სტატიები
მორიგი მაჩო პოლიტიკაში, რიგითი სასარგებლო იდიოტი თუ ნათელი თავის (ჯერ მხოლოდ) ფიგურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2071 24 მარტი 2021, 17:09

ქეთი ხატიაშვილი

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სათამაშოა. უთხრა, გადადექი, ოპოზიციაში პაიკები მიჭირს, სივრცე არ მყოფნის მანევრისთვისო და ისიც ვერტიკალიდან წავიდა, რომ ოპოზიციაში მოვიდეს. 

გიორგი გახარია რუსეთის მონა/მარიონეტია. ბიძინა ივანიშვილმა პუტინი გადააგდო, ჰოდა, ახლა კრემლი მასზე შურს იძიებს.

გიორგი გახარია წავიდა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ირაკლი კობახიძის უფროსობა ვერ აიტანა...

თქვენ სხვა ვერსიაც შეიძლება გქონდეთ. ეს ხომ საქართველოა, აქ ფანტაზიას ყოველთვის დიდი გასაქანი აქვს. 

რაც არ უნდა ყოფილიყო, გადადგომისთანავე ცხადი იყო, რომ ის დაბრუნებას მოინდომებდა. მას არ უთქვამს, რომ პოლიტიკასაც ტოვებს; რომ სახლში მიდის და დასვენებას აპირებს.
პოლიტიკაში დარჩენის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა და მიზეზიც თქვა, პოლარიზაცია უნდა დასრულდესო. მაგრამ რა იგულისხმება ამ ფრაზაში? რით ან როგორ აპირებს ის პოლარიზაციის დასრულებას?

რადიკალიზმის რადიკალიზმით დამთრგუნველი იქნება თუ რადიკალიზმის ზომიერებით დამთრგუნველი? მაჩო, სასარგებლო იდიოტი თუ პოლიტიკური ფიგურა? ის ერთია, მაგრამ სამი არჩევანი აქვს.

შევარდნაძის დროს პოლიტიკაში მაჩოს როლს კახა თარგამაძე თამაშობდა, რომელიც შს მინისტრი იყო და ირონიულად „რკინის კაცი“ შეარქვეს. მიშა სააკაშვილის დროს - ირაკლი ოქრუაშვილი. ისიც შს მინისტრი იყო. გამოირჩეოდა აგრესიულობითა და რადიკალიზმით. „ქართული ოცნების“ მაჩო კი შესაძლოა, გიორგი გახარია გახდეს. 

ახლა მისგან „ქართული ოცნების“ სამზარეულოს გაშიფვრას ითხოვენ. არა, არც იმდენად მეამიტები არიან ოპოზიციაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ან პროცედურებზე იმსჯელონ. მათ სჭირდებათ სკანდალები, სენსაციები, ისეთი, მმართველ ძალას რომ ჩამოანგრევს. ოქრუაშვილმა რომ თქვა ერთხელ, სააკაშვილმა დამიკვეთა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაო; თქვა, რომ პრემიერ ზურაბ ჟვანიას ცხედარი სახლიდან ჯერ გაიტანეს, შემდეგ კი უკან დააბრუნესო. მაგრამ რა შეიძლება თქვას გახარიამ? 
ოპოზიცია მისგან 20 ივნისის დარბევის დეტალებს ითხოვს. უბრალო დეტალებს არა, საიდუმლო დეტალებს, რაიმე ისეთს, რაც მმართველი ძალის სისასტიკეს დაადასტურებს; რაც დაადასტურებს, როგორ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ გავრილოვი და ახალგაზრდებს მიტინგზე თვალები შეგნებულად დასთხარა. კი დიდი სისულელე და ბოდვაა, მაგრამ ოპოზიცია მას მაინც იყიდის და შემდეგ ამომრჩეველზეც გაყიდის. 

ოპოზიცია ახლა ცდილობს, „ქართული ოცნება“ ვერტიკალს ჩამოაცილოს, ისე რომ ხელისუფლება „ქუჩაში ეგდოს“ და მერე მის დასაპატრონებლად ახალი, აგრესიული, რადიკალური და დამქანცველი ბრძოლა დაიწყოს. სად იქნება მაჩო გახარია? რა თქმა უნდა, ვერტიკალზე - ეს მისი პასუხია. თუმცა, ზურაბ ჟვანია იყო ერთადერთი, ვინც ვერტიკალიდან ოპოზიციაში გადავიდა და ოპოზიციიდან ისევ ვერტიკალზე დაბრუნდა, თანაც ტოპპოზიციებზე.

კახა თარგამაძესაც ეგონა, ირაკლი ოქრუაშვილიც ფიქრობდა და ახლა შესაძლოა, გიორგი გახარიამაც ზუსტად იცის, რომ დაბრუნდება. როგორც, სხვათა შორის, პრემიერ ზურაბ ნოღაიდელს ეგონა გადაყენების შემდეგ, რომ მის გარეშე პოლიტიკის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა. დიახ, მან ზუსტად ეს ფრაზა თქვა. 

პოლიტიკაში ჯობია მაჩო არ იყო, არ გეგონოს, რომ თითოეული ამომრჩეველი მხოლოდ შენ გიყურებს, შენზე ოცნებობს და შენ გამოგყვება. 

არიან სასარგებლო იდიოტებიც. მათი ამოცანა პოლიტიკურ ველზე დარჩენა და გადარჩენაა. ეს ეკა ბესელიას კლასტერია. იმდენად შებღალული იმიჯი აქვთ, რომ მათთან გვერდით ყოფნა არავის სურს, სამაგიეროდ, დიდი ინტერესითა და აზარტითაც კი უსმენენ მათს ჭორაობას. გახარია თითქოს არ ჩანს ამდენად გოიმი.

თუმცა, შეიძლება გოიმი არ იყო, მაგრამ სასარგებლო იდიოტის როლში მაინც აღმოჩნდე. აქ ყველაფერი კიდევ უფრო მარტივია. გიორგი გახარია პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის ჯერ მხოლოდ ძლიერი ფიგურაა, რომელიც გარკვეულ მოლოდინებს აჩენს. მისი მთავარი გამოწვევა და სუსტი წერტილი არის გუნდი და იქნება პარტიული მუშაობა. ყოფილ პრემიერს გამოცდილება არც ერთში აქვს და არც მეორეში. 

მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი იყო პირველი, ვინც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ დიდი აქცია გამართა მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის წინააღმდეგ. მაგრამ მან ვერცერთ გამოწვევას ვერ უპასუხა, საბოლოოდ ქუჩის პოლიტიკოსებს შორის მოხვდა და ჩაიკარგა კიდეც. 

რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკის ლაბირინთებში დაკარგვის რისკი გიორგი გახარიასაც აქვს.

დაბოლოს, რა შანსები აქვს გიორგი გახარიას, ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ ფიგურად. ითამაშოს ახალი პოლიტიკური თამაშის წესებით და ოპოზიციაში, რადიკალიზმის გარდა, სხვა არჩევანიც გააჩინოს. ეს პოლიტიკაში ზომიერებაა. 

ასეა თუ ისე, გიორგი გახარიამ უნდა იცოდეს რომ პოლიტიკაში ყოველი ნაბიჯი საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით პირველი ნაბიჯი, რომელიც მის მომავალსაც განსაზღვრავს. ვნახავთ, მან თავისი ვარსკვლავური საათის ყოველი წუთი უკვე იცხოვრა, თუ კიდევ აქვს შანსი აიღოს იღბლიანი ბილეთი.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი