სტატიები
ხელისუფლებას არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის უმტკივნეულო გამოსავალი დავუტოვეთ - ანზორ ბიწაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4437 29 ნოემბერი 2019, 15:07

„თუ ხელისუფლება კანონმდებლობას არ შეცვლის მაშინ შეიძლება მან პოლიტიკური სპექტრი სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე დააყენოს: ან სახე შეინარჩუნოს, ან გარკვეულ სცენარს გაჰყვეს“, აცხადებს „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე და ხელისუფლებას გაერთიანებული ოპოზიციის წინადადების განხილვის დაწყებას სთავაზობს. მისი აზრით, ეს ერთადერთი გამოსავალია არსებული სიტუაციიდან და  ქვეყანას ჩიხში შესვლასაც ააცილებს.  

- რადიკალიზმის გზა ჩვენ არაერთხელ გავიარეთ. ეს ემოციურადაც და პოლიტიკურადაც ძალიან მძიმე არჩევანია. თუმცა, ამ მიმართულებით გვაქვს ერთი ტრადიციული პრობლემა - პოლიტიკურ ძალებს რადიკალიზმისკენ, ზოგჯერ გამიზნულად და ზოგჯერ შეცდომებიდან გამომდინარე, ყოველთვის ხელისუფლება უბიძგებს.  

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გამოცხადების შემდეგ, იმედიანად ვიყავი განწყობილი, გარდა იმისა რომ პარლამენტში უფრო მეტი მანდატით შეგვეძლო შესვლა, იმედი მქონდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ვისაც ოდნავი წონა მაინც აქვს, პარლამენტში მოხვდებოდა და პოლიტიკური პროცესი მთლიანად პარლამენტის კედლებში გადავიდოდა. ამ დროს, რადიკალურ ნაბიჯებს აღარც მორალური და აღარც პოლიტიკური გამართლება აღარ აქვს, იმიტომ, რომ შენ წარდგენილი ხარ პარლამენტში და თუ რაიმე კომპეტენცია გაგაჩნია, თუ რაიმე შეგიძლია შემატო სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს უნდა გააკეთო პარლამეტში. ამიტომაც, ძალიანაც რომ ნდომებოდათ პარტიებს პროცესების ქუჩაში გადატანა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათ ამის საშუალებას უსპობდა. 

რა თქმა უნდა, დიალოგის მომხრე ვართ, არავის უხარია პიკეტირება, ქუჩის აქციები. კარგი იქნება თუ ხელისუფლება დიალოგის რეჟიმში დააბრუნებს პროცესებს

2009 წელს, ექვსიანის და რვიანის დაშლამ გამოიწვია აქციები, როდესაც სამი თვე თბილისი პარალიზებული იყო. რადენიმე სახელმწიფო უწყება იყო პიკეტირებული და საერთოდ არ მუშაობდა. დაახლოებით იგივე კალაპოტში შეაგდო ახლა ხელისუფლებამ ეს პროცესი. 

მიუხედავად ამისა, გერმანული მოდელის შეთავაზება პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. ამით, ხელისუფლებას  არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის უმტკივნეულო გამოსავალი დავუტოვეთ. ეს არის უკანასკნელი შანსი რომ პროცესები რადიკალიზმისკენ არ წავიდეს. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგის მომხრე ვართ, არავის უხარია პიკეტირება, ქუჩის აქციები. კარგი იქნება თუ ხელისუფლება დიალოგის რეჟიმში დააბრუნებს პროცესებს. 

_ ოპოზიცია აცხადებს, რომ მორალური უპირატესობა მათ მხარეს არის. ასეა, თუკი პროცესების საწყის წერტილად კენჭისყრაზე საკითხის ჩავარდნას ავიღებთ. მაგრამ პროცესი ხომ არ წერტილიდან არ დაწყებულა?. ივანიშვილმა ეს ინიციატივა დააანონსა და ამით პოლიტიკურ პარტიებს მან შესთავაზა პოლიტიკური პროცესი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც რევოლუციური სცენარით მიდიოდა... ეს აძლევდა უმრავლესობას, თქვენი აზრით, მორალურ უფლებას ჩაეგდო თავისივე ინიცირებული პროექტი? როგორც ჩანს, ივანიშვილმა დაინახა, რომ პოლიტიკურ პროცესს ოპოზიცია მაინც რევოლუციას უპირისპირებდა. 

_ ხელისუფლება კიდევ ერთ შეცდომას უშვებს. მიშას დროს იყო ასეთი განწყობა: მე ვებრძვი რუსეთს და ამ ბრძოლაში ვინც ჩემი მომხრე არ არის, ყველა რუსეთის მონაა. მაშინ ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანი რუსეთის მონა იყო. დღეს ხელისუფლება ასეთივე დღის წესრიგს გვთავაზობს: მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მტერი და ყველა, ვინც ჩემს წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ან ნამსხვრევია. 

როცა ხელისუფლებამ, პოლიტიკური პროცესის სახით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შემოგვთავაზა,  ჩვენ ქუჩის დემონსტრაციებისკენ არც კი გაგვიხედავს. აქციები, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, სამი თვე გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ არ გავსულვართ ქუჩაში. აქციებში არანაირი ფორმით მონაწილეობა არ მიგვიღია. 

ეს არის უკანასკნელი შანსი რომ პროცესები რადიკალიზმისკენ არ წავიდეს
ანზორ ბიწაძე
პოლიტიკოსი
 

როცა ხელისუფლებამ, მაჟორიტარების ამბოხების ინსცენირების საშუალებით, პოლიტიკური პროცესი მოკლა, გადავედით აქციების რეჟიმში, თუმცა, რადიკალიზმზე ჩვენ არ წავსულვართ. 

გასაგებია, რომ ხელისუფლება შეიძლება თვლიდეს, რომ ნაციონალები მაინც თავის დღის წესრიგს მიუყვებოდნენ, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, ეს შეთავაზება ხომ ყველასთვის გაკეთდა და არა ნაციონალებისთვის? 

ასე რომ, გამართლებად ეს არგუმენტი ვერ გამოდგება. ივანიშვილი ვერ იტყვის: მე კი დაგიანონსეთ საკონსტიტუციო ცვლილება, მაგრამ ნაციონალები ცუდად იქცეოდნენ და უკან წავიღე პირობაო. გასაგებია, რომ ისე არ იქცეოდნენ, როგორც ეს ხელისუფლებას სურდა, მაგრამ სანამ ისინი ორპოლუსიანობისკენ მიდიან,  არსებობს საშიშროება, რომ პროცესები კონტროლიდან გავიდეს. სააკაშვილიც ასე მართავდა:  ვარ მე და დანარჩენები - რუსეთის მონები. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა: ვარ მე და დანარჩენი ყველა ნაციონალი ან მისი სატელიტია. 

_ რადიკალური მეთოდებით ხელისუფლებაში ჯერ არავინ მოსულა. 

_ მთლად რბილ მეთოდებს ვერ დავარქმევთ იმას, რაც 2003 წელს გამოიყენეს. ბიძინა ივანიშვილის კოალიციაშიც, 2012 წელს, იყვნენ ის ადამიანები, ვინც ქუჩის აქციებში მონაწილეობას ღებულობდა. არ არის აუცილებელი ისტორიების განმეორება, მაგრამ თუ კიდევ გადავა ხელისუფლება ზღვარს, არ არის გამორიცხული, მართლა რადიკალები მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ეს ორპოლუსიანი სისტემის კვება ბოლოს შეიძლება დასრულდეს კოლაფსით  და მართლა რადიკალებმა აიღონ ხელში ძალაუფლება. ასე რომ, ამდენი ხანი ცეცხლთან თამაშს არ ვურჩევდი ხელისუფლებას. გამოსავალი შეთავაზებულია - გერმანული ვარიანტი და ის მიღებული უნდა იქნეს.  


მთლიანად მტრის ხატზეა აგებული იდეოლოგი და მტრის ხატზე აგებული პიარი,  ფაქტია, რომ ახლა ისე აღარ მუშაობს, როგორც ორი წლის უკან, და მომავალში საერთოდ აღარ იმუშავებს. ვერც მე და ვერც ბევრ სხვას ვერავინ დააბრალებს ნაციონალობას, მაგრამ ჩართული ვარ ამ პროცესში. 

_ არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, ნაციონალებს შემოხაზავთ თუ „ქართულ ოცნებას“??

_ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, არჩევანი მრავალფეროვანი იქნება. „ქართული ოცნება“ ცოტა ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს. მათ  გარკვეული ნაწილს,  ყველას არა,  საფრთხეების ესმით. ჩვენ დღეს მივიღეთ არა ორი პოლუსი „ნაციონლური მოძრაობა და „ქართული ოცნება“,  არამედ, დღეის მდგომარეობით, სიტუაცია ასეთია: ყველა სხვა დანარჩენი და „ქართული ოცნება“. 

_ მაგრამ პარლამენტში დაფიქსირდა კიდევ ერთი ფორმულა: „ყველა ორის წინააღმდეგ“. 

_ პარლამენტში ეს ფორმულა ერთი განცხადების საფუძველზე დაფიქსირდა   და ჯერ არსად გაფორმებულა. ახლა გვაქვს ჩვენ ორი პოლიტიკური მაგიდა:  ერთთან სხედან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები,  მეორესთან, ყველა სხვა დანარჩენი პარტიები და მათ ნახევარს ნაციონალობას „ოცნების“ ტროლებიც კი, ვერ აბრალებენ.  

_ ჩემს კითხვას რომ მივუბრუნდე, არჩევანის წინაშე რომ დადგე ნაცები თუ ქოცები?

_ ასეთი არჩევანის წინაშე არასოდეს დავდგები. ჩემი ერთადერთი არჩევანი „ერთიანი საქართველოა“. თუ ჩვენ ამომრჩეველს 5-იანის ან 41-ის გარდა სხვა ვერაფერი შევთავაზეთ, მაშინ  საერთოდ რა გვინდა პოლიტიკაში?

მთავარი ამოცაანაა ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება და გერმანული მოდელის მიღება

_ თქვენთვის  რომელი ფორმულაა მისაღები „ერთი ყველას წინააღდეგ“ თუ „ყველა ორის წინააღმდეგ“?

_ არანაირი ფორმულა ჩემთვის მისაღები არ არის თუ ნათელი არ იქნება ეს ფორმულა რითი დასრულდება. ასეთ ჰიპოტეტურ ფორმულებზე საუბარს ახლა არანაირი აზრი არა აქვს. ვისაც უნდა ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა, ოპოზიციის ერთობა უნდა შეინარჩუნოს. 

ხელისუფლებას უნდა შევაგნებინოთ რომ გერმანული მოდელი მიიღოს. ეს უნდა გააკეთოს იმან, ვისაც ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა სურს და სხვა ფორმულები „ყველა ერთის წინააღმდეგ“ „ყველა ორის წინააღმდეგ“, სამი მუშკეტერი, დარტანიანი და ეგეთი რაღაცეები უკვე მოძველებულია.

ვიმეორებ: მთავარი ამოცაანაა  ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება და გერმანული მოდელის მიღება. 

_  „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი და ეს რესურსი თავად ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებია,  ოპოზიციის ერთადერთი რესურსი ამ დაპირისპირებაში საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლაა? 

ვშიშობ, 2020 წელს ჩვენ გარანტირებულად გაყალბებულ და მახინჯი სისტემით ჩატარებულ არჩევნებს მივიღებთ, სწორედ ამის მეშინია

_ ბიძინა ივანიშვილმა ეს თავად  თქვა, არ  დაუმალავს, ინტერვიუში ნათლად თქვა, რომ ფული მარტო მე მაქვს  და ოპოზიციას რომ არა აქვს, იმიტომაა  სუსტიო. მაგრამ ოპოზიცია ყოველთვის ღარიბი იყო და ბოლოს ხელისუფლების კოლაფსით მთავრდებოდა ყველაფერი. 

ვშიშობ, 2020 წელს ჩვენ გარანტირებულად გაყალბებულ და მახინჯი სისტემით ჩატარებულ  არჩევნებს მივიღებთ, სწორედ ამის მეშინია. ამიტომ, მოვუწოდებ  ხელისუფლებას, რომ 2020-ის არჩევნებს არ მოჰყვეს ისეთი პროცესები, რომელსაც ვეღარც ოპოზიცია მართავს და ვეღარც ხელისუფლება. 

შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციის“ დროს სამეული გარემოებების გამო წავიდა იმ სცენარით, რა სცენარითაც წავიდნენ. თორემ, რევოლუცია წინასწარ არავის დაუგეგმავს. 

გადათვალეთ ბიულეტენები ან ხელახალი არჩევნები დანიშნეთო, -  ეს იყო მაშინ ოპოზიციის მოთხოვნა, მაგრამ სიტუაცია გარემოებებმა ისე წარმართა, რომ  მათ ან სახე უნდა დაეკარგათ ან რევოლუციური სცენარით უნდა წასულიყვნენ. რევოლუცია მაშინ წინასწარ არავის დაუგეგმავს. 

ასეთი არჩევანის წინაშე ოპოზიცია, შეიძლება, ისევ დადგეს. თუ ხელისუფლება კანონმდებლობას არ შეცვლის, მაშინ, შეიძლება, მან პოლიტიკური სპექტრი სწორედ ისეთი არჩევანის წინაშე დააყენოს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს დადგა.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი