797
15 სექტემბერი 2020, 10:53
„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისში კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით გამოწვეული შეფერხების შემდეგ საქართველო ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს 4.5%-ით დაუბრუნდება. ამასთან, მოსალოდნელი აღმასვლით ტურიზმში, კერძო მოხმარებაში, ინვესტიციებსა და ექსპორტში.
ADB-ის მთავარი ყოველწლიური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2020 განახლებულ გამოცემაში ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, თუმცა ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის დასაწყისში დაახლოებით 5.8%-ით შემცირდა, 2019 წლის იმავე პერიოდის 4.8%-იანი ზრდის საპირისპიროდ.
„კოვიდ-19-ის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად საქართველომ არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება.
გაჯანსაღების შენარჩუნება შესაძლებელია ზოგიერთი საგადასახადო და სავალო შეღავათების გახანგრძლივებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობით და ჯანდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებით შესაძლო მეორე ტალღის დასახვედრად. ADB კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პანდემიის დაძლევაში და მის გვერდით იქნება დივერსიფიცირებული და ინკლუზიური განვითარების გზაზე”,-განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.
ანგარიშის მიხედვით საქართველოში ინფლაცია 2020 წელს 6.0%, ხოლო 2021 წელს 4.5% შეადგენს, რაც აპრილში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებლებია. 2020 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია გასული წლის 3.6%-თან შედარებით გაიზარდა და 6.4% შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ფასების ინდექსი: 13.6%-ით კვების პროდუქტებზე, 4.3%-ით სხვა საქონელსა და 2.2%-ით მომსახურებაზე. საბაზო ინფლაციამ 6.6%-ს მიაღწია და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10.1%-ით გაიზარდა. შემომავალი ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირების გამო ლარი გასულ წელთან შედარებით 4.4%-ით გაუფასურდა, თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაერია და ვარდნის შესარბილებელი ოპერაციები განახორციელა.
„ კოვიდ-19-ის შესაკავებლად გატარებულმა შეზღუდვებმა კერძო ინვესტიციები 1.9%-ით შეამცირა. საჯარო მოხმარების მცირედი, 0.9%, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების 0.8%-ით კლება შეინიშნა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ორივე მათგანის ზრდაა მოსალოდნელი. ასევე მოსალოდნელია კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მატება ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის კვალდაკვალ, რაც მშპ-ს 7.5%-ს შეადგენს.
განახლებულ ანგარიშში მკვეთრადაა გაზრდილი საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020-სა და 2021 წლებში შესაბამისად 11 და 8 პროცენტით, რაც 2020 წლის პირველ კვარტალში თითქმის გაორმაგებული დეფიციტის თანმდევი პროგნოზია, რადგან ტურიზმის 29.8%-ით შემცირებამ სერვისების ექსპორტი 15.6%-ით შეამცირა.
ტურიზმის, საგარეო მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესაძლო გახანგრძლივება ზრდის პროგნოზს ამცირებს, ისევე როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მუშაობის მოსალოდნელი სავარაუდო შენელება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”,-აღნიშნულია ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |