სტატიები
Misha’s way - პოლიტიკური მოსე და აღთქმული გამარჯვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1448 16 ივლისი 2020, 21:26


ქეთი ხატიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა თავი პოლიტიკურ მოსედ გამოაცხადა, ქართველ და უკრაინელ ელექტორატს აღთქმულ ქვეყნამდე მისაყვანად „მიშას გზა“ შესთავაზა და გამარჯვების პირობაც დადო:

„ზუსტად ვიცი, რომ რეგიონულ ლიდერად მივიჩნევი... ჩემი გზა „მიშას გზაა“ და ჩვენ გავიმარჯვებთ!“

სააკაშვილს ელექტორატზე წარმოდგენაც მითოლოგიზებული აქვს - დიდი ხალხები: უკრაინა, საქართველო - მონობისგან უნდა იხსნას და თავისუფლება აჩუქოს. „მიშას გზა“ ახალი მიმართულებაა, აღთქმული ქვეყანა - განათებული და ბედნიერი სივრცე, სადაც „ახალმა ქართველებმა“ ახლებურად უნდა იცხოვრონ. ათი პოლიტიკური მცნება ჯერ არ არის დაწერილი, მხოლოდ რამდენიმე პოსტულატია ცნობილი. პირველი და უმთავრესი ასე ჟღერს: პოლიტიკაში უნდა გყავდეს მხოლოდ ერთი ბელადი, ეს ბელადი უნდა იყოს მიხეილი და მას არ უნდა უღალატო. დანარჩენი, როგორც ჩანს, გზაში დაგვეწევა.   

თუმცა, ამ გზაზე მსვლელობის მოსურნეთა რიგში ჯერ მხოლოდ 90-იანი წლების ერთკაციანი პარტიები დგანან და ათ პოლიტიკურ მცნებაზე მეტად, ნაციონალების საარჩევნო სიაში გამსვლელ ადგილებსა და კვოტებს ითხოვენ. 

და, აი, აქ მიშას მითოლოგია ირღვევა და რეალობა ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ სიმახინჯეებს აჩენს. ეს კი სააკაშვილს პოლიტიკურ რომანტიზმსაც უფუჭებს და გამარჯვების ილუზიებსაც უმსხვრევს. 

პოლიტიკურ მოსეს უტოპიაში ტკბობას „ეგვიპტის ფარაონები“ (მის წარმოსახვაში პუტინის ოლიგარქები) კი არა, საკუთარი თანამებრძოლები და გუნდის წევრები არ აცდიან. მაგალითად, გიგა ბოკერია და გიორგი ვაშაძე. 

წინა პოლიტიკურ ცხოვრებაში ორივე მათგანი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი იყო, ბოკერია - უფრო მეტად და ახლოს, ვაშაძე - უფრო ნაკლებად და ცოტა დისტანციურად. თუმცა, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ სად იდგა მაშინ, მთავარია, ვის სად უნდა დგომა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

ორივე მათგანი ძალიან ამბიციურია. ორივეს საკუთარი გამოწვევები აქვს.

ბოკერიას დღემდე საყვედურობენ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის გამო. თუმცა, მისი მიზანი პარტიის გაყოფა არ ყოფილა. საქართველოდან სააკაშვილის გაქცევის შემდეგ მას სურდა, მიშას პოლიტიკური მემკვიდრე ყოფილიყო, მაგრამ არ დაუთმეს. მეტიც, ეს ლოგიკური პოლიტიკური ამბიცია ღალატად ჩაუთვალეს. მითოლოგიისკენ მიდრეკილი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პუტინის ოლიგარქმა ბოკერია მის წინააღმდეგ მოისყიდა და ახლა გიგას მიზანი და ამოცანაა, როგორმე შეაჩეროს პოლიტიკური მოსეს სვლა აღთქმული მიწისკენ.

ასეთივე პერსონაჟად ყალიბდება გიორგი ვაშაძეც. მისი დანაშაულიც ლოგიკური პოლიტიკური ამბიციაა - გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის, მიშას გაქცევის შემდეგ პარტიის პატრონობაზე პრეტენზიები ვაშაძესაც ჰქონდა. შემთხვევითი არ იყო, რომ მაშინ ის ბოკერიას აკრიტიკებდა: დაიღალა, წავიდეს, დაისვენოსო. თუმცა, სწორედ ამ დაღლილმა ბოკერიამ შეადგინა 2016 წელს საარჩევნო სია და პარტიის დაკარგვის შემდეგ პარლამენტში ნაციონალების დიდი ფრაქცია ორად გაყო. მას 21 კაცი ერგო, მიშას - მხოლოდ შვიდი.

სააკაშვილმა ბოკერიასგან კარგი გაკვეთილი მიიღო და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთა. ჰოდა, ახლა საარჩევნო სიაში ის მხოლოდ ნდობით აღჭურვილ პირებს შეიყვანს. მაგრამ ვინ არიან ისინი? მიშას რევოლუციური ოცნებები ვერც ბოკერიამ აახდინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ვერც გრიგოლ ვაშაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. გიორგი ვაშაძისთვის შანსის მიცემა არც განიხილება. პოლიტიკური ამბიციების გამო, ის ნაციონალებმა ერთხელ უკვე ჩაქოლეს. 

სანამ „მიშას გზას“ გაუდგებიან, რიგი ჯერ „მიშას კარზე“ დგას. ვინ მიიღებს ბილეთს და ვინ გაჰყვება მიშას აღთქმული ქვეყნისკენ? ისე ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი არც ვაშაძეს და არც მის კარზე ატუზულ ერთკაციან პარტიებს არ ენდობა. იცის, სხვასაც ისევე შეუძლია მათი ყიდვა, როგორც ის ყიდულობს ახლა მათ. და მაშინ როგორ გადალახავს მიშა პოლიტიკურ უდაბნოს და როგორ მივა განათებულ, აღთქმულ ქვეყნამდე? 

ამიტომაც, მიშას ლეგიტიმური შიშების გამო, გაერთიანებულ ოპოზიციაში დიდი არეულობაა. ნაციონალების ლიდერი გრძნობს, რომ გადამწყვეტ ომად გამოცხადებულ არჩევნებში არც ბაჩუკი ქარდავა გამოადგება, რომლის ფასიც მინუსებშია გადასული, და არც ნიკა მაჭუტაძე. ნახტომისთვის, რომლისთვისაც სააკაშვილი ემზადება, ისინი ვერ დაეხმარებიან. და მაშინ ვინ?

პოლიტიკური მოსე ჯერ ისევ მოკავშირეებს ეძებს, „მიშას გზა“ კი კვლავაც ილუზიად რჩება. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს სააკაშვილი უტოპიური გეგმების მორიგ სეზონში.   


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი