სტატიები
ზაზუნას დღესასწაულში ჩარჩენილი ქუჩის პოლიტიკოსები - 24 წელი და 24 საათი ოპოზიციის ცხოვრებიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2184 03 მარტი 2021, 11:04

ქეთი ხატიაშვილი

პირველი კონფლიქტი მაშინ გაჩნდა, როცა ოპოზიციაში გადასულმა მმართველმა ძალამ იმ ფიგურებთან ერთად დაიწყო პოლიტიკაში თამაშების აწყობა, ვისაც ვერტიკალიდან ან ჩარეცხილებს ეძახდა, ან ბნელებს, ან რუსეთის აგენტებს. 

მეორე მაშინ, როცა ქუჩაში ისევ კარვები გაშალეს და ისევ კასრებში დაანთეს ცეცხლი.

მესამე მაშინ, როცა დავინახე, რამდენად აგდებული დამოკიდებულება აქვს მას საზოგადოების მიმართ.

მივყვეთ თანმიმდევრობით:

პირველი: ვერაფრით ავხსენი, რატომ მოჩანდნენ, მაგალითად, ნათელაშვილი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ძმები ბერძენიშვილები, გუბაზ სანიკიძე და კიდევ ბევრი სხვა ნაციონალური ვერტიკალიდან რუსეთის აგენტებად, სახელმწიფო გადამტრიალებლებად, ნაციონალური ოპოზიციიდან კი - ეროვნულ გმირებად და პატრიოტებად.

რა შეიცვალა? ნათელაშვილი პროდასავლურ ღირებულებებს ეზიარა და პოლიტიკით ფულს აღარ აკეთებს? თუ ახლა მას მუსიკას ნაციონალები უკვეთენ და ის, ისევ რუსულად ვიტყვი, „სტალ სვოიმ ჩელოვეკომ“? 

როგორ გამოისყიდა საკუთარი დანაშაული ირაკლი ოქრუაშვილმა? მას ხომ საიდუმლო დოკუმენტების კრემლისთვის გადაცემა ედებოდა ბრალად? მოგვიანებით კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც?

ან ეს ხომ ისევ ის ნინო ბურჯანაძეა, ვინც პუტინის გვერდით გამოჩნდა და პუტინის მეგობრად მოინათლა?

ლევან ბერძენიშვილს პოლიტიკური ცოდვებისთვის ბოდიში მიხეილ სააკაშვილმა პირადად მოუხადა; ირაკლი ოქრუაშვილს სახლში თავად ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეწვია; ბურჯანაძე კი „ჩაო ბელადან“ ქალბატონ ნინოდ იქცა. 

მეორე: ისევ ქუჩის აქციები, ისევ კასრები, ისევ ყვირილი, ისევ რადიკალიზმი... ძველი მეთოდები, ძველი სახეები, ძველი ლოზუნგები და ამბიციებიც ძველი...

ეროვნული მოძრაობა ყველასთვის გასაგები იყო, ყველასთვის სასურველი და მისაღები. ეს გზა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკამ გაიარა, რუსეთმაც კი. მაგრამ გაიარა, ისტორიის ეს ფურცელი სხვებმა უკვე დიდი ხნის წინ გადაფურცლეს. ჩვენ კი მას ისევ და ისევ ვუბრუნდებით იმისთვის, რომ ისევ და ისევ თავიდან და თავიდან გადავფურცლოთ.
ყველაფერი ისეა, როგორც ფილმში „ზაზუნას დღე“. ოპოზიციის ყველა კალენდარზე ქუჩის აქციები, კარვები, რუსთაველის გადაკეტვა და ლოზუნგების რახარუხია. ახალი დღე არასოდეს დგება, ყველაფერი იგივე, უკვე ნანახი, კარგად მოსმენილი, ყელში ამოსული და უკვე უინტერესოც კი. 


ახლაც „ზაზუნას დღეა“. ასეა გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული. არაფერი იცვლება. რუსთაველის გადაკეტვა გამარჯვებად აღიქმება, კარვის დადგმა - თავისუფლების მოპოვებად, კასრებში ცეცხლის დანთება - ძალად, შენობებზე წარწერების გაკეთება ან ყვირილი და კივილი - გავლენად. მოკლედ, ეს ერთი დიდი მახინჯი რიტუალია. 

მესამე: მეუბნებიან, რომ მე, როგორც ამომრჩეველი, მნიშვნელოვანი ვარ; რომ ემსახურებიან საზოგადოებას და მათ ინტერესებს და დაკვეთას ასრულებენ. მაგრამ ყოველთვის, როცა მათ პირად ინტერესებსა და თუ ამბიციებს დასჭირდა, მე გვერდით გამწიეს. ასე მოხდა, როცა აიტეხეს, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხალხის დავალებაა და ქუჩაში იმიტომ ვდგავართო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ 90-იანი წლების კრიმინალი გიორგი რურუა უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათთვის, ვიდრე ამომრჩეველი. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არ არის, როცა საზოგადოების ინტერესი პირად ამბიციებს შესწირეს.

ასე მოხდა მაშინ, როცა დაიშალნენ; მაშინ, როცა ვერ გაერთიანდნენ; მაშინ, როცა განახლება ვერ შეძლეს; მაშინ, როცა იმ ფიგურებს შეეკვრნენ, ადრე აგენტებსა და ქვეყნის მტრებს რომ ეძახდნენ.

ახლაც ასე ხდება, მუდმივად გვეპატიჟებიან „ზაზუნას დღეზე“, რომ იწინასწარმეტყველონ, როგორი წელი იქნება, მაგრამ ჩვენს კალენდარზე უკვე ახალი დღეა. და ჩვენ უკვე რეალური ცვლილებები გვჭირდება. „ზაზუნას დღის“ ნახვას აღარ ვაპირებთ. 

ოპოზიცია უნდობლობასაც იწვევს, თანაც უკვე დიდი ხანია. მაგალითისთვის ავიღოთ ერთი 24 საათი ოპოზიციის ცხოვრებიდან. ამ დროში მათ რამდენჯერმე რადიკალურად შეცვალეს პოზიცია. ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დიალოგის მაგიდას მიუსხდნენ და მოლაპარაკებების პირობა დადეს, 10 საათში პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს, სამ საათში შალვა ნათელაშვილის ეზოში ჩამოსხდნენ, ორ საათში დაგეგმილ და დროში გაწერილ პიკეტირებაზე უარი თქვეს. ალტერნატიულ გეგმაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. ზოგს ისევ ქუჩა უნდა, ზოგს - მხოლოდ მსვლელობა, ზოგს - მხოლოდ დიალოგი. არც გეგმა აქვთ, არც სტრატეგია.


ისე, თითქოს ერთადერთი, რაც ზუსტად იციან, ეს ვერტიკალზე დაბრუნების სურვილია. როგორ? როგორც გამოვა. თანაც პრეტენზიული ტონით მოითხოვენ ხალხისგან, ის აკეთონ, ისე იფიქრონ და იმოქმედონ, როგორც თავად სურთ. თუმცა, ეს კრებსითი „თავადაც“ ვერ შეიკრა. თითოეულს ისე წარმოუდგენია, როგორც პირადად აწყობს. და ეს, „ზაზუნას დღის“  გარდა, კიდევ ერთი მიზანია, რატომ არ დადის ხალხი აქციებზე. რატომ ეუბნება ამომრჩეველი მათ უარს და რატომ არ ჰყოფნით მათ გამარჯვებისთვის ძალა.

ხომ გვყავდა წითელი ინტელიგენცია, რომელსაც რეალური პრივილეგიები და თავისებური გავლენები ჰქონდა, ჰოდა ახლა ქუჩის პოლიტიკოსები, - რომლებიც ქუჩაში დაიბადნენ და ამიტომაც კრიტიკულ მომენტში ყოველთვის საწყის მდგომარეობას, ანუ ისევ ქუჩას უბრუნდებიან, როგორც ადამიანი უბრუნდება მუცლადყოფნის საწყის პოზას, - ჩამოყალიბდნენ წითელ კასტად. ისინი გაიძულებენ, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, როცა აწყობთ, მოღალატედ მიიღო, როცა აწყობთ - გმირად; როცა აწყობთ - ქუჩაში დადგე, როცა აწყობთ - სახლში შეხვიდე; როცა აწყობთ - იყვირო, როცა აწყობთ - დადუმდე. 

სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველას, ვინც „ზაზუნას დღის“ დღესასწაულს აწყობს, ერთი სახე აქვს და ერთი ვინაობა. ახლაც დგანან და ელოდებიან, როდის გამოვა ზაზუნა სოროდან და ვერტიკალზე მათი დაბრუნების თარიღს დაასახელებს. სასწაულივით ელიან მის გამობრძანებას. მის როლში კი ხან ბაიდენი ჰყავთ, ხან - გაზაფხული და ხან - ევროპა. თუ გაჭირდა და რიტუალს დასჭირდა, არც რუსეთზე იტყვიან უარს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი