სტატიები
არჩევნებიდან რევოლუციამდე პაუზა იზრდება - რადიკალიზმი იკლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1043 12 თებერვალი 2021, 22:52

ქეთი ხატიაშვილი

საბედისწერო შეცდომა, საბედისწერო მარცხი და საბედისწერო ფინალი - ისე ჩანს, ძველი თაობა პოლიტიკას ტოვებს. მათ გარშემო მოვლენები დრამატულად ვითარდება, თუმცა ცდილობენ, ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნონ. ოპტიმიზმის გარდა, მათ ერთმანეთის გამხნევებაც ისწავლეს. ეს უკვე რაღაც საიდუმლო რიტუალს ჰგავს. თითქოს ლოჟა აქვთ მოწყობილი ერთმანეთის პარტიულ ოფისებში. დანარჩენი უკვე ათას ერთ პოლიტიკურ ღამეს ემსგავსება. იკრიბებიან და ელიან რაღაც ისეთს, რაც რევოლუციას შექმნის. და მერე ისინი კვლავაც გავლენიან და ძალაუფლების მქონე ფიგურებად გადაიქცევიან.

მაგრამ რა შეიძლება ეს რაღაც იყოს? აქ უკვე ყველაფერი მართლაც ათას ერთი ღამის ტრადიციებშია. ათას ერთი რამ შეიძლება მოხდეს. როცა ვერტიკალზე გინდა დაბრუნება, როგორც ჩანს, ფანტაზიას საზღვრები ვეღარ იჭერს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გუბაზ სანიკიძემ გიორგი გახარია და კახა კალაძე ოპოზიციაში მიიპატიჟა. მოდით და ისტორია შექმენითო. ამით რადიკალებმა მხოლოდ საკუთარ უსუსურობას გაუსვეს ხაზი.  
თუმცა, ამ ილუზიას მაინც ჩაებღაუჭნენ და ახლა, როცა არჩევნების გაყალბებას ვერ ამტკიცებენ, სურთ, დაამტკიცონ, რომ გახარია კალაძეს ერჩის, კალაძე - გახარიას, ორივე ერთად კობახიძეს ვერ იტანს, ეს უკანასკნელი კი, საერთოდაც, გზიდან ყველას ჩამოცილებას ცდილობს. 

რეალურად კი, არჩევნებიდან რევოლუციამდე პაუზა დამანგრეველი სწორედ ოპოზიციისთვის აღმოჩნდა - ისინი თვითგადარჩენის ნაცვლად თვითგანადგურების ფაზაში შევიდნენ. თავად განსაჯეთ: ბოიკოტის თემამ არა უბრალოდ ოპოზიციაში შეიტანა სერიოზული დისონანსი, არამედ პარტიებშიც. თუმცა ძველი თაობის ლიდერები მაინც პროცესის ქუჩაში გადატანას უჭერენ მხარს ჯიუტად.   

არადა, ამ მოჯადოებული წრიდან თითქოს ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა გამოვსულიყავით. სწორედ მაშინ, როცა პროდასავლური და რეფორმატორული იმიჯის მქონე პარტია ოპოზიციაში გადავიდა. იყო მოლოდინი, რომ ისინი პირობას შეასრულებდნენ. დავით ბაქრაძეს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში არაერთხელ უთქვამს: ჩვენ კონსტრუქციული ოპოზიცია ვიქნებით და მაგალითს მივცემთ სხვებს, როგორ უნდა იქცეოდეს ქვეყანაში ოპოზიცია.

მაგრამ დღეს უკვე ოპოზიციის რანგში მყოფ დავით ბაქრაძის იმ რეალობიდან სურს გაქცევა, რომელიც რადიკალებმა შექმნეს. და ის ერთადერთი არ არის, ვინც კარგად ხედავს, რომ რევოლუციური მუხტი არ არსებობს, არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ქაოსი არ იქმნება. პოლიტიკის კეთების საშუალებას კი მას რადიკალები არ აძლევენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ევროპული ვერტიკალი შექმნა და ვერც დასავლური ოპოზიცია. ისინი ხელისუფლებაში ქუჩის რადიკალიზმით მოვიდნენ და ქვეყანასაც რადიკალურ ტონალობაში მართავდნენ.

ამიტომაცაა, რომ პოლიტიკური ეშმაკის ბორბლიდან ვერ ჩამოვიდნენ - ისევ ქუჩაში დადგნენ. მათ შორის ისინიც, ვინც სააკაშვილის პოლიტიკურ კლასტერს გვიან შეუერთდნენ. თითქოს პოლიტიკურ ფიგურებად ჩამოყალიბების შანსი მათ მეტად ჰქონდათ, თუმცა უპირატესობა მაინც ქუჩას მიანიჭეს. მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ. 

აზროვნების ნეგატიური მოდელი ოპოზიციაში ჯერ ისევ მოდაშია. რატომღაც მიიჩნევა, რომ ვერტიკალზე მოხვედრის შანსი მხოლოდ მას აქვს, ვინც ქუჩას აკონტროლებს.
არადა ეს ფორმულაც დიდი ილუზიაა. 

მოკლედ, გადავხედოთ ისტორიას.   

გამსახურდია ერთადერთი პრეზიდენტი იყო, ვისაც შეიარაღებული ოპოზიცია ჰყავდა. ედპ-ს, შეიარაღებასთან ერთად, არსენალში რადიკალიზმის მთელი მარაგებიც ჰქონდა. გია ჭანტურიამ ჯერ არჩევნებს გამოუცხადა ბოიკოტი, შემდეგ კი - დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს.

რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდია გამოუცდელი იყო, ის არ გახლდათ პოლიტიკოსი. მას მხოლოდ ნათელი იდეა ჰქონდა. იდეა, რომლის გარშემოც მაშინ მთელი საქართველო გაერთიანდა. გია ჭანტურიამ კი თავი პოლიტიკური პროცესის მიღმა იგრძნო - არადა მან თავად ჩააგდო ამ მდგომარეობაში საკუთარი პარტია. შეცდომა თავად დაუშვა, თუმცა შური გამსახურდიაზე იძია. 

და მოხდა ის, რაც ლოგიკურად უნდა მომხდარიყო: როცა  პოლიტიკოსებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, გზაზე შეიარაღებული ბანდფორმირებები გამოჩნდნენ. მაგალითად, თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი. 

კონფლიქტში ჩართული არცერთი მხარე არ გადარჩა. და ამ გამოცდილებიდან დასკვნები არცერთმა მხარემ არ გამოიტანა. მეტიც, ზვიადისტებმა თავად გააგრძელეს შევარდნაძის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხი. 

შევარდნაძეს როგორც პოლიტიკის კეთების, ისე მართვის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ამიტომაც შეძლო პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადატანა. მაგრამ ეს მხოლოდ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ მოხდა. თუმცა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან საერთო ენის გამონახვა კი მაინც ვერ შეძლო. 

სააკაშვილი ხელისუფლებაში ქუჩიდან მოვიდა. რეალურად კი, ეს შესაძლებელი არა იმდენად ქუჩამ გახადა, რამდენადაც შევარდნაძის უკომპრომისობამ. მან უარი თქვა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, თანაც იმ პირობით, რომ თავად პრეზიდენტად 2005 წლამდე დარჩებოდა. შესაძლოა, დაინახა, რომ სააკაშვილის რადიკალიზმის პირობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა. 

ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ სააკაშვილი მესამედ ცდილობს ქუჩის კარტის გათამაშებას. პირველად, 2016 წელს, სათამაშო მოედანზე გიგა ბოკერია გამოიყვანა; მეორედ, 2018 წელს - გრიგოლ ვაშაძე. ახლა ნიკა მელიას ჯერია.

არჩევანი ახლა მან უნდა გააკეთოს. ბოკერიამ მიშა გადააგდო, ვაშაძე - პარტიამ და ჯერ არავინ იცის, მელია პოლიტიკის კარიერაზე შედგამს ფეხს თუ ქუჩის მტვერში გაგორდება.

ყოველ შემთხვევაში, რადიკალიზმის ისტორია ნათლად გვიჩვენებს პოლიტიკური პროცესების ისტორიასაც. ზვიად გამსახურდია რადიკალიზმმა მოკლა. თუმცა, გავიდა 30 წელი და განვითარებამ თავად მოკლა რადიკალიზმი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი