2340
11 ივლისი 2020, 12:24
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოთხოვნით, გააუქმა თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის (თურქთა მამის) 1934 წლის განკარგულება აია სოფიას ტაძრისათვის სამუზეუმო სტატუსის მინიჭების შესახებ.
იმ დროს ევროპისკენ მსწრაფი თურქეთი, „ვესტერნიზაციის“ პროცესში, ბევრ ამგვარ გადაწყვეტილებას იღებდა: მაგალითად, საბოლოოდ დამკვიდრდა ლათინური ანბანი ნაცვლად არაბულისა, გადაიდგა ნაბიჯები ქალთა ემანსიპაციისკენ, ხოლო მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსი მიკუთვნება იყო ისტორიული კომპრომისი, რაც მაჰმადიანებსაც აკმაყოფილებდა და ქრისტიანებსაც. თუნდაც ნაწილობრივ და იმგვარად, რომ მათ შორის საუკუნოვანი შუღლი არ განახლებულიყო.
რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ქემალი ევროპას ეუბნებოდა, რომ მან საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი ოსმალთა იმპერიის იდეოლოგიასთან; შესაბამისად, აშენებს საერო სახელმწიფოს, უარს ამბობს იმპერიულ მემკვიდრეობაზე, აღარ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები მეზობლებთან, სცნობს პირველი მსოფლიო ომის შედეგებს და სურს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ისევე როგორც მთელს ევროპასთან ურთიერთხელსაყრელი, პარტნირული ურთიერთობა ერდოღანის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც უბრალოდ გააფორმა თურქეთის სასამართლო ხელისუფლებამ, მთლიანად ანგრევს „ვესტერნიზაციის“ პროექტს და აბრუნებს თურქეთს, იდეოლოგიისა და „სახელმწიფო პროექტის“ დონეზე, ათათურქის წინარე ეპოქაში, ესე იგი ოსმალთა იმპერიის ხანაში. თუნდაც ჯერ-ჯერობით არა ფიზიკურად ანუ კონკრეტული საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით (თუმცა ესეც სავარაუდოა) მაგრამ იდეოლოგიურად მაინც.
შეილესება თუ არა უნიკალური ფრესკები?
დასავლელმა ლიდერებმა უკვე გამოთქვეს აღშფოთება ამ გადაწყვეტილების გამო. არ დააყოვნა „იუნესკოს“-ს პროტესტმაც. თუმცა ძალიან საეჭვოა, ერდოღანმა უკვე მიღებული გადაწყვეტილება გადათქვას „გარედან“ ზეწოლის შედეგად: ეს მას ხელისუფლებად დაუჯდება, რადგან უამრავი მტერი ჰყავს უშუალოდ თურქეთში, მათ შორის სამხედრო წრეებში. არმიის წინაშე სისუსტის გამომჟღავნება კი მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია.
ბუნებრივია, თურქეთის ლიდერს, რომელსაც აშკარად სურს ისეთივე როლი შეასრულოს, როგორც კონსტანტინეპოლის დამპყრობმა მეჰმედ მეორემ ან იმავე ქემალ ათათურქმა, წინასწარ ექნებოდა ყველა შესაძლო რეაქცია გათვლილი და მათ არ შეუშინდება.
ახლა მთავარი საკითია, რა ბედი ეწევა „აია სოფიას“ ტაძრის უნიკალურ ფრესკებს. მათ შორის ღვთისმშობლის გამოსახულებას: სანამ ეს ტაძარი მუზეუმი იყო, ქრისტიანული ფრესკები იოლად უთავსდებდნენ ისლამურ წარწერებს და სხვა მაჰმადიანურ „კოდებს“ თუ ყურანის „ნიშნებს“. მაგრამ რაკი უკვე მეჩეთად იქცევა, იქ ადამიანის ან წმინდანის ნებისმიერი გამოსახულება გამორიცხულია. ამას პირდაპირ კრძალავს ყურანი.
ერდოღანი ყურანის მოთხოვნას არ დაარღვევს და ვერც დაარღვევს, როგორც არ უნდა სურდეს (თუ საერთოდ სურს) ამ საკითხში კომპრომისი, რაკი მთელი ისლამური სამყარო დაუპირისპირდება: მაშინ მისთვის სჯობდა საერთოდ არ მიეღო მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება.
რაღა რჩება?
როდესაც სულთანმა მეჰმედ მეორემ 1453 წელს კონსტანტინეპოლი აიღო და აია სოფია მეჩეთად გადააკეთა, ქრისტიანული ფრესკები უბრალოდ გადალესეს.
ოთხი საუკუნის შედმეგ თურქეთი თანდათან დაადგა ვესტერნიზაციის ბილიკს, ნალესი ჩამოფხიკეს და უნიკალური გამოსახულებანი კვლავ გამოჩნდა.
ახლა კვლავ გადალესავენ? თუ უარესი მოხდება და ჩამოფხეკენ? ან მხოლოდ დაფარავენ - განადგურების გარეშე? მაგრამ „დაფარვა“ იმავე კითხვებს წარმოშობს ისლამურ სამყაროში: „ხომ არ შეიცვლება მომავალში, კიდევ ერთხელ, გადაწყვეტილება მეჩეთად გადაკეთების შესახებ?“
რატომ სდუმს კრემლი?
აია სოფია (წმინდა უზენაესი სიბრძნის ტაძარი) VI საუკუნეში აშენდა აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობისას. ბევრჯერ დაიწვა ან დაინგრა მიწისძვრით, თუმცა საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს ცენტრად და სიმბოლოდ.
რუსეთი განრისხებულია კონსტანტინეპოლის პატრიარქზე - უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო და ნამდვილად მოხარული იქნება, თუ მსოფლიო პატრიარქს ასე დაამცირებენ
1453 წელს მისი სტატუსის შეცვლა მთელი სამყაროს „შეტრიალება“ იყო და სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი. რეჯეფ ერდოღანი, ამ გადაწყვეტილებით, კვლავ ცდილობს ძველ|ახალ ეპოქაში თურქეთის და მთელი რეგიონის დაბრუნებას. ის არანაირ ანგარიშს არ უწევს არა მხოლოდ დასავლეთს, არამედ რუსეთს.
საინეტერსოა, რომ მოსკოვი ჯერ-ჯერობით, შეიძლება ითქვას, სდუმს. მართალია რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოთქვა „წუხილი“, მაგრამ კრემლს ეს საკითხი დიდად არ აღელვებს: რუსული სახელმწიფო ტრადიცია გულისხმობს, რომ სწორედ მოსკოვია „მესამე რომი“ მას შემდეგ, რაც თურქებმა აიღეს კონსტანტინეპოლი. „სოფიის ტაძრის“ მეჩეთად გადაკეთება მხოლოდ ამყარებს ამ იდეოლოგიას. გარდა ამისა, რუსეთი განრისხებულია კონსტანტინეპოლის პატრიარქზე - უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო და ნამდვილად მოხარული იქნება, თუ მსოფლიო პატრიარქს ასე დაამცირებენ.
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წილი პასუხისმგებლობისა ევროკავშირსაც ეკისრება: თურქეთი რომ მიეღოთ გაერთიანეაბში მაშინ, როცა რესპუბლიკას თანსუ ჩილერი და სხვა „ქემალისტები“ მართავდნენ, მსოფლიო ამ მოვლენებს ნამდვილად ასცდებოდა.
საქართველოსთვის კი მთავარი ისაა, ზემძლავრ სახელმწიფოში ამ ისტორიულმა ცვლილებამ მეზობლების მიმართ მისი პოლიტიკა არ შეცვალოს, ანუ, პირობითად თუ ვიტყვით, დედაქალაქი დარჩეს ანკარაში და არ გადავიდეს (სიმბოლურადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც) სტამბულში.
თუმცა არ არის გამორიცხული, ერდოღანმა ეს გადაწყვეტილებაც მიიღოს იმავე იდეოლოგიის ფარგლებში.
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |