657
27 ნოემბერი 2020, 18:04
დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.
ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი.
ამ ისტორიულ მომენტს ონლაინ ფორმატში თვალს ადევნებდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ხელმძღვანელები.
„2015 წელს ჩვენ მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მაშინ მიღებული გამოცდილება უთუოდ გამოგვადგება უკვე 2025 წელს. ამჯერად მოგვიწევს ორი მთავარი ამოცანის შესრულება: ერთის მხრივ, უნდა შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი - საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. პარალელურად, უნდა გავწიოთ შრომატევადი საორგანიზაციო სამუშაოები, რათა ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობის მყარი მხარდაჭერა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ზამთრის სპორტში დღეს და ხვალ განხორციელებული ინვესტიცია აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ შედეგს და არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სრულიად ახალ სიმაღლეზე აყვანის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც,“ - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |