1772
09 ნოემბერი 2019, 12:57
როგორც ჩანს, ფართო აუდიტორიისთვის კომპრომატების ომი, მტკიცებულებების გარეშე, ინტრიგის დონეზეც კი ვერ გახდა შთამბეჭდავი. კარი, სადაც მთავარი მოქმედი გმირი მეუფე პეტრეს ტიტულით შევიდა და მოქალაქე პაატა ცაავას სტატუსით გამოვიდა, მისთვის უფრო აღმოჩნდა ხაფანგი.
ისე ჩანს, რომ ის არც სინოდის სხდომის ასე სწრაფად ჩანიშვნას ელოდა და არც თავისი საკითხის განხილვას; ყველას ყურადღება, მათ შორის მედიისაც, მეუფე იაკობის ხმაურიან განცხადებაზე იყო ფოკუსირებული.
არავინ ელოდა, თუ უკვე განრისხებული პაატა ცაავა პატრიარქზე გაილაშქრებდა...
მან იერიში ილია მეორეზე მიიტანა, თუმცა, მხილებით მეუფე ზოსიმე ამხილეს, თანაც 30 წლის წინანდელ „ცოდვაში“, რომელსაც თავად მეუფე სრულ აბსურდსა და ტყუილს უწოდებს.
სხვა ბრალდებებიც გაისმა, მათ შორის, ისეთიც, რომლის გამოძიებასაც სახალხო დამცველი პროკურატურისგან ითხოვს.
სკანდალის ეპიცენტრში ისევ პეტრე ცაავა და მეუფე იაკობი არიან. ისინი ერთმანეთს უკვე დაეჯახნენ „ციანიდის საქმეზე“. იაკობს გამოძიების ვერსიის სწამდა, პეტრეს - დეკანოზ მამალაძის სიმართლის.
მეორედაც სკანდალი სწორედ მათი აქტიური ჩართულობით განვითარდა. მეუფე იაკობმა მოულოდნელად განაცხადა, რომ კვირიკაშვილის კაბინეტში, მისი პრემიერობის დროს, მას, პრემიერთან ერთად, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და სუსის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური შეხვდნენ. მაღალი თანამდებობის პირები მეუფეს პატრიარქის გადაყენებას სთხოვდნენ. სინოდის სხდომაც სასწრაფო წესით ჩაინიშნა და თითქოს ყველა მეუფე იაკობის დასჯას ელოდა, თუმცა, იაკობის სინანული სინოდმა ჭეშმარიტად მიიღო, მეუფე პეტრე კი გადააყენა.
უფრო ზუსტად, ეს დაპირისპირება გარეთ ჯერ კიდევ „ციანადის საქმემდე“ გამოვიდა. მათი პირველი ღია შეტაკება კორუფციულ თემებს უკავშირდება. დეკანოზი მამალაძე მეუფე პეტრეს დავალებასაც ასრულდება, როცა მეუფე იაკობი სერიოზულ კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.
პეტრეს მოკლე ბრალდებები ლამის „1001 ღამეს“ დაემსგავსა
შემდეგ იყო „ციანიდის საქმე“ და ბოლოს სინოდის სხდომა.
ამ ხმაურიანი სინოდის შემდეგ მეუფე იაკობი არც არსად გამოჩენილა და არც რამე უთქვამს, პაატა ცაავა კი ყველგან ჩნდება და ყოველდღე ახალ-ახალ ბრალდებებს აჟღერებს. მისი მოკლე ბრალდებები ლამის „1001 ღამეს“ დაემსგავსა.
მთავარი ინტრიგა მეუფე იაკობის შემთხვევაში - გაუგებარი დარჩა, შესთავაზეს მას პატრიარქის გადაყენება თუ ყველაფერი გაბრაზებულ გულზე მოიგონა, რადგანაც ამერიკაში არ წაიყვანეს - დელეგაციაში არ ჩასვეს; თუ ეს შეგნებული პროვოკაცია იყო, რაც მოინანია კიდეც?
მთავარი ინტრიგა მეუფე პეტრეს შემთხვევაში - გაუგებარი დარჩა, რატომ არ ამხელდა ის 30 წელი თუნდაც მეუფე ზოსიმეს, ან პატრიარქს?
ჯერ გაუგებარია, რას მიღებს ან მოიგებს მეუფე იაკობი თავისი დუმილით, რომელიც, ხალხურ სიბრძნეს თუ დავესესხებით, ზოგჯერ ოქროა;
გაუგებარია, რას მიიღებს და მოიგებს პაატა ცაავა აქტიური მხილებით, რომელიც, როგორც თავადვე ამბობს, ელოდება, რომ ისტორია ძეგლს დაუდგამს.
სანამ შვილიშვილები ან შვილთაშვილები ძეგლს დაუდგამენ, მას განაჩენს გამოუტანენ. დღემდე, ძირითადად მტკიცებულებების არარსებობის გამო, ასევე, არ არსებობს დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე: პატრიარქის წინააღმდეგ ბრალდება ცილისწამებაა თუ მხილება?
ვინ შეიძლება ფლობდეს კომპრომატებს
კომპრომატების არსებობაში ეჭვი არავის ეპარება, განსაკუთრებით მამა შალვას განცხადების შემდეგ. რამდენიმე დღის წინ მან თქვა:
„ნაცმოძრაობას“ წინამძღვრები მიჰყავდა უცხოეთში, ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდა. როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე საპატრიარქოში მოვიდნენ და პირდაპირ მოითხოვეს, თუ მხარს არ დავუჭერდით, ამ [ფარულ] კადრებს აუცილებლად გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩააგდებდნენ“.
ახლა საინტერესოა, ვის ხელშია ეს კომპრომატები. ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას განცხადებით, „საპატრიარქოში მოსასმენი და ჩამწერი აპარატურა სოსო ოხანაშვილმა დაამონტაჟა“. ცნობილია, რომ ის პატრიარქის დაცვის უფროსად ახალაიამ გაამწესა.
სოსო ოხანაშვილი „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთი ფიგურანტია, თუმცა, ამჯერად ის ქალაქ პეტერბურგში ცხოვრობს და მუშაობს. არადა, ეგრეთ წოდებული პროდასავლური ფრთის წარმომადგენლად მიიჩნეოდა. ის ამავე დროს პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის სიძეცაა.
საპატრიარქოში მოსასმენი და ჩამწერი აპარატურა სოსო ოხანაშვილმა დაამონტაჟა
მეუფე დიმიტრიც „ციანიდის საქმის“ ფიგურანტია. ერთ-ერთი ვერსიით, ხაზს ვუსვამთ, ვერსიით, ციანიდი დეკანოზმა მამალაძემ სწორედ მეუფე დიმიტრის ეპარქიაში შეიძინა. დუმილი რომ ზოგჯერ ოქროა, ეს მეუფე დიმიტრიმაც იცის. ჰოდა, დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობს. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა.
კომპრომატებს რომ მივუბრუნდეთ, ვის ხელში შეიძლება იყოს ის? „ნაციონალური მოძრაობის“, რადგანაც ისინი იწერდნენ, ინახავდნენ და, ხმებს თუ ვენდობით, ბევრი კომპრომატი თანაც გაიყოლეს? ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ კი. ამის ალბათობა ONGO საუბარში ვერც ჟურნალისტმა გოჩა მირცხულავამ გამორიცხა.
ბევრმა ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალს მიაქცია: დაახლოებით ერთი თვის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მოულოდნელად თქვა, რომ მას ტრადიციული შეხედულებები აქვს, ეროვნულ ღირებულებებს აფასებს და პატრიარქი ძალიან უყვარს. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად კი პერანგიდან ოქროს ჯვარი ამოიღო. მართალია, ღმერთის სადიდებელი ლოცვა არ წაუკითხავს, მაგრამ ეს არც იყო მთავარი.
და სანამ მეორე დღეს ველოსიპედითა და სპორტული ჩაცმულობით გამოგვეცხადებოდა თავისი ლიბერალური „ობრაზის“ საჩვენებლად, ყველა უბედურებაში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაადანაშაულა: „ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული“.
ეს იმდენად მოულოდნელი და პარადოქსული შემთხვევა იყო, რომ ბოკერიამ ყოფილ პოლიტიკურ ლიდერსა და მეგობარს ირონიული რეპლიკით უპასუხა: „მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს“.
ბევრი, ვინც სააკაშვილის მოულოდნელ რელიგიურ თავდასხმას ყურადღება მიაქცია, დარწმუნებულია, რომ მიშამ ძალიან კარგად იცოდა, რა პროცესები დაიწყებოდა მალე, სულ რაღაც ერთ თვეში, საქართველოს ეკლესიაში.
მეორე ვერსიით, არ არის გამორიცხული, კომპრომატები სოსო ოხანაშვილსაც გაეყიდა, მაგალითად, რუსებზე, რადგანაც, იგივე გოჩა მირცხულავას ანალიზით, დღეს ყველაზე მეტად რუსეთია დაინტერესებული საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე კომპრომატების ომით. „მათ სურთ, საპატრიარქოს ტახტზე მოსკოვისთვის მისაღები პატრიარქი იხილონ“, - ამბობს მირცხულავა. რას ნიშნავს მისაღები პატრიარქი ან რა ინტერესები აქვს კრემლს, ამაზე ცოტა ქვემოთ.
პრეცედენტები ადრეც გვქონდა. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადამდგარმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც საიდუმლო დოკუმენტები სწორედ რუსეთს მიჰყიდა. მაშინ ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ძალოვნებს ირაკლი ოქრუაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის რუსეთში გაქცევის გამო უსაყვედურა.
ნებისმიერს შეიძლება კომპრომატები ჰქონდეს. თუმცა, მოქალაქე პეტრე ცაავას უკან ნებისმიერი ვერ იდგება
მოგვიანებით, ირაკლი ოქრუაშვილი ისევ რუსეთის დახმარებით დააპირებს საქართველოში დაბრუნებას და რევოლუციის მოწყობას, მაგრამ ესეც სულ სხვა ისტორიაა.
მესამე ვერსიით, კომპრომატები ოხანაშვილს, შესაძლოა, ხელისუფლებისთვისაც მიეყიდა და სანაცვლოდ უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიები მიეღო. მას „ციანიდის საქმის“ კონტექსტში უკვე არავინ ახსენებს.
გამოდის, რომ ნებისმიერს შეიძლება კომპრომატები ჰქონდეს. თუმცა, მოქალაქე პეტრე ცაავას უკან ნებისმიერი ვერ იდგება. აქ კი ზოგიერთი ექსპერტის მსჯელობა ალოგიკური ჩანს. მაგალითად, არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, პეტრეს, იგივე პაატას, უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უკანაც ივანიშვილი დგას, რადგანაც სწორედ ისინი უცხადებენ პეტრეს მხარდაჭერას.
ასეთი შეუსაბამობა სხვაც ბევრია. მაგალითად, გაუგებარია, რატომ ებრძვის პრორუს ილია მეორეს პრორუსი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამას ოპოზიცია გვიმტკიცებს.
პოლიტიკურ ორიენტაციასაც რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკლესიის სრული მხარდაჭერა აქვს და ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველ ძალას კომპრომატების ომი გაეჩაღებინა.
საერთოდაც, ისტორია გვიჩვენებს, რომ დესტაბილიზაცია ოპოზიციას აწყობს და არა ხელისუფლებას. საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან.
2010 წელს ეკლესიაში მამების მხილების ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. მაშინდელი ხელისუფლების დიდი მეცადინეობის შედეგად, მაშინ ეს პროტესტი მედიას არ გაუშუქებია.
ვის რა ინტერესები აქვს ეკლესიაში
ხელისუფლებას, ერთი მხრივ, არ აწყობს ბუნტი ეკლესიაში, თუმცა, თუკი ეს ინსტიტუტი ნაციონალების გავლენებისგან განთავისუფლდება, ამას მხოლოდ მიესალმება. მამა შალვას განცხადება მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ყოფილ მმართველ ძალას კომპრომატების საშუალებით ეკლესიაში გავლენები ჰქონდეს.
ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2016 წელს პარლამენტში მოხვდა, ჰქონდა არა მხოლოდ საკუთარი სატელევიზო არხი, არამედ გარკვეული ჯგუფების მხარდაჭერა ეკლესიაში.
ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას განმარტებით, არსებობს დიდი ეჭვიანობა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ვის მომხრეებს ჩარეცხავს კომპრომატები, ამის თქმა ჯერ შეუძლებელია. ერთია ის, რასაც ღიად ვადევნებთ თვალს და მეორეა, რაც კულისებში ხდება.
არსებობს დიდი ეჭვიანობა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში
ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას მოსაზრებით, დაპირისპირების სკანდალური პროცესით ყველაზე მეტად და კარგად შეიძლება რუსეთმა ისარგებლოს. მისი განმარტებით, დაუძლურებული პატრიარქის გადაყენება მოსკოვსაც ეჩქარება, რადგანაც ილია მეორე ვითარებას ვეღარ აკონტროლებს. ეს კი იგივე უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარებას საფრთხეს უქმნის. „ჩქარობს იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესიაში არიან მღვდელმთავრები, რომლებიც უკრაინის ავტოკეფალიას მხარს უჭერენ. პატრიარქს სინოდშიც ჰყავს მეამბოხეები და მათ უკვე ვეღარ აკონტროლებს“, - ამბობს ის.
რუსული იდეოლოგიის გამტარებლად გოჩა მირცხულავა რამდენიმე პირს ასახელებს, მათ შორისაა მოსაყდრე შიოც.
კორუფციის სკანდალმა, რომელიც „ციანიდის საქმემდე“ იყო, დიდი რეზონანსი ვერ გამოიწვია, ისევე როგორც ვერც თავად „ციანიდის საქმე გახდა ეკლესიაში სერიოზული ძვრების მიზეზი, თუმცა, სისტემის ჩამოქცევა ვერც სექსთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეძლო.
არადა, თავის დროზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ციხის კადრებმა სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა შეცვალა. ახლა განცხადებები გაკეთდა, თუმცა კადრი არ ჩანს. შესაბამისად, ჯერ არც შედეგია და არც ეფექტი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |