სტატიები
გახარიას ფაქტორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2241 16 აპრილი 2021, 21:17

ქეთი ხატიაშვილი

რადიკალებმა ის რუსეთის გეგმა „ბ“-დ შერაცხეს, გაკოტრებულებმა - „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“-დ. ზოგისთვის ის, საერთოდაც, ორივე ერთშია. ამ შეფასებებიდანაც კი კარგად ჩანს, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ დისტანციაზე მყოფი გახარია უკვე ფაქტორია. 

რადიკალებს საკუთარი ელექტორატი თითქოს შემოღობილი ჰყავთ და მათთან მიახლოების უფლებასაც კი არავის აძლევენ. ამომრჩეველი, ვისაც გულწრფელად სწამს, რომ, ნაციონალების გარდა, ყველა ქვეყნის მტერი და რუსეთის აგენტია - სააკაშვილის კერძო საკუთრებაა. ამიტომაც იცავენ თავიანთ ელექტორატს პოლიტიკური ღობით. ჰოდა, ენმ-მა ჯერ კიდევ ჰორიზონტზე მყოფ გახარიას ქვები უკვე დაუშინა. რა თქმა უნდა, მისთვის არცერთი ხმის მიცემას არ აპირებენ. პოლიტიკური ღობის კარიც საგულდაგულოდ ჩარაზეს, ელექტორატს მისკენ თვალი რომ არ გაექცეს და უკვე პუტინის კაცად და რუსეთის აგენტადაც გამოაცხადეს. 

რაც შეეხება გაკოტრებულებს, მათ ღობე კი აქვთ, მაგრამ ელექტორატი არ ჰყავთ. შესაბამისად, მონადირის როლი მოირგეს და საპროტესტო ხმებზე ნადირობენ. გახარია მათთვის უფრო საშიშია, რადგანაც გათვლა გაბრაზებულ ელექტორატზე აქვთ. აგენტობაზე მითების მოყოლა ამ ელექტორატზე არ გაჭრის, ამიტომაც გაკოტრებულების მიზანია, ამომრჩევლამდე მარტივი გზავნილი მიიტანოს: შენ ხომ ბიძინა ივანიშვილზე ხარ გაბრაზებული, ჰოდა, გახარია ბიძინას გეგმა „ბ“ არის. არ გაჰყვე მას!

სანამ მმართველი პარტიის შიშებსა თუ მოლოდინებზე ვისაუბრებთ, მანამდე გადავხედოთ, როგორი იქნება თავად გიორგი გახარიას გზავნილები, რას ეტყვის ის ამომრჩეველს. მისი საპარლამენტო გუნდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ექსპრემიერი ძველ გზას არ აირჩევს.

გიორგი გახარია არც ნინო ბურჯანაძეს დაემსგავსება, არც ირაკლი ოქრუაშვილს, არც ეკა ბესელიას და არც გიორგი კვირიკაშვილს. ისინი საკუთარ პოლიტიკურ ბოსებს სხვადასხვა მიზეზით დაუპირისპირდნენ. ბურჯანაძე იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო სიაში საკუთარი ხალხის შეყვანის უფლება არ მისცა; ირაკლი ოქრუაშვილი იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩამოართვა; ეკა ბესელია იმიტომ, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენა; გიორგი კვირიკაშვილი კი იმიტომ, რომ ანაკლიის პროექტი ჩააფლავა და მის გუნდში კორუფციის სერიოზული ნიშნები გაჩნდა. ჰოდა, მათგან ზოგმა სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო ჩვენებების მიცემა, ზოგმა კი - ივანიშვილის ვერა, მაგრამ „ქართული ოცნების“ პოლიტელიტის. ბურჯანაძემ გვითხრა, რომ სააკაშვილი დიქტატორია; ოქრუაშვილმა: პოლიტიკური მკვლელიაო, პატარკაციშვილის გასაღება უნდოდაო. ბესელიამ გვითხრა, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და კლანი მართავს; კვირიკაშვილი რასაც ამბობდა, საკუთარ „ფბ“-ზე პოსტავდა და შემდეგ შლიდა, ამიტომაც ძნელია, მის შესახებ რაიმე დასკვნის გამოტანა. მოკლედ, ამ აბლაბუდას რომ არ შევყვეთ, გახარიას ისტორიას დავუბრუნდები. 

გახარიას ურჩევენ, ოპოზიცია სკანდალური ისტორიებით მოამარაგოს და ელექტორატი დაშოკოს, თუ ოპოზიციის რიგებში ჩაწერა სურს. მაგალითად, გუბაზ სანიკიძემ ამ პროცესს, რომელიც თავადაც გაიარა, პოლიტიკური განსაწმენდელი უწოდა. ისიც სკანდალური ამბების მოყოლით განიწმინდა და კიევში სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდა. 

90-იანი წლის თაობა პოლიტიკაში რატომღაც ურყევად მიიჩნევს, რომ ისინი წყვეტენ, ვინ არის ოპოზიცია და ვინ - არა, და არა ელექტორატი. ასე მაგალითად, ერთ დღესაც გიგა ბოკერიამ, როცა ის არ დაეთანხმა პარლამენტში შესვლის შესახებ ალეკო ელისაშვილის პოზიციას, ეს უკანასკნელი ოპოზიციიდან გარიცხა. სასაცილოდ ჩანს, მაგრამ ასე სწამთ. ქუჩის რამდენიმე რადიკალი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვინც მათს რადიკალიზმს არ იზიარებს, უნდა დაისაჯოს. შუასაუკუნეების „კუდიანებზე ნადირობის“ რიტუალებით არიან ახლა რადიკალები დაკავებულები. თუმცა ეს კიდევ სხვა ისტორიაა. 

მაგრამ გახარიასთვის პოლიტიკური განსაწმენდელი გაუგებარი ცნება უნდა იყოს. საკმარისია მან საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზია მოახდინოს, რომ მაშინვე ოქრუაშვილი, სანიკიძე ან ბესელია გახდება. ერთ რიგით რადიკალად გადაიქცევა. მართალია, გიორგი გახარიამ ერთხელ ქუჩა ერთი სიტყვით გააჩუმა (ეს მაშინ მოხდა, როცა გახარიას შს მინისტრობის დროს თბილისის ღამის კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ - სპეცოპერაცია ჩატარდა და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო), მაგრამ, მიუხედავად ამ პრეცედენტისა, ექსპრემიერი მაინც არ არის ის ფიგურა, ვინც ქუჩას აიყვანს. შესაბამისად, რადიკალები მას მხოლოდ გამოიყენებენ და გადააგდებენ, ისევე როგორც... თუმცა, ახლა არც ამ სევდიან და ზოგისთვის ტრაგიკულ ისტორიას შევყვები.

გიორგი გახარიამ სხვა გზა აირჩია. როგორც ჩანს, ის არ აპირებს წარსულის რევიზიას. და მართალიცაა. ის ვერ დაემსგავსება ეკა ბესელიას. როცა თავის თავს ჰგავდა, „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რეიტინგული ფიგურა იყო. გამოდის რომ, გახარია ამომრჩეველს სწორედ მისი პოზიციებით მოსწონდა. 20 ივნისის შემდეგ მას საპარლამენტო არჩევნებში დაუჭირეს მხარი. 

ასე რომ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ვერტიკალიდან წასული, მაგრამ პოლიტიკაში დარჩენილი ფიგურა პოლიტიკურ განსაწმენდელზე უარს ამბობს. საქართველოში ჯერ მაინც მიიჩნევა, რომ თუ ოპოზიცია ხარ, აუცილებლად მუშტები უნდა იქნიო და ვიღაცას თავში ურტყა. როგორც წესი, ელექტორატის თვალში კონკურენტების დისკრედიტაციას ახდენენ და თითქმის არაფერს ამბობენ საკუთარ პროგრამაზე, თავად რას, როგორ და რისთვის შეცვლიან. 
სავარაუდოდ, ოპოზიციაში გახარია ახალი სტილით მოთამაშე ფიგურა იქნება. ისეთივე, როგორც ლევან იოსელიანი ან „გირჩები“ არიან. მათი მიზანი რადიკალების და რადიკალური თამაშის წესების ჩანაცვლება იქნება.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, გიორგი გახარია მათთვის ერთდროულად მაშველი რგოლიცაა და სახიფათო ფიგურაც. მაშველი იმიტომ, რომ პარლამენტში ძლიერი ზომიერები გაჩნდებიან და ხელოვნურ კრიზისზე აწყობილი რადიკალების გეგმები ჩამოიშლება, რისკიანი კი იმიტომ, რომ შესაძლოა, ელექტორატმა ეს პროცესი მმართველი გუნდის დაშლის დასაწყისად აღიქვას.   

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი