„ნაციონალური მოძრაობა“ კრიზისშია, როგორც პარტია, გიგა ბოკერია კი - როგორც ფიგურა. ის უკვე თავის თავს ეთამაშება - მსაჯიც თავად არის, წესებსაც თავად აწესებს და კომენტატორის როლიც შეითავსა. როგორც იტყვიან, სამი ერთშია. პარტია ცარიელია... თავად მაინც იყოს „სავსე“. მაგრამ ეგ არაფერი, ითამაშოს თავისთვის საკუთარ პერსონალურ პლატფორმაზე. როგორც ვატყობ, არავის სურს ხელი შეუშალოს.
პოლიტიკა ღირებულებების დემონსტრირების ადგილია და არა ხასიათის. სცენიდან ტრიბუნაზე მოხვედრის მსურველი ბევრი იყო, მათ შორის „უცნობიც“, ბოლოს ნიკა გვარამიაც. თუმცა, ან სცენაზე უნდა იდგე და სხვადასხვა ხასიათები აჩვენო, სხვადასხვა როლი მოირგო და მაყურებელი შეიძინო, ან ტრიბუნიდან ღირებულებებისთვის უნდა იბრძოლო და ელექტორატი შემოიკრიბო. ვერც სიმღერით მოხვდები პოლიტიკურ პლატფორმაზე და ვერც სიჯიუტით ან შურისძიების სურვილით.
ბოკერიამ თავად შეუქმნა საკუთარ თავს გავლენიანი და ჭკვიანი პოლიტიკოსის ლეგენდა და ის საკუთარი ხელითვე გაანადგურა ნელ-ნელა. ხელით არა, უფრო ზუსტად - ხასიათით. ბოლოს ისე გამოჩნდა, რომ დასავლეთში გავლენებიც დაკარგა.
სხვათა შორის, მისი შთაგონების წყარო, ალბათ შეიძლება ასე დავარქვათ, მაკკეინი იყო. სააკაშვილის ბელადობაზე რომ დაიწუწუნა, მაკკეინმა უკარნახა: დამოუკიდებლად გააგრძელე პოლიტიკური თამაშიო. ჰოდა, „ევროპული საქართველოც“ ასე შეიქმნა. თუმცა, ბოკერია ვერც თავისუფლებას გაუმკლავდა პოლიტიკაში და ვერც პარტიას გაუძღვა - თითქოს არც იცის, ეს რა არის. ან მოკარნახე აღარ ჰყავს და სიჯიუტე პრინციპულობა ჰგონია.
ისე ჩანდა, თითქოს დასავლეთში მას დიდი გავლენები ჰქონდა, თუმცა, თავისუფალ სამყაროს მოსწონს ფიგურები, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებებით წინ მიდიან და არა უკან. ასეთ ფიგურად მათ აშკარად სალომე სამადაშვილი დაინახეს.
უნდა ითქვას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან სამადაშვილი ხატია დეკანოიძის წყალობით აღმოჩნდა. ნაციონალებიდან მედიაციაში სწორედ ის უნდა ჩართულიყო, თუმცა, სალომეს ამბიციებისა და პრეტენზიების გამო, უკან დაიხია და ელჩებთან სალაპარაკოდ სალომე სამადაშვილი წავიდა.
ახლა მას დასავლეთში გაცილებით დიდი გავლენები და ავტორიტეტი აქვს, ვიდრე თუნდაც გიგა ბოკერიას, რომელიც ქუჩაში დარჩენით სერიოზულად რისკავს, გახდეს მარგინალი, ფიგურა სტატუსისა და მდგომარეობის გარეშე.
მარგინალიზაცია ნიკა მელიასთვისაც დიდი გამოწვევაა. დასავლეთთან სალაპარაკოდ მას სტატუსი სჭირდება. პარლამენტში შეუსვლელობით ის საკუთარ თავს პოლიტიკურ წონას დააკარგვინებს.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში ქართულ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და იქ გააგრძელონ მუშაობა.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც პარლამენტში შესვლას ურჩევს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ახლა ნიკა მელიამ უნდა აჩვენოს, ლიდერია თუ თოჯინა. მის გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა და გავლენებიც მისსავე პარტიაში. თუმცა, სააკაშვილი ბოკერიასავით სწორხაზოვანი არ არის, მას მანევრირებაც შეუძლია. ეს მისი განცხადებებიდანაც გამოჩნდა. პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ კატეგორიულად არ წასულა.
სანამ ნიკა მელია დაკავებული იყო, ნაციონალები კომფორტის ზონას ინარჩუნებდნენ - ყველაფერში „ქართული ოცნება“ იყო დამნაშავე. თითქოს მხოლოდ მმართველ ძალაზე იყო დამოკიდებული პროცესების შემდგომი განვითარება.
მაგრამ ახლა, როცა პარტიამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ქუჩაში დარჩეს თუ პარლამენტში შევიდეს, თავი აშკარად უმწეოდ იგრძნეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ საკუთარი რადიკალიზმით რადიკალურ ამომრჩეველში რევოლუციის დიდი მოლოდინი გააჩინეს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ დროც ტყუილად დაკარგეს და ამომრჩეველიც ტყუილად ანერვიულეს.
ნიკა მელიამ ხომ თავისი დაპატიმრების პროვოცირება ერთადერთი მიზნით - ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მოახდინა. არჩევნები არ დაინიშნა, ოპოზიციამ ამ არჩევნებში საკუთარი გამარჯვება ვერ დაამტკიცა, წაგება არ აღიარა. სულ ეს არის.
დასავლეთი რადიკალიზმს მხარს არც შევარდნაძის დროს უჭერდა, არც მიშას დროს და არც ახლა, „ქართული ოცნების“ დროს დაუჭერს.
ნიკა მელიას კარგად ესმის, რომ ლიდერობისთვის მას პარლამენტში შესვლა სჭირდება; აკო მინაშვილმა კი კარგად იცის, რომ ბელადის პოლიტიკური თავმოყვარეობის შესანარჩუნებლად პარტია ქუჩაში უნდა დარჩეს.
ნიკას დაჭერით პოლიტიკური პროცესის ნაცვლად პოლიტიკური ჩიხი შექმნეს. ახლაც ახალი არჩევანის წინაშე დგანან - შევიდნენ თუ არა პარლამენტში. ხატია დეკანოიძე მართებულად მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია. პარლამენტში შესვლის მომხრეების არგუმენტი ადგილობრივი არჩევნებია. მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ მმართველ ძალას ერთიან ფრონტს გაუხსნიან და 43%-ის აღებაში ხელს შეუშლიან. ქუჩაში დარჩენა, მარგინალიზაციასთან ერთად, საარჩევნო რინგზე მათს გამინუსებასაც ნიშნავს.
აქ ნიკა მელიას პერსონალური საკითხიც დგას. როგორც ჩანს, ის თბილისის მერად თავის კანდიდატურას არ დააყენებს, თუკი გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ იქნება. მას კარგად ესმის, რომ სხვა შემთხვევაში ის წააგებს და დღემდე ნამცეც-ნამცეც ნაგროვები წონა გაებნევა.
ახლა გამოჩნდება, ნიკა მელიაა უფრო ლიდერი თუ სააკაშვილი - უფრო ბელადი. ვინ გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიის წერას და რა მიმართულებით, ამას მალე ვნახავთ. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ დაბნეულობა მატულობს და კულისებში ტემპერატურა დუღს. საქმე ის არის, რომ მელია ლიდერობისთვის მზად არ არის, მას რესურსი არ აქვს - ალბათ იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკური კარაბას ბარაბასის გამოყვანილი ფიგურაა და სხვაგვარად, პატრონის გარეშე მოქმედება არ შეუძლია, ისევე როგორც ვერ შეძლო ბოკერიამ.
პოლიტიკურ ბარაბასს კი თოჯინების მთელი არსენალი ჰყავს. ახლა ფსონს აკო მინაშვილსა და გუბაზ სანიკიძეზე დებს.
თოჯინების რევოლუცია ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ერთხელ ჭკუა იხმარეს და პარტიის თავმჯდომარის სავარძელი მიშას გულმხურვალე მეგობარს ლევან ვარშალომიძეს ხელიდან გამოაცალეს. გაუგებარი კენჭისყრა მოაწყვეს ფეისბუკით და პირველი პირის სტატუსი ნიკა მელიას მიაკუთვნეს. გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა გაქცევით უშველეს თავს. ვნახოთ, რას მოიფიქრებს ამჯერად მიშა ბარაბასი. ის ხელისუფლებას სიურპრიზებს დაჰპირდა, თუმცა ამ სიურპრიზებით ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარ თოჯინებს აზიანებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |