საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა განაცხადა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმ შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ ტოკიოს ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო საგანგებო რეჟიმი იმოქმედებს.
„თამაშები გაიმართება და მას ხელს ოლიმპიადის დროს ვერც საგანგებო რეჟიმი შეუშლის. ამ დღეებში იაპონიაში წარმატებით ჩატარდა სატესტო ტურნირები სპორტის ხუთ სახეობაში, არადა, ქვეყანაში სწორედ ასეთი რეჟიმი მოქმედებდა. ასე რომ, თამაშების ჩატარებაზე არანაირი ეჭვი არ არსებობს.
ჩვენ ამას ვაკეთებთ სპორტსმენებისთვის, მათი ოცნებების ასრულებისთვის. სწორედ ამისთვის შეიქმნა ოლიმპიური თამაშები. მიღებული უსაფრთხოების ზომები სავსებით აკმაყოფილებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას“, – განაცხადა კოუტსმა ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე.
დღეისთვის, ცხრა პრეფექტურის ტერიტორიაზე მოქმედებს საგანგებო რეჟიმი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო. მას ვადა 31 მაისს გასდის.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |