი ნამდვილად არსებობს და პოლარიზაციაც. და რაც მთავარია, პარტია გამოვიდა ლოზუნგით „ერთად და არავის წინააღმდეგ“, ანუ გამინუსების მავნე ტრადიციაზეუარითქვა. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად აქვს მას რესურსი, ახალი თამაშის წესებით ითამაშოს და სწორი სვლებიგააკეთოს.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოლიტიკას არ იცნობს, საარჩევნო კამპანია საერთოდ არ ესმის - მართალია, რამდენიმე არჩევნები მოიგეს, მაგრამ მარათონზე ხომ პარტიიდან სხვები მუშაობდნენ, ვიდრე პრემიერი გახარია. რა თქმა უნდა, მას ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ილია მეორის შემდეგ, მაგრამ ესეც ხომ ბევრწილად მისი თანამდებობით იყო განპირობებული?
თავის დროზე ასეთივე რეიტინგები ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის რანგში, და უფრო ადრედავით უსუფაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში. და სად არიან ახლა ისინი? ცარიელ სიტყვებს აბრახუნებენ დროდადრო და მეტი არაფერი.
გიორგი გახარიაც რისკავს, გადაიქცეს მხოლოდ ხმაურად, ან სკანდალად. სიმართლეზე გააკეთა აქცენტი. რაც არ უნდა მწარე იყოს, მაინც უნდა ითქვასო. კი, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, მაგრამ არა მაშინ და არა ისე, როგორც ეს, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა, როცა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მიშა სააკაშვილს პოლიტიკური ოპონენტების განადგურება სურდა; გუბაზ სანიკიძე კი პირიქით, „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ მიხვდა, რომ სააკაშვილი დემოკრატიისა და თავისუფლების პიკია. მაგალითები შორს წაგვიყვანს. მაგრამ თუ გახარიაც, მათ მსგავსად, ახალ-ახალ და ცხელ-ცხელ აღმოჩენებს შემოგვთავაზებს, ნამდვილად სასარგებლო იდიოტის როლში აღმოჩნდება.
მისი გამოსვლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ნეიტრალურ ხმებზე აპირებს ნადირობას - პოლარიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, გამუნისების მავნე ჩვევა დაგმო, პოლარიზაცია დაასახელა პრობლემად, თუმცა, როგორც რეაქციებიდან იგრძნობოდა - თანაც როგორც ნაცების, ისე ქოცების - კატა ლეოპოლდის როლში მას არავინ აღიქვამს, მშვიდობას მას პოლიტიკაში არ ჰპირდებიან.
ვნახოთ, როგორი იქნება სხვა გზავნილები - რამდენიმე დღეში ის მედიასთან შეხვედრასაც გეგმავს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |