847
06 ივლისი 2020, 20:54
მინდა, ყველა მეწარმეს ვუთხრა – თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის, რესტორნის, სასტუმროს ანდა სხვა ობიექტის მფლობელს, რომ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნის შემთხვევაში შემოსავალი მოემატება, ცდება. ასეთ შემთხვევაში, ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი გვეყოლება, რაც საკმარისი იქნება კორონავირუსის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
როგორც მინისტრმა განაცხადა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოიწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ რეალურად გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას. დღეს, ჩვენი ეკონომიკა მცირდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ვფიქრობთ, -6%-ზე ავა, მაგრამ ამ ტიპის უკონტროლო გახსნის შემთხვევაში, იქნება -7% ან – 8%. ჩვენ ეს ყველაფერი დათვლილი გვაქვს. სწორედ ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს საზღვრების გახსნის მიმართ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, „თუ გვინდა, ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია”. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეკონომიკის აღდგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული სიტუაციის შენარჩუნებას, როდესაც საქართველო, პრაქტიკულად, „კოვიდ-19“-ისგან თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა.
„ხშირად ამბობენ ეკონომიკა თუ „კოვიდ-19“-ის გავრცელება?! დამერწმუნეთ, ეკონომიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეპიდემიის მართვა და მისი ფართოდ გავრცელების შეზღუდვა. მიშვებული ეპიდემიის პირობებში არც ეკონომიკა გაქვს და გავრცელებაც მასშტაბურია. თუ ავიღებთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითს ვნახავთ, რომ ზოგიერთმა, ვირუსის მიმართ ძალიან ღია და ლიბერალური მიდგომა გამოიჩინა, იმისთვის რომ ეკონომიკა არ დაეზარალებინა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, ერთთვიანი ან 6-კვირიანი მკვეთრი კარანტინი დააწესა. იქ, სადაც ეკონომიკური აქტივობა არ შეიზღუდა 4-5 თვის ჯამური ეფექტი მიიღეს შემდეგი: ქვეყანაში არის 10-ჯერ მეტი დაღუპული, ეკონომიკა კიდევ უფრო შენელებული, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელმაც 4-6 კვირის ფასი გადაიხადეს, სრულად დაკეტა ქვეყანა, მაგრამ დღეს, გაცილებით უფრო ოპტიმისტია იქაური მომხმარებელი და გაცილებით უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება ქვეყნის ეკონომიკაც. დამერწმუნეთ, ეს არის ყველაზე სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, ჯობია, რომ ვიყოთ უფრო მკვეთრები, მაგრამ უფრო მკაფიოები და დამაჯერებლები. როცა საჭირო იყო მაქსიმალურად ჩავკეტეთ და როცა ვნახეთ, რომ რისკი არ არის, გავხსენით მაქსიმალურად. ახლა ვხედავთ, რომ გარედან ვირუსის შემოსვლის რისკი მაღალია და მისი ეკონომიკური ფასი ძალიან მცირეა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |