„ანაკლიის პორტი კვლავაც ჩვენი პრიორიტეტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
„ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მან მთავრობისა და კონკრეტულად მისი სამინისტროს პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, სტრუქტურული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული მხოლოდ პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე, არამედ ხელს შეუწყობს პოტენციური ზრდის ამაღლებას, მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას, პანდემიის მიუხედავად, არ შეუჩერებია სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.
მინისტრობის კანდიდატმა აქცენტი გააკეთა პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებზე მუშაობასაც საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს. მათ შორის, პრაქტიკაში დაინერგება გადახდისუუნარობის ახალი სისტემა, რომელიც მეტ აქცენტს აკეთებს რეაბილიტაციასა და კრედიტორთა უფლებების დაცვაზე. ნათია თურნავას თქმით, კრედიტორთა სამართლიანი და ორგანიზებული დაკმაყოფილებისა და, პარალელურად, ბიზნესის გადარჩენის მიზნით, გადახდისუუნარობის ახალი სისტემა ქმედითად უზრუნველყოფს, როგორც კრედიტორთა, ასევე ბიზნესის ინტერესების დაცვას.
„აღნიშნული რეფორმა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც ბევრ ბიზნესს გაუჭირდება და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იქნება, როგორ დავიცვათ, ერთი მხრივ, ბიზნესი და მეორე მხრივ, კრედიტორთა უფლებები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ერთ პრიორიტეტულ რეფორმად მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა კაპიტალის ბაზრის განვითარება. ნათია თურნავას თქმით, 2021 წელს წარდგენილ იქნება კაპიტალის ბაზრის ახალი სტრატეგია.
„აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მოხდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა. კაპიტალდაბანდების გრძელვადიანი ხელშეწყობის მიზნით მოხდება გრძელვადიანი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება, მათ შორის საპენსიო რეფორმის ფარგლებში დასრულდება კერძო საპენსიო სქემების რეფორმაც, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ლარის რესურსის აკუმულირებას. კაპიტალის ბაზრის რეფორმა საპენსიო და ლარიზაციის რეფორმასთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყანაში დანაზოგების აკუმულირების და ინვესტირების ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას, საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.
კაპიტალის ბაზრის განვითარების შედეგად უფრო მეტად საქართველოში იქნება მოზიდული ინსტიტუციური ინვესტორები, სხვადასხვა ფონდები, რომლებიც შეძლებენ თავისი ინვესტიციის დაბანდებას სხვადასხვა დარგში და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე მოსახლეობის კერძო დანაზოგებიც ცივილიზებული ფორმით მიემართება ეკონომიკისკენ და შექმნის დამატებულ ღირებულებას,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გაფართოებაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე მეტყველებს.
„ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო დარჩება რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად და ამის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი არის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. პანდემიის მიუხედევად, 2020 წელს, სირთულეების მიუხედავად, არ შეგვიფერხებია სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით ის რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს წევრობასა და ვალდებულებასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში.
მისი თქმით, 2019-2020 წლებში ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის პროგრამა "100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც პარალელურ რეჟიმში 100 საპრივატიზებო აუქციონი ტარდებოდა.
„პროგრამამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა. პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, ასეთი გამჭვირვალე და მარტივი ელექტრონული პლატფორმების შექმნის შედეგად, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. ასევე, პარლამენტის მხარდაჭერით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმა, როდესაც შეირწყა ორი უწყება - სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო და საფინანსო მომსახურების სააგენტო. ამით „ერთი ფანჯრის პრინციპით“ განხორციელდება ამიერიდან უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა და ახლა უკვე ელექტრონული პლატფორმაა მზადების პროცესში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოების წახალისებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 10 ჰა-მდე იჯარით გაცემული მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მხრიდან, რაც, ნათია თურნავას შეფასებით, იძლევა იმისა შესაძლებლობას, რომ ეს მიწები უფრო მეტად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში და მოიზიდოს საბანკო დაფინანსება.
პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა ტარდება, სადაც საკუთარ პროგრამას ეკონომიკური პროფილის 4 კანდიდატი წარადგენს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |