ეკა ბესელიას ალტერნატიული წინადადება საარჩევნო კანონმდებლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და საარჩევნო პროცესის გაჭიანურებას ემსახურება, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.
ოხანაშვილის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა, დასაბუთების შემთხვევაში, ისედაც ითვალისწინებს ხმების ახლიდან გადათვლის პროცედურას.
„ეკა ბესელიას ალტერნატიული წინადადება იდეას გვთავაზობდა, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მიცემული ხმები აპრიორი კითხვის ქვეშ უნდა დადგეს, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობის პრონციპებს, რადგან ივარაუდება, რომ ყველა პროცედურა კანონიერი წესით იყო დაცული, თუ რაიმე დასაბუთება არ არსებობს, რომელიც ბიულეტინების ხელახლა გადათვლას მოითხოვს.
უკვე არსებობს მთელი რიგი პროცედურები, როცა დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია ხმების ახლიდან გადათვლა, სასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელია კონკრეტული უბნების გახსნა და ხმების დათვლა. შესაბამისად, აქ სიახლე არ იყო და გამოიწვევს სრულიად ქაოსს. ჩვენს კითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი, თუ ადამიანს ხმების გადათვლის აქვს და მეორე არ იზიარებს ამ პოზიციას, ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს? წარმოიდგინეთ, არჩევნებისას ეს საკითხი ყველა უბნზე დაისვას. ეს ემსახურება არა პროცესის დროულ დასრულებას, არამედ პროცესის გაჭიანურებას, რაც არც ერთ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარე ასევე, გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ პროექტს.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მათ არჩევნების ჩატარება საერთოდ არ სურთ, რადგან ისინი ინიციატივით გამოდიან, რომ თუ რომან გოცირიძე გამოვა და იტყვის, რომ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას მის მიმართ რეაგირება უნდა მოჰყვეს. ამას გვთავაზობენ. ვიხუმრეთ, თუმცა საკითხს სერიოზულად რომ მივუდგეთ, როგორ ჩანს, „ნაციონალურო მოძრაობა“ არჩევნებისთვის მზად არ არის, რადგან იციან, „ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი აქვს და მათი შანსები დაბალია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მომზადებული ორივე ალტერნატიული პროექტი ჩააგდო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |