776
20 მაისი 2021, 19:24
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს - ელგუჯა ბერიშვილსა და ნინო სალუქვაძეს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს სოსო გიორგაძეს, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი დოლაბერიძეს, ძალოსნობაში 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს უმასპინძლა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუმრებს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გასულ წელს ტოკიოში უნდა გამართულიყო, თუმცა, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება - "ტოკიო 2020" უცვლელი დარჩა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მონეტის შექმნის პროცესში გაწეული დახმარებისათვის. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვუმასპინძლო ოლიმპიური კომიტეტის და სამინისტროს ხელმძღვანელებს, ლეგენდარულ ძალოსანს, პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს ოლიმპიური თემატიკით დაინტერესების და საკოლექციო ოლიმპიური მონეტის გამოშვებისათვის, რომელიც საჩუქრად გადაეცემა ტოკიოს თამაშების ლიცენზიანტ ქართველ სპორტსმენებს.
საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი ივა ჯანეზაშვილს ეკუთვნის. მონეტა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ტოკიოს მთავარი ოლიმპიური არენის არქიტექტურის სტილიზებული გრაფიკული გამოსახულება. არენის შიდა ნაწილში გამოსახულია საქართველოს მოფრიალე დროშა. მონეტის ცენტრალურ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგო, წრიულ რკალში კი დატანილია წარწერები "NATIONAL OLYMPIC TEAM OF GEORGIA" და "ზაფხულის ოლიმპიური თამაშები".
მონეტის რევერსზე გამოსახულია სარბენი ბილიკის სტილიზებული გამოსახულება. დატანილია წარწერები: "5 ლარი", ოლიმპიადის სლოგანი "DISCOVER TOMORROW" და "SUMMER OLYMPIC GAMES IN JAPAN". ხოლო ქვედა არასტანდარტულ რკალში კი განთავსებულია ფარული გამოსახულება, რომელზეც მონეტის განსხვავებული კუთხით დახრისას მონაცვლეობით ჩნდება წლები "2020" და "2021.“
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |