სტატიები
ქართველ პოლიტიკოსთა 20 მძიმე შეცდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1042 18 სექტემბერი 2019, 14:45

ONGO დაკვეთით ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა დავით გამცემლიძემ ქართველი პოლიტიკოსების მძიმე შეცდომები გამოყო და გააანალიზა. ვინ ახდენა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას, რა საბედისწერო შეცდომები იყო დაშვებული და როგორ შეცვალეს ამ შეცდომებმა საქართველოს უახლესი ისტორია. წაიკითხეთ საინტერესო დავით გამცემლიძის საინტერესო ანალიზი.  

ლოზუნგი „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“

ამ სლოგანით მიმდინარეობდა „ეროვნული მოძრაობის“ მიტინგები 1988 და 1989 წლებში. რამდენად მართალიც არ უნდა ყოფილიყო შინაარსობრივად, ამგვარი ლოზუნგი და მისი ქცევა პოლიტიკურ დომინანტად, ეწინააღმდეგებოდა ელემენტარულ პოლიტიკურ ტექნოლოგიას და თვით პოლიტიკურ კულტურასაც. ამასთან, იგი არაერთგვაროვნად აღიქმებოდა დასავლეთში, სადაც „თავს დაჰკანკალებდნენ“ მიხეილ გორბაჩოვსა და მის „პერესტროიკას“; გარდა ამისა, საქართველოს მტრად აქცევდა ანტიკომუნისტურ მოძრაობას თვით რუსეთშიც.

სწორედ ამიტომ, ამგვარი რადიკალური ლოზუნგი არც ერთ მიტინგზე არ გამოუტანიათ ბალტიის ქვეყანათა „ეროვნულ მოძრაობებს“. მათ აქციებზე ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა სლოგანები სჭარბობდა, ხოლო მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის მიმდინარეობდა სხვა „ფილოსოფიის“ სლოგანით, რაც არა მხოლოდ დასავლეთისათვის, არამედ იმავე რუსეთის „პროელცინისტური“ ძალებისთვის ბევრად გასაგები და მისაღები იყო: „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“.

დრომ დაამტკიცა, რომ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პოლიტიკოსებმა  ამ თითქოსდა „მეორეხარისხოვან“ საკითხშიც ბევრად უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა და შორსმჭვრეტელობა გამოამჟღავნეს.

ეროვნული მოძრაობის ქცევა ეთნიკურ ქართველთა მოძრაობად და არა სამოქალაქო მოძრაობად (როგორც ბალტიისპირეთში)

„არაქართველთა დემოგრაფიული ექსპანსიის“, სხვადასხვა რეგიონის „არმენიზაცია-აზერბაიჯანიზაციის“, მათ წინააღმდეგ „მიწათმოქმედი გეორგიანელებით შეტევის“ თუ ეთნიკურ ქართველთა „საშინელი ჩაგვრის“ თემები პრევალირებდა „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე.

ამის შედეგად, ნაცვლად საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციისა ანტიკომუნისტური, ანტისაბჭოთა, დემოკრატიული სამოქალაქო  ღირებულებების ირგვლივ, მოხდა ე.წ. „არაქართველთა“ გაუცხოება პოლიტიკური პროცესისგან.

საქართველოს დამოუკიდებლობის, ანუ სუვერენობისა და სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლა აღიქმებოდა ეთნიკურ ქართველთა ამოცანად, ხოლო ეთნიკური „არაქართველები“ ჩაითვალენ  „სტუმრებად“, რომლებიც „ჭკვიანად“ უნდა იყონ და „მასპინძელთა“ გამარჯვებას დაელოდონ, რათა შემდეგ მიიღონ ის წესები, რასაც ტყვეობიდან განთავისუფლებული ერი დააწესებს ქვეყანაში.

ამით ჩანასახშივე მოიკლა „საქართველოს ხალხის“, ევროპული გაგებით Nation, როგორც სამოქალაქო ნაციონალიზმის საფუძველზე კონსოლიდირებული ერთობის ჩამოყალიბების შანსი.

ისევ და ისევ, იმავე ბალტიის რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, სადაც მოძრაობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის არ განიყოფოდა „სამოქალაქო თანასწორობის“ ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისაგან.

შესაბამისად, ჩაისახა და შემდგომ განუხრელად გაიზარდა დასავლური თანამეგობრობის სკეპტიციზმიც საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

ამ ფონზე, კრემლის მიერ ინსპირირებული კონფლიქტები „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში უკვე მხოლოდ ანტიქართულად აღიქმებოდა თვით ყველაზე „ანტიმოსკოვურად“ და „ანტიკომუნისტურად“ განწყობილი ევროპელი და ამერიკელი დამკვირვებლების მხრიდანაც კი.


სრული უკომპრომისობა, მაქსიმალიზმი და აბსოლუტური პოლიტიკური „პერფექციონიზმი“ მეორეხარისხოვან, ტაქტიკურ საკითხებში

„ეროვნული მოძრაობის“ საწყისი პერიოდისათვის დამახასიათებელმა  არამიზანშეწონილმა და უგუნურმა მაქსიმალიზმმა მეორეხარისხოვან, ტაქტიკურ  საკითხებში, სწორედაც სტრატეგიულად მოიტანა უდავოდ გამანადგურებელი შედეგი.

ამის თვალსაჩინო მაგალითია 4-9 აპრილის მიტინგის ორგანიზატორთა (პირველ რიგში ირაკლი წერეთლის) უარი, მშვიდობიანად დაეშალათ მიტინგი „მთავრობის სახლთან“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდების შემდეგ, იმის მიუხედავადაც კი, რომ იმ მომენტში მიტინგის არსობრივი ამოცანა უკვე მიღწეული იყო: საქართველომ მკაცრად გააფრთხილა კრემლი, რომ აფხაზური სეპარატიზმის შემდგომი მხარდაჭერა აუცილებლად გამოიწვევდა „ანტიმოსკოვური“ მოძრაობის კონსოლიდაციასა და გაძლიერებას საქართველოში, ხოლო რესპუბლიკის მმართველ ელიტებს, სწორედ ამ მიზეზით, საბოლოოდ  გამოეცლებოდათ საყრდენი ქართულ საზოგადოებაში.

9 აპრილის ხოცვა-ჟლეტამ, რის შედეგადაც 21 ადამიანი (მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ქალი) დაიღუპა, ემოციურ ქართულ სოციუმს გაუჩინა მწარე, უპასუხო (!) შეურაცხყოფის, დამარცხების, უილაჯობის განცდა, რაც სულ მალე გამოვლინდა საზოგადოებრივ პროსტრაციასა და  „მოძრაობის“ შიდა განხეთქილებაში.

ამასთან, 9 აპრილმა განუზომლად გააძლიერა აფხაზ და ოს სეპარატისტთა პოზიციები, ხოლო მოსკოვს გაუადვილა საქართველოში პროცესებით მანიპულირება და კონფლიქტების პროვოცირება - ინციდენტების თუ „საინფორმაციო საბაბთა“ ემოციური აღქმის გამოყენებით.


გივი გუმბარიძის სრული პოლიტიკური უმწეობა, დაბნეულობა, უნებისყოფობა და ინტელექტუალური სიმწირე        

9 აპრილის შემდეგ მოსკოვის მიერ საქართველოს სსრ კომპარტიის „ცკ“-ს პირველ მდივნად დანიშნულმა გივი გუმბარიძემ, ნაცვლად იმისა, ტრაგედიის შემდგომ შექმნილ ურთულეს ვითარებაში, გაეტარებინა „ბალანსირების“ პოლიტიკა და ექცია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მოსკოვთან ტექნოლოგიურად რთული ურთიერთქმედების ინსტრუმენტად, ანუ „მეხამრიდის“ როლი შეესრულებინა (როგორც ბალტიის რესპუბლიკათა კომუნისტურმა ელიტებმა ითავეს 1989-1990 წლებში), „რომის პაპზე მეტი კათოლიკობა“ მოინდომა, სრულად გააუქმა 1921 წლიდან საქართველოს სსრ მიღებული ყველა კანონი, ასევე ფაქტიურად გააუქმა საქართველოს სსრ მოქმედი საბჭოთა კონსტიტუცია, დაგმო საქართველოს ოკუპაცია-ანექსია და, იურიდიული თვალსაზრისით, გამოაცხადა საქართველოს სრული „დაუმორჩილებლობა“ ნაცვლად ზემოთხსენებული „ბალანსის“ დაცვისა „რადიკალურ“ და „ზომიერ“ მიდგომებს შორის.

არადა, საქართველოს სრულიად დისკრედიტებულ, კორუფციაში ჩახრწნილ კომუნისტურ ელიტას, განსხვავებით ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის კომუნისტური ელიტებისგან, სადაც „სახალხო ფრონტებიცკ-ს პირველი მდივნის კაბინეტებში იქმნებოდა, ობიექტურად არ გააჩნდა რესურსი, ერის მაკონსოლიდირებელი ფუნქცია შეესრულებინა. გამოთქმა „კომუნისტების მოტანილი დამოუკიდებლობა არ გვინდა“ - საქართველოში სოციო-ფსიოლოგიური დომინანტი იყო.

გივი გუმბარიძე აშკარად ვერ იქცეოდა ქართველ „ბრაზაუსკასად“. ამდენად, ბევრად მიზანშეწონილი იქნებოდა, მას „მეხამრიდის“ როლი მაინც შეესრულებინა მოსკოვთან ჭიდილში.

ამის ნაცვლად, ბატონი  გუმბარიძე სწრაფად „დაეწია“ რადიკალიზმში „ეროვნული მოძრაობის“ არასისტემურ ლიდერებს, ხოლო მისი მოღვაწეობის გვირგვინად იქცა კომიკური აქტი, როდესაც „ლენინური პარტიის“ ლიდერმა თავად დაამხო საკუთარი პარტიის დამფუძნებლის (ვლადიმერ ლენინის) ძეგლი დღევანდელ „თავისუფლების მოედანზე“.


გივი გუმბარიძის მიერ 1990 წლის მარტის არჩევნების გაუქმება

1990 წლის მარტში, საქართველოში იგეგმებოდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

„ეროვნული მოძრაობის“ წამყვანი ლიდერები იმ დროს მხოლოდ იწყებდნენ დისკუსიას „საბჭოთა არჩევნებში“ მონაწილეობის მიზანშეწონილობაზე. ამდენად, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა ყველა რესურსი და აუცილებელი ინსტრუმენტი, რათა ჩაეტარებინა ეს არჩევნები, რითაც საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება დაუბრუნდებოდა „მეხამრიდის“ ფუნქციას მოსკოვის მზარდი აგრესიის პირობებში და ამით გამორიცხავდა, ერთის მხრივ, 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ გარდაუვლად ქცეულ უსასტიკეს განხეთქილებას საზოგადოებაში, ხოლო მეორეს მხრივ, შეინარჩუნებდა რესურსს მოსკოვთან ურთიერთქმედებისათვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ნაღმთა დროებით მაინც „გასაუვნებლად“. მაგალითად, ცხინვალში 1990-1991 წლების მიჯნაზე განვითარებული სისხლიანი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.


ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში

1990 წლის გაზაფხულიდან, როდესაც ეროვნულ მოძრაობაში დაიწყო მწვავე დისკუსია ოფიციალურ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ზვიად გამსახურდიას თანამოაზრენი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხებში, უპირველეს ყოვლისა გია ჭანტურია, მას აფრთხილებდნენ, რომ ეს იქნებოდა უმძიმესი შეცდომა, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეროვნულ ძალას მოუწევდა ეკისრა პასუხისმგებლობა იმ სტრატეგიულ პრობლემებზე, რაც ათწლეულების მანძილზე შექმნა კომუნისტურმა რეჟიმმა.

მათ შორის, ეროვნულ ძალებს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა გარდაუვალ კონფლიქტზე ცხინვალში და აფხაზეთში. ასევე სოციალურ გართულებებზე, რაც აუცილებელი იქნებოდა საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესში. ამით ისარგებლებდა ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა, სამეურნეო-მაფიოზური ძალები, მათთან ტრადიციულად დაკავშირებული კრიმინალები და შეეცდებოდნენ, მოსახლეობის უკმაყოფილება მიემართათ ლეგალური არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული ეროვნული ძალისაკენ.

სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიამ არ გაითვალისწინა გონივრული გაფრთხილება, ვერ დასძლია სურვილი, თავად გამოეცხადებინა ქვეყნის დამოუკიდებლობა (რისთვისაც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა), დააფუძნა საარჩევნო კოალიცია „მრგვალი მაგიდა“, მიიღო მონაწილეობა 28 ოქტომბრის არჩევნებში, რის შემდეგაც მოვლენები ყველაზე ნეგატიური, თუმცა პროგნოზირებადი და განჭვრეტადი მიმართულებით განვითარდა - კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან -  სამოქალაქო ომამდე


ზვიად გამსახურდიას ბრძანება, დაერბიათ „2 სექტემბრის მიტინგი“ ან მისი უუნარობა, აღეკვეთა ეს საპოლიციო აქცია

1991 წლის 2 სექტემბერს, „კინოს სახლთან“, პოლიციის ქვედანაყოფებმა, ხელკეტების გამოყენებით და ჰაერში იარაღის სროლით დაარბია „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიტინგი.

ეს ინციდენტი მოხდა იმ მომენტში, როდესაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უმაღლესი საბჭოს შენობაში ხვდებოდა ამერიკელ კონგრესმენებს. ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ „კინოს სახლიდან“ მიტინგი დაიძვრებოდა  უმაღლესი საბჭოს შენობისკენ და ეს, თითქოს, გამოიწვევდა ხელისუფლების დიკრედიტაციას.

განურჩევლად იმისა, პირადად გასცა თუ არა ზვიად გამსახურდიამ მიტინგის დარბევის ბრძანება ან|და ეს გადაწყვეტილება მიიღო  პოლიციის რომელიმე მაღალჩინოსანმა (შესაძლოა, პროვოკაციული მიზნითაც), შედეგად, ანტისამთავრობო ძალებმა, მათ შორის იმ დროს რკონში გაჭრილმა „კიტოვანის რაზმმა“,  შეიძინეს მნიშვნელოვანი არგუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტ გამსახურდიას მოწინააღმდეგეები მივიდოდნენ „მთავრობის სახლთან“ და იქ მოაწყობდნენ მიტინგს, დასავლელი სტუმრების თვალში  ეს მხოლოდ ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ნიშანი იქნებოდა.

„2 სექტემბერი“ სამოქალაქო დაპირისპირების და შემდგომი სამოქალაქო ომის „ათვლის წერტილია“.


გია ჭანტურიას უუნარობა, გამიჯვნოდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებიც აშკარად ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას

ზვიად გამსახურდიასთან მწვავე დაპირისპირების დროს, „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, გია ჭანტურიამ ან ვერ შენიშნა, ან შეგნებულად დააიგნორა იმ ძალის რაობა, რომელსაც დაუკავშირდა კანონიერად არჩეულ პრეზიდენტთან ბრძოლის პროცესში.

შესაძლოა, მისი მოტივი იყო, რომ ობიექტურად მიმდინარე პროცესთა სათავეში მოქცევით, დასამხობად განწირულ ხელისუფლებას „არ ჩაჰყოლოდა“ და ამით გადაერჩინა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჯანსაღი ძალები;

თუმცა, რეალურად, როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, „მსაზღვრელად“ სწორედ ის კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფება იქცა, ხოლო „საზღვრულად“ გია ჭანტურია და მისი პარტია.

შესაბამისად, ლოგიკური იყო 1994 წლის 3 დეკემბრის ტრაგიკული ფინალიც, ანუ იმავე კრიმინალური, ანტიეროვნული ბანდის მიერ, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსის, გია ჭანტურიას მზაკვრული მკვლელობა.


ედუარდ შევარდნაძის თანხმობა, დაბრუნებულიყო საქართველოში 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებამდე, და არა უშუალოდ ამ არჩევნების წინ ან შემდეგ

1992 წლის 7 მარტს, ქართული „ელიტარული ინტელიგენციის“ დაჟინებული თხოვნით და ჯაბა იოსელიანის „მხედრიონელთა“ თანხლებით, საქართველოში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე.

მის დაბრუნებას წინ უძღოდა გააფთრებული ბრძოლა სამხედრო გადატრიალებით „მოსულ“ ხელისუფლებაში.

თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ შევარდნაძის დაბრუნებას. მაშინ მათ მეტი რესურსი ჰქონდათ, ვიდრე „მომხრე“ ჯაბა იოსელიანს და „ელიტარულ“ ინტელიგენციას, რომლის ინტერესებსაც იგი იმ მომენტში გამოხატავდა.

კიტოვან-იოსელიანის ტანდემმა“ შევარდნაძის დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა თებერვლის ბოლოს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცხინვალთან ერთ-ერთი სასტიკი ინციდენტის მომიზეზებით, მოსკოვმა (დასავლეთის მდუმარე თანხმობით), დაბლოკა საქართველოს მიღება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

ტანდემს სჭირდებოდა „მეხამრიდი“; მით უმეტეს აფხაზეთში გარდაუვალი ომის წინ.

მოგვიანებით, თენგიზ სიგუა არაოფიციალურ საუბარში აღიარებს, რომ თუ ისინი არ განუცხადებდნენ თანხმობას იმ ჯგუფს (ვალერი კვარაცხელია, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, რეზო ჩხეიძე, გურამ მამულია) ვინც განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვდა შევარდნაძის დაუყოვნებელ დაბრუნებას, მაშინ (ციტატა) „შევარდნაძე უშუალოდ არჩევნების წინ შემოძვრებოდა“ (ციტატის დასასრული). ამ შემთხვევაში, შევარდნაძე ნაწილობრივ თავიდან აირიდებდა პასუხისმგებლობას „ზვიადისტთა“ მიტინგების დარბევისა და სამეგრელოში, ასევე აფხაზეთში  განვითარებული მოვლენებზე.

ედუარდ შევარდნაძის შეცდომა გამოდგა, რომ მან არ ისურვა რისკზე წასვლა ან იქნებ ვერც მოახერხა მრავალრიცხოვან  მხარდამჭერ ძალთა კონსოლიდაცია იმგვარად, რომ შეექმნა „მომხრეთა პოლიტიკური კოალიცია“ და უშუალოდ 11 ოქტომბრის არჩევნების წინ დაბრუნებულიყო საქართველოში. მისი კოალიციის გარდაუვალი  გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. კიტოვან-იოსელიანის ტანდემი კი, რამდენიმე მიზეზის გამო, იმ დროს უკვე შეუდარებლად დასუსტებული იქნებოდა.


„27 ივლისის ხელშეკრულება“ აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - გუმისთაზე სამშვიდობო ძალთა შეყვანის გარეშე

1993 წლის 27 ივლისს, სოჭში, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ვახტანგ გოგუაძემ და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, სოკრატ ჯინჯოლიამ (აჯინჯალ) ხელი მოაწერეს შეთანხმებას  „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.

ხელშეკრულების გაფორმება გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც ივლისის დასაწყისში, აფხაზური და ჩრდილოკავკასიური ფორმირებები, ჩრდილო-დასავლეთიდან (შრომა-კამანის მხრიდან) „თავზე მოექცნენ“ სოხუმს.

სეპარატისტთა სამხედრო წარმატების წინაპირობა გახდა  „ტამიშის დესანტი“, რის შედეგადაც მათ მოახერხეს ქართული სარდლობის დეზორიენტაცია და ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით.

27 ივლისის ხელშეკრულება არათუ ითვალისწინებდა რაიმე მექანიზმს შეიარაღებულ  ძალთა დაშორიშორების გასაკონტროლებლად, არამედ ცალმხრივად ავალდებულებდა საქართველოს სარდლობას, გაეყვანა აფხაზეთიდან შეიარაღებული ძალები, სამხედრო ტექნიკა მაშინ, როდესაც აფხაზური მხარის მიმართ იგივე ვალდებულება ითვალისწინებდა მხოლოდ მდინარე გუმისთადან - გუდაუთის რაიონის სიღრმეში ძალების ტაქტიკურ უკან დახევას.

ედუარდ შევარდნაძეს შეეძლო წასულიყო შიდაპოლიტიკურ რისკზე და მოეთხოვა შეთანხმებაში იმ პუნქტის ჩაწერა, რომელიც გაითვალისწინებდა რუსეთის სამშვიდობო ჯართა შეყვანას არა მდინარე ენგურზე (როგორც 1994 წელს), არამედ სწორედ მდინარე გუმისთაზე, რაც გამორიცხავდა სოხუმის დაცემას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აფხაზური მხარე (დიდი ალბათობით) ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ეს მოთხოვნა საქართველოს პოლიტიკურ უპირატესობას შესძენდა რთულ თამაში თბილისს, სოხუმსა და მოსკოვს შორის.

მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ ეს არ|ვერ გააკეთა, პირველ რიგში ჩლუნგად უკომპრომისო საპარლამენტო ოპოზიციისა და ზვიადისტების შიშით.

მოგვიანებით, 1993 წლის სექტემბერში, როდესაც სეპარატისტებმა განაახლეს შეტევა სოხუმზე, ედუარდ შევარდნაძემ  უარი განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, პაველ გრაჩოვის წინადადებაზე, „ორი რუსული დივიზიის“ შემოყვანის შესახებ აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრაჩოვი თვალთმაქცობდა, ეს შეაფერხებდა შეტევას სოხუმზე და გადაარჩენდა ბევრ სოხუმელს.

შევარდნაძე აქაც ითვალისწინებდა „ჩასაფრებული“ შიდაპოლიტიკური მტრების ფაქტორს.


ედუარდ შევარდნაძის უარი, შეექმნა მინისტრთა კაბინეტი 2000 წელს

2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მმართველ პარტია „მოქალაქეთა კავშირში“ ვითარება დაიძაბა: „ახალგზარდა რეფორმატორთა“ გუნდი ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, სულ უფრო ხშირად და აშკარად ილაშქრებდა „ძველი კომუნისტური ნომენკლატურის“ წინააღმდეგ. ამ დაპირისპირებას ყველანაირად აღვივებდა ტელეკომპანია „რუსთავი-2“

მდგომარეობა ქვეყანაში დღითი - დღე იძაბებოდა გაუთავებელი ენეგროკრიზისის, კორუფციის, უმუშევრობისა და უპერსპექტივობის განცდის გამო.

ამ ვითარებაში, ზურაბ ჟვანიამ ედუარდ შევარდნაძეს შესთავაზა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ღრმა კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება - მინისტრთა კაბინეტის კონსტიტუციური ინსტიტუტის შესაქმნელად. ეს იყო ხელისუფლებათა გაყოფის ე.წ. „ევროპულ მოდელზე“ გადასვლა მაშინ, როდესაც 1995 წლის კონსტიტუციით, საქართველოში დამკვიდრდა  ე.წ. „ამერიკული მოდელი“, როდესაც სახელმწიფოს მეთაური უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

ეს გადაწყვეტილება დაეხმარებოდა ედუარდ შევარდნაძეს, განემუხტა დაძაბულობა საზოგადოებაში, შეექმნა პოზიტიური მოლოდინები და საშუალება მიეცა „რეფორმატორთა გუნდისთვის“, განეხორციელებინათ საკუთარი პროექტები რამდენიმე მიმართულებით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავდა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ ალბათობას.

მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ ეს წინადადება არასწორად და არაადეკვატურად აღიქვა, როგორც მისი ხელისუფლებიდან სრული ჩამოშორების მცდელობა, მისი საპრეზიდენტო პრეროგატივის დაკნინება.

 პრეზიდენტის უარს  მოჰყვა ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა, 2001 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენები. - მიტინგები მთავრობის სახლთან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, მთავრობის რადენიმე წევრის გადადგომა და ჟვანია-სააკაშვილის გუნდის საბოლოო გადასვლა შევარდნაძის ოპოზიციაში


ედუარდ შევარდნაძის უარი, მიეღო  ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის კომპრომისული წინადადება „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე დღით ადრე

2003 წლის 18 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე დღით ადრე, ზურაბ ჟვანიამ და ნინო ბურჯანაძემ, მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, აშშ ელჩ რიჩარდ მაილსის „მესენჯერობით“, პრეზიდენტ შევარდნაძეს შესთავაზეს კომპრომისი, რომელიც მას საშუალებას მისცემდა თავიდან აეცილებინა რევოლუცია და შეენარჩუნებინა ფორმალური პრეზიდენტობა 2005 წლამდე, როდესაც იწურებოდა მისი მეორე საპრეზიდენტო კადენციის ვადა:

ჟვანია-ბურჯანაძის“ ტანდემი ედუარდ შევარდნაძეს სთავაზობდა,  სამივეს განეცხადებინათ პრეზიდენტის რეზიდენციაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აშშ ელჩ მაილსის თანდასწრებით, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალა, კენჭისყრის შედეგები უქმდება და 2004 წლის გაზაფხულზე ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ამგვარ კომპრომისს ექნებოდა აშშ სრული, ღია და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა

ედუარდ შევარდნაძემ კომპრომისზე უარი თქვა, რადგან იმედი ჰქონდა, ასლან აბაშიძის მომხრეთა მეშვეობით აიცილებდა თავიდან რევოლუციას. როგორც აღმოჩნდა, მისთვის მიუღებელი იყო 2005 წლამდე „ფორმალური პრეზიდენტობა“.

ედუარდ შევარდნაძე გეგმავდა 2005 წლის შემდეგ საკუთარი  ძალაუფლების გახანგრძლივებას იმ მეთოდით, რომ სათავეში ჩადგომოდა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტს“, სადაც შევიდოდნენ ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელები, რაც 2005 წელს არჩეული ახალი პრეზიდენტის ძალაუფლებას ფორმალურად აქცევდა.


მიხეილ სააკაშვილის უუნარობა, არ დაეშვა „კონფლიქტის გალღობა“ ცხინვალის რეგიონში

2004 წლის მაისის ბოლოს, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძის გადაწყვეტილებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განხორციელდა შსს სპეცდანიშნულების რაზმის დესანტირება კონტრაბანდის გზათა გადასაკეტად.

ამ ნაბიჯით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ცდილობდა აღეკვეთა კონტრაბანდის ნიაღვარი, რაც წლების განმავლობაში ანგრევდა საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს,  უაზრობად აქცევდა ნებისმიერ ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობას და მნიშვნელოვანწილად უშლიდა ხელს ხელისუფლებებს, შეევსოთ ქვეყნის ბიუჯეტი.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა ჟვანია-ბარამიძის აქციას, ხოლო ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის რადიკალურმა ქმედებებმა, ასევე ოსი სეპარატისტების და მათი მხარდამჭერი რუსეთის ე.წ. „სამშვიდობო ძალების“ პროვოკაციებმა განაპირობა კონფლიქტის გადაზრდა „გაყინული მდგომარეობიდან“ – „მცირე ინტენსივობის ომში“.

შედეგად, დაიდგა ცხინვალში ქართველ წვევამდელთა საჯარო „დაჩოქების“ სამარცხვინო სცენა, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში  დაიღუპა 19 ქართველი ჯარისკაცი და ერთი 17 წლის ე.წ. „ოსი ბოევიკი“.

საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა გამოეყვანა რეგიონიდან შეიარაღებულ ქვედანაყოფთა უმეტესობა და დაეთმო საკვანძო სიმაღლეები. კონფლიქტმა კი დაიწყო განუხრელი „ჩაჩოჩება“ სრულმასშტაბიანი ომისკენ.

იმის გათვალისწინებითაც კი, რომ „ერგნეთის ბაზრობა“ ნამდვილად იყო ძალიან სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკური, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ინსტრუმენტები, რათა ეს პრობლემა გადაეჭრა კონფლიქტის გალღობის გარეშე. მოგვიანებით სააკაშვილი იტყვის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო მისი „მთავარი შეცდომა“.

                  

მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, ექცია საქართველო ე.წ. „ხავერდოვან რევოლუციათა“ მთავარ ექსპორტიორად და პრომოუტერად პოსტსაბჭოურ სივრცეზე

2004 წლის შემოდგომიდან, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აქტიურად დაუჭირა მხარი „ნარინჯისფერ რევოლუციას“ უკრაინაში, რაც მოსკოვში აღიქვეს სამკვდრო-სასიცოცხლო გამოწვევად რუსეთის სასიცოცხლო გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის.

მით უმეტეს, რომ ამგვარი მცდელობები ვრცელდებოდა ასევე ბელორუსზე, ყირგიზეთზე და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე, ბოლოს კი (გივი თარგამაძის ეპიზოდი) თვით რუსეთზე.

პირველ რიგში სწორედ ამ გამოწვევის პასუხად, მოსკოვმა დაიწყო მზადება ანტიქართული აგრესიის გეგმისა - ოსი და აფხაზი სეპარატისტების გამოყენებით, რაღა დაესაჯა საქართველო და მისი ხელისუფალი.


7 ნოემბრის მიტინგის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა

2007 წლის ნოემბერში, ბადრი პატარკაციშვილის ქვეყნიდან გაძევებისა და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფონზე, თბილისში გაიშალა ფართო საპროტესტო მოძრაობა, რომელშიც პოლიტიკურ პარტიათა და ცალკეულ  პოლიტიკურ აქტორთა მრავალფეროვანი სპექტრი მონაწილეობდა.

ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ე.წ. „გირგვლიანის საქმე“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიჩნია, რომ გააქტიურებული ოპოზიციური მოძრაობა განაპირობებდა მისი, როგორც „ძლიერი ხელისუფალის“ დაკნინებას მოსახლეობის უმრავლესობის თვალში, რითაც ისარგებლებდნენ ღია ან შენიღბული ოპოზიციური ძალები. მათ შორის ნინო ბურჯანაძე. სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ „დასუსტებული რენომე“ არ მისცემდა საშუალებას, განეხორციელებინა ჩაფიქრებული საკონსტიტუციო რეფორმა, გადაეყვანა ქვეყანა „საპარლამენტო მოდელზე“ და მოგვიანებით შეეცვალა საკუთარი სახელისუფლებო სტატუსი პრემიერ - მინისტრად ან პარტიის თავმჯდომარედ.

„ნოემბრის დარბევებმა“ და საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ საშუალება მისცა გარკვეულ ძალებს დასავლეთში, სწორედ ამ საბაბით თუ ამის მომიზეზებით (რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა ეჭვს იწვევდა) უარი ეთქვათ საქართველოსათვის MAP-ის მინიჭებაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტის დროს.


2008 წლის ომის წინ ე.წ. „რუსი სამშვიდობოებისათვის“ მანდატის  არშეწყვეტა

2007 ბოლოს დასრულდა რუსეთის ბაზების ლიკვიდაცია და ჯარების გაყვანა ახალქალაქიდან და  ბათუმიდან.

როგორც თავად აღიარა, რფ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს იმ დროს უკვე მზად ჰქონდა  საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გეგმა და ელოდა ხელსაყრელ მომენტს.

ეს მომენტი, მოსკოვის გათვლით, იქნებოდა 2008 წლის ზაფხული, რადგან მაშინ ბუნებრივი, კლიმატური, გეოგრაფიული მიზეზებით, უფრო იოლი იქნებოდა როგორც ჩრდ. კავკასიიდან ჯარების გადმოსროლა საქართველოში, ასევე ავიაციის გამოყენება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საჰაერო-სარაკეტო  დარტყმების განსახორციელებლად.

2007 წლის დეკემბერში, საქართველოს ხელისუფლება განიხილავდა რუსეთის ე.წ. „სამშვიდობო ძალებისათვის“ მანდატის შეწყვეტის საკითხს. მაგრამ გადაიფიქრა, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა მიხეილ სააკაშვილი გააფრთხილეს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი დაუყოვნებლად დაიწყებდა აგრესიას.

ეს მცდარი გაფრთხილება გამოდგა, რადგან ზემოთხსენებული ობიექტური მიზეზებით, მოსკოვი და მისი სეპარატისტი „კლიენტებისათვის“ არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა ხელსაყრელი ზამთარში ან გაზაფხულზე აგრესიის განხორციელება.

შესაბამისად, თუ საქართველო ე.წ. „სამშვიდობო ძალებს“ მანდატს შეუწყვეტდა 2007 წლის დეკემბერში, ეს ძალები, შესაძლოა, რეალურად არ გასულიყვნენ არც აფხაზეთიდან, არც „სამხრეთ ოსეთიდან“, მაგრამ, როგორც მინიმუმ, მოსკოვი იმის საშუალებას ნამდვილად დაკარგავდა, რომ 2008 წლის აგვისტოს აგრესია „შეეფუთა“ „სამშვიდობი ოპერაციის“ გაგრძელებად და „პასუხად ცისფერჩაფხუტიანთა დაბომბვაზე“.


ბიძინა ივანიშვილის უარი, დარჩენილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრად

დღემდე ბოლომდე გაუგებარი და აუხსნელი (ასევე აუხსნადი!) მიზეზებით, 2013 წლის ბოლოს, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა,  პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს სახელმწიფო პოსტს და საერთოდ მიდის პოლიტიკიდან. მისივე თქმით, იგი „დაბრუნდება“ მხოლოდ „ექსტრაორდინალურ ვითარებაში“, როდესაც „ამას ქართული საზოგადოება მოითხოვს“ მისგან.

როგორც აღმოჩნდა და  მოგვიანებით დაადასტურა პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა „ბიძინა ივანიშვილი მაშინ დაგვემშვიდობა, თუმცა ვერ დაგვემშვიდობა“, ანუ „ექსტრაორდინალური“ ვითარება შეიქმნა უმალვე, უკვე 2014 წელს, რის შედეგადაც ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა რამდენჯერმე უშუალოდ და არსებითად ჩარეულიყო მიმდინარე პროცესებში.

2012 წლის პოლიტიკური „გარდატეხის“ შედეგად დიდი საზოგადოებრივი მანდატის მქონე ლიდერის „წასვლა-არწასვლამ“ საჯარო პოლიტიკური ასპარეზიდან, შემდეგ კი  „არაფორმალური მართვის“ არალეგიტიმური და ქართული პოლიტიკური კულტურისათვის სრულიად უცხო სისტემის დამკვიდრებამ (საქართველო არ არის ჩინეთი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი - დენ სიაპონი), თანაც იმ მომენტში, როდესაც არსებითი სახელმწიფოებრივი, სოციალ-ეკონომიკური, საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემები არათუ არ იყო გადაწყვეტილი, არამედ მათი გადაწყვეტის გზებიც კი - დასახული, ბუნებრივად გამოიწვია პოლიტიკური პროცესის დეფორმაცია, ქვეყანაში არაჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა, არაფორმალური მართვის სისტემას მიუჩვეველი სახელმწიფო ბიუროკრატიის დაბნევა, მერყეობა და მისი ქმედუნარიანობის დაქვეითება.

შესაბამისად, ჩამოყალიბდა სისტემური კრიზისი, რომელიც გაძლიერდება და შესაძლოა ქვეყანაში ახალი კატაკლიზმის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ნებისმიერი რეალური თუ ფეიკური საბაბით მძლავრი, დამანგრეველი აფეთქების მიზეზი გახდეს.


მიხეილ სააკაშვილის თანხმობა, დაეკავებინა ოდესის გუბერნატორის პოსტი

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის (გუბერნატორის) პოსტის დაკავებით, მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა (რაკი თანამდებობის დასაკავებლად იძულებული გახდა მიეღო უკრაინის მოქალაქეობა), რამაც გამოიწვია განხეთქილება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ვაკანტური, რამაც ბუნებრივად გამოიწვია პარტიის მომხრეების, რიგითი წევრებისა და როგორც შუა ასევე უმაღლესი მმართველი რგოლის გაურკვევლობა მიხეილ სააკაშვილის რეალურ სტატუსთან, მის სამომავლო გეგმებთან და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შანსებთან დაკავშირებით.

მით უმეტეს, რომ ოდესის ოლქში სააკაშვილის  მოღვაწეობაც საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი, ყველა მცდელობის მიუხედავად, დარჩა  „უცხოელად“ უკრაინული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში. შესაბამისად, მისმა „უკრაინულმა პარტიამ“ ვერ მოიპოვა თუნდაც შანსი, გადაელახა საარჩევნო ბარიერი უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე


ოპოზიციონერთა ჯიუტი უარი, აღიარონ, რომ „ძველი“ მუდამ დაჯაბნის „ყოფილს“

საქართველოში ფართო ოპოზიციურ მოძრაობას ჯიუტად არ სურს აღიაროს ის მოცემულობა, შესაბამისად იმოქმედოს იმ აუცილებლობის მიხედვით, რომ ერთდროულად რამდენიმე, მათ შორის სოციო-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური კულტურის ჩვეული „პატერნის“ გამო, სანამ საქართველოში „ძველის“ („ბიძინა ივანიშვილის“) ალტერნატივა იქნება „ყოფილი“ (მიხეილ სააკაშვილი),  ძველი არ შეიცვლება...... 100 არჩევნებიც რომ ჩატარდეს.


გავრილოვის ღამე“      


მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ვერ ამოიცნეს ე.წ. „საერთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის“ რეალური დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრის“, კონსტანტინე ზატულინის მზაკვრული ჩანაფიქრი, როცა ქვეყანაში მოიწვიეს ასამბლეა, რომლის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი აროგანტულად, წინასწარგანზრახულად მოიქცა ისე, რომ გამოეწვია ქვეყანაში მაქსიმალური აღშფოთება და პოლიტიკური კრიზისი.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის დაგვიანებამ და ხელისუფლების აშკარა დაბნეულობამ განაპირობა მოვლენათა წყება, მათ შორის სისხლიანი შეტაკება რუსთაველის გამზირზე, რაც უკვე შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების, როგორც მინიმუმ, ტაქტიკურად უმძიმეს შეცდომად.

თუ რამდენად აღმოჩნდება ეს შეცდომა სტრატეგიული ხასიათისა და რამდენად გამოიღებს ნამდვილად შორსმიმავალ შედეგებს, - მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია “დავიდა“ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე, - მხოლოდ  მომავალი გვიჩვენებს.




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი