სტატიები
კლანების ომი სოხუმში - ვინ და რატომ იბრძვის აფხაზეთში გავლენის მოსაპოვებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2314 23 ნოემბერი 2019, 00:50


მარიამ ალავიძე


სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან-რემოსთან“ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას ორი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. გარდაიცვალა დაჭრილი ოფიციანტი გოგონა და მამაკაცი, რომელიც მოკლულთან ერთად მაგიდასთან იჯდა. 

 

თავდასხმა 22 ნოემბერს, დღის 14:40 საათზე მოხდა, სამი ნიღბიანი მანქანით მოუახლოვდა  მაგიდასთან მსხდომებს და ესროლეს.  მოგვიანებით, თავდამსხმელთა მანქანა მილიციამ  სოხუმის რკინიგზის სადგურის დეპოში ცეცხლწაკიდებული იპოვა.


 


ადგილზე გარდაიცვალა  1981 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი  ასტამურ  შამბა. თავდასხმის ადგილას დაჭრილი და საავადმყოფოში გარდაცვლილი მამაკაცი „კრიმინალური ავტორიტეტი“ ალხას ავიძბაა.  

 

რესტორანში თავდასხმისას დაჭრილი სამი ადამიანი  საავადმყოფოში გადიან მკურნალობას და არსებული ინფორმაციით, მათ  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.   


სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ იუწყება, რომ  ორი „კრიმინალური ავტორიტეტის“  მკვლელობის მიზეზი  „კრიმინალურ სამყაროს“ სხვა „ავტორიტეტებთან“ მათი კონფლიქტი გახდა. სააგენტოს ინფორმაციით, მოკლულები 38 წლის ასტამურ შამბა -  „ასტიკი“ და მისი თანატოლი ასლან ავიძბა - „ჰასიკა“, 53 წლის „კანონიერი ქურდის“ რაულ ბარცბას - „პიზას“ უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ.  შამბამ და ავიძბამ “კანონიერი ქურდის“ სტატუსი ექვსი წლის წინ მოიპოვეს და მათი ნათლიმამა   სწორედ „პიზა" იყო.  


 


პიზას“ კლანი  აფხაზეთის რეგიონს აკონტროლებს. მას ემორჩილება რეგიონში ყველა - დე ფაქტო ხელისუფლება, მილიცია, ბიზნესმენები.  ცნობილია, რომ  ეს კლანი კონფლიქტშია სხვა კლანების  „კრიმინალურ ავტორიტეტებთან“.  ერტადერთი ვისთანაც მალ დამთბარი ურთიერთობა ჰქონდა "თბილისელი საქრო კალაშოვის კლამია. თუმცა, როგორც "პრაიმ კრაიმი" წერს, მასთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა.


მოკლულებს დაპირისპირება ჰქონდათ მერაბ ჯანგველაძის („მერაბ სოხუმსკის“) კლანის წარმომადგენლებთან ალხას აგრბასთან („ალხას გუდაუთკისთან“) და თენგიზ ლეკერბაიასთან (თენგულიაშ სუხუმსკისთან). ასევე, დაპირისპირებული იყვნენ აზერბაიჯანის მთავარი „კანონიერი ქურდის“ ნადირა სალიფოვას („გულის“) კლანის წევრთან ნიკა დგებუაძესთან („ნიკა გაგრინსკისთან“) და რაშიდ ისმაილოვთან - "განჯინსკისთან". 


ბოლოს,  შამბას და ავიძბას კონფლიქტი ჰქონდათ სოხუმის კლანის „კანონიერ ქურდებთან“  - თემურ გვასალიასა („მაკოლია“) და თემურ ახუბასთან („დინრიდი“). ბარცბამ ისინი გზიდან ჩამოიშორა -  "საქმე გაურჩია" და სასტიკად სცემა, რაც  იმას ნიშნავდა, რომ "კანონიერი ქურდის" წოდება ჩამოართვეს.  


გუდაუთის დაჯგუფების ლიდერი "პიზა" რამდენიმე წელია  იბრძვის აფხაზეთის მთავარი „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მოსაპოვებლად.  ამ ძალაუფლების  ხელში ჩასაგდებად ის არა ერთ „კრიმინალურ ავტორიტეტს“ დაუპირისპირდა, რადგანაც,  მისი, როგორც რეგიონის „მთავარის“  სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი რამდენიმე კლანი გამოვიდა.  ამას  სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, ერთი მთავარი მიზეზიც აქვს - რეგიონის „ქურდული ხაზინის“  ვერ გაყოფა. და ისიც, რომ ბარცბა, რომელსაც აფხაზეთში მართლაც დიდი გავლენა აქვს, არ აძლევს უფლებას სხვა „კრიმინალურ ავტორიტეტებს“ იქ ბიზნესი გააკეთონ.   


 


"პიზა", რომელიც  მუდმივად აფხაზეთში ცხოვრობს,  რეგიონში მისი გავლენის ცენტრალიზაციას ცდილობს. ამასთან იყო დაკავშირებული მისი მცდელობა  ხელში ჩაეგდო გალის "ობშიაკი", რისთვისაც 300-კაციან შეიარაღებულ რაზმთან ერთად  ჩავიდა გალში და "ქურდული საერთოს" გადაცემა მოითხოვა. ამ დროისთვის "ობშიაკს" განაგებდა ქართველი "კანონიერი ქურდის" გალელი  "ჩიროს" ნათესავი  გია შონია, გალში ცხოვრობს 63 წლის "ავტორიტეტი" მურმან ლემონჯავაც, რომელსაც დიდი გავლენები და ავტორიტეტი აქვს "კრიმინალურ სამყაროში". იმიტომ, რომ  გუდაუთის  და გალის დაჯგუფებებს შორის არ მომხდარიყო დაპირისპირება, მთლიანი "ქურდული ხაზინის" "მაყურებელმა" ტელეფონით გასცა ბრძანება, რომ "გალის ხაზინა" გადაეცათ რაულ ბარცბასთვის. ბარცბას მიზანი არა „გალის ხაზინის“ ხელში ჩაგდება, არამედ თავის გავლენის გაფართოება და გალის დაჯგუფებისთვის, რომელსაც ძირითადად, ქართველი „ავტორიტეტები“ აკონტროლებენ, ძალაუფლების წართმევა იყო. თთუმცა, "გალის ხაზინა" არც თუ მსუბუქია - ის, ძირითადად, გალის რაიონის თხილისა  და ციტრუსების ბიზნესის შემოსავლებით ივსება და საკმაოდ, სოლიდურადაც.  



„კრიმინალური სამყაროს“ თავკაცები  ბარცბასთვის  დიდი სტატუსის მინიჭებისგან თავს იკავებენ, რადგანაც ის არც ერთ კლანთან არ არის კავშირში, მას თავის „იმპერია“ აქვს, რომელსაც მარტო განაგებს.

2017  წლის ზაფხულში გუდაუთაში გაიმართა „კრიმინალურ ავტორიტეტთა“ შეხვედრა, სადაც რამდენიმე საკითხთან ერთად კავკასიის რეგიონში გავლენების გადანაწილების საკითხიც უნდა განეხილათ. ამ შეხვედრას სხვადასხვა დაგჯუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის, აზერბაიჯანის მთავარი „კანონიერი ქურდის“ ნადირა სალიფოვას („გულის“) კლანის წევრები და მისი უახლოესი პირები -  ნიკა დგებუაძე  („ნიკა გაგრინსკი“) და რაშიდ განჯინსკი.   ბარცბას აფხაზეთის „მთავრად“ დანიშვნას განსაკუთრებით „გულის“ გარემოცვა შეეწინააღმდეგა, ამის მიზეზი, ბარცბას მიერ  მათი კლანის წევრის ფაქტობრივად, აფხაზეთიდან გაძევება იყო. კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ ბარცბამ დგებუაძეს და "განჯინსკის" ესროლა. ამ ფაქტის გამო, მას „გული“ დაემუქრა, რომ შურს იძიებდა. 


ასტამურ შამბა  და  ასლან ავიძბა მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ეს მუქარაც განიხილება. თუმცა, არსებობს, მთავარი ვერსია, რომლის მიხედვითაც, „ქურდული სამყარო“, აფხაზეთში დიდი გავლენების და ფაქტობრივად, რეგიონის ერთადერთ მაკონტროლებელს, რომელიც ძალაუფლებას არავის უყოფს, ასუსტებს. 



ასტამურ შამბა  და ასლან ავიძბა  „პიზას“ უახლოესი პირები იყვნენ,  რომელსაც ბარცბა საკუთარი თავივით ენდობოდა.  აფხაზეთის რეგიონში ახლა უკვე ოთხი „კანონიერი ქურდი“ ცხოვრობს, რომლებიც რეგიონს გარეთ არ გადიან.   ორი გუდაუთის დაჯგუფებიდან, ანუ ბარცბას კლანიდან, ორიც - გალის დაჯგუფებიდან, რომელსაც ქართულ დაჯგუფებასაც ეძახიან და რომლის მთავარ „ავტორიტეტად“ მერაბ ჯანგველაძე სახელდება. სხვათა შორის, სწორედ ჯანგველაძემ აკურთხა ბარცბი "კანონიერ ქურდად" ცნობილია ისიც, რომ ჯანგველაძე ტარიელ ონიანის კლანის წევრია. 


ბარცბა გავლენებისთვის "წესების გარეშე" იბრძვის - აფხაზეთში ლეგალურ და არალეგალურ ბიზნესს, რომელიც ლეგალურზე მეტად ფეხმოკიდებულია, ძალზე დიდი ფული   და დიდი გავლენა მოაქვს. "კრიმინალურმა ავტორიტეტებმა" ბარცბა არა ერთხელ გააფრთხილეს, რომ ბრძოლის ველზე მარტო დარჩებოდა. როგორც ჩანს, ტარილე ონიანის ციხიდან გამოსვლას "ქურდულ სამყაროში"  გავლენის სფეროების ახალი გადანაწილებები და ახალი კლანური ომები მოჰყვება. 



 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი