სტატიები
ლელო ბიჭის პოლიტიკური „ალილუია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1858 02 ნოემბერი 2019, 12:03

ანაკლიის პროექტი - მასშტაბური ბიზნესიდან შუამავლობამდე დაყვანილი ინტერესები

არ ვიცი, სხვა როგორ, მაგრამ პირადად მე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხაზარაძის ჯგუფი ანაკლიის პორტის პროექტში ჩაერთო, როგორც შუამავალი ხელისუფლებასა და უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ასეთ დასკვნამდე მივედი, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აღმასრულებელ დირექტორს ლევან ახვლედიანს მოვუსმინე. ის საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მიიწვიეს. 
აშკარად გამოჩნდა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთოდ არ იყო მზად ამ პროექტისთვის, არც გამოცდილება ჰქონდა შესაბამისი და არც ფინანსები. მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში ის ქართულ-ამერიკულ კომპანიად იყო დაფიქსირებული, ტენდერის პირობებს არ აკმაყოფილებდა. ამის შესახებ უკვე ქართულ-ჩინური მხარე აცხადებს. ფილმში, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მათი მომზადებულია, საუბარია იმაზე, რომ გამარჯვებულ კომპანიას ის თანხაც კი არ ჰქონდა ანგარიშზე, რომელიც ტენდერის პირობების მიხედვით აუცილებელი იყო. 

POWERCHINA - პორტის მშენებლობისთვის საჭირო თანხების 15%-ს საკუთარი აქტივებიდან გაღებას, 70%-ს ის ჩინური ფინანსური ინსტიტუტებიდან მოიზიდავდა. და რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფო გარანტიებს არ ითხოვდ

ტენდერში ბოლოს ქართულ-ჩინური და ქართულ-ამერიკული კომპანიები დარჩნენ:
პირველი 70 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ აქტივს ფლობდა. ეს იყო POWERCHINA მისი ქართველი პარტნიორი გახლდათ ლონდონში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი თემურ ქარჩავა. მას ბიზნესი რუსეთშიც ჰქონდა. კომპანია თავის თავზე იღებდა: პორტის მშენებლობისთვის საჭირო თანხების 15%-ს საკუთარი აქტივებიდან გაღებას, 70%-ს ის ჩინური ფინანსური ინსტიტუტებიდან მოიზიდავდა. და რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფო გარანტიებს არ ითხოვდა. 
მეორე კომპანიის ამერიკელი პარტნიორი გახლდათ „კონტი ჯგუფი“ - „თიბისი ჰოლდინგთან“ ერთად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი. „Conti International“-ის აქციების წილი 42,18%-ს შეადგენს. მათ გაიმარჯვეს, თუმცა უკვე მესამე წელია, თანხა ვერ მოიძიეს. სამაგიეროდ, სახელმწიფოს მხრიდან იმ 400 მილიონის დაზღვევას ითხოვდნენ, რომელიც კრედიტების სახით უნდა მოეზიდათ.  

ანაკლიის კონსორციუმი - 40-ჯერ შეცვალეს ტენდერის პირობები, ფული ვერ მოიზიდეს და სახელმწიფოსგან 400-მილიონანი კრედიტის დაზღვევა მოითხოვეს
 

ტენდერი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გამოცხადდა და გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას დასრულდა. კვირიკაშვილის დროს ტენდერში მისმა მეგობარმა მამუკა ხაზარაძემ გაიმარჯვა. გამარჯვებულებმა შემდეგ 40-ჯერ შეცვალეს ტენდერის პირობები, ფული ვერ მოიზიდეს და სახელმწიფოსგან 400-მილიონანი კრედიტის დაზღვევა მოითხოვეს. სწორედ ამის გამო, პრემიერ კვირიკაშვილის დიდი ძალისხმევითა და ლობირებით საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა სპეციალური გარანტიები ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, რაც ინვესტორებისთვის იმის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, რომ პროექტს სახელმწიფოს თავდებობა ექნებოდა. თუმცა, პარლამენტმა ჩანაწერს დეტალებით გაწერილი კანონი აღარ მიაყოლა - ხელისუფლება 400 მილიონი კრედიტის დაზღვევის წინააღმდეგი წავიდა. როგორც ჩანს, კვირიკაშვილმა ეს წინადადება ვერ გაიტანა.
რას ნიშნავს კრედიტის დაზღვევა? მარტივად ეს ნიშნავს იმას, რომ, თუკი ანაკლიის პორტი ვერ ამუშავდება და ინვესტორი წაგებაზე წავა, მას საქართველოს ხელისუფლება დანაკარგს ბიუჯეტიდან აუნაზღაურებს. 
მართალია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ახლა პირობები ისევ შეცვალა და დაზღვევისთვის საჭირო თანხა შეამცირა, მაგრამ, მის გარშემო ატეხილი არაერთი სკანდალის გამო, რეპუტაცია აღარ აძლევს საშუალებას, ფინანსები მოიზიდოს. 
მიუხედავად იმისა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ბიზნესპროექტშია ჩართული, მან პოლიტიკური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა. როგორც წესი, ქართულ პოლიტიკაში ყველა ყველას, ვინც არ მოსწონს ან რამეში ხელს უშლის, პრორუსად აცხადებს. ჰოდა, კონსორციუმის ქართულმა მხარემაც (მამუკა ხაზარაძე) ჩინური კომპანია რუსეთის ინტერესად მონათლა. თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ლობირება გაეწია „მერიდიანისთვის“, რომელიც ყაზახური კომპანიაა და როგორც მედიაში წერენ, რუსეთთან კავშირებიც პირდაპირი აქვს. ამ ხმების პასუხად, პარლამენტში ლევან ახვლედიანმა განმარტა, რომ ყაზახეთი საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა. 

ეს აჟიოტაჟი და საქმის გახმაურება მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარ დაკავებას, თუკი ხელისუფლება მას მაინც დააპატიმრებს, პოლიტიკური ნიადაგი მოუმზადოს
 

კონსორციუმმა ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული სხვა მავნე ჩვევაც - შანტაჟისა და აჟიოტაჟის - კარგად აითვისა. პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას ლევან ახვლედიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ტენდერის ჩაშლის შემთხვევაში ის ჟენევაში იდავებს და ეს პროცესი ორ წლამდე გაიწელება.
ექსპერტების აზრით, ხელისუფლებამ კონსორციუმს ბევრი შანსი მისცა, შესაბამისად, სადავო არც არაფერი იქნება. სხვების მოსაზრებით კი, ეს აჟიოტაჟი და საქმის გახმაურება მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარ დაკავებას, თუკი ხელისუფლება მას მაინც დააპატიმრებს, პოლიტიკური ნიადაგი მოუმზადოს. 

დიდი ბიზნესიდან მცირე პოლიტიკაში

პოლიტიკა, როგორც პოლიტიკური თავშესაფარი - ამ ფორმულაში მამუკა ხაზარაძის ბიოგრაფია, უფრო სწორად, ბიზნესის მაღალი საფეხურიდან პოლიტიკაში (ჯერ მხოლოდ) დაბალ საფეხურზე გადახტომა, კარგად ჯდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილი კლასიკაა. მოვლენები ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა. შესაბამისად, იყო იმის საშუალებაც, დავკვირვებოდით, როგორ იხრებოდა ხაზარაძე პოლიტიკისკენ გამოძიების გააქტიურების პარალელურად. უფრო ზუსტად, ხელისუფლებასთან პრობლემების გაზრდასთან ერთად.
მივყვეთ ამ კვალს. ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში მშვიდობაა. მამუკა ხაზარაძე დარწმუნებით აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უკვე წლის ბოლოს დაიწყება. იმავე პერიოდში დასძენს, რომ ლარის კურსზე პანიკაც მოქმედებს, ამიტომაც ხელისუფლების პოზიციას იზიარებს და მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვეს. 
2018 წლის დასაწყისში TBC-ს დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა: „ბანკებმა უნდა მოვითმინოთ“. ამ ფრაზით მან მხარი დაუჭირა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა 2023 წლისთვის გადაიდო. 
2019 წლამდე, როცა რეალური პრობლემები გამოჩნდა, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ის მზად არის, მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ეკონომიკას დაეხმარება. თუმცა, მოგვიანებით ვნახავთ, რომ ამ ინიციატივებს შორის პოლიტიკაცაა. მამუკა ხაზარაძემ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და პირველად და ღიად მოუწოდა მოსახლეობას, მხარი დაუჭიროს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს.
ამასობაში 2019 წელიც დადგა. წლის დასაწყისშივე ცნობილი გახდა, რომ გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. 
მამუკა ხაზარაძე აცხადებს: „ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას“.
რამდენიმე დღეში ამბობს, რომ მზად არის დიალოგისთვის. 
ოპოზიცია უკვე გრძნობს, რომ გარკვეული ფინანსური რესურსისა და სოლიდური იმიჯის ფიგურა შეიძლება, ოპოზიციის ბანაკში აღმოჩნდეს. დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოდან“ მას პარლამენტში მისვლას სთავაზობს, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი ციხეში წასვლას უწინასწარმეტყველებს. 
გამოძიების დაწყებიდან ორ თვეში მამუკა ხაზარაძე პარლამენტში მიდის. როგორც ჩანს, მას მაინც აქვს ვერტიკალზე „დალაგების“ იმედი, ამიტომაც ამბობს: ჩვენ ვართ ბიზნესმენები და პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არანაირი ტრიბუნა არ გვჭირდება“. 
მეორედ პარლამენტში ის რამდენიმე დღეში ისევ მიდის, გამოძიება უკან არ იხევს და ხაზარაძე-ჯაფარიძეს  იმ მომენტისთვის უკვე დატოვებული აქვთ TBC-ში საკუთარი აქციები (20%). სწორედ ამ ფონზე მამუკა ხაზარაძე „პოლიტიკური აჟიოტაჟის“ მეთოდს მიმართავს და სკანდალურ „მუქარის წერილზე“ საუბრობს. 

ანაკლია
არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, სერიოზული დავა იქნება
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკოსი
 

იმ ხმაურიან სხდომაზე მამუკა ხაზარაძე ამბობს: ტყუილია, თითქოს მე გადამაყენეს, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რათა ბანკი არ ჩამონგრეულიყო. „მუქარის წერილის“ ავტორად კი პრემიერ გიორგი გახარიას ასახელებს (მაშინ, როცა წერილი მიიღო, გახარია ჯერ კიდევ შს მინისტრია). 
ხაზარაძემ ეს აჟიოტაჟი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის წინა დღეს ატეხა. გამოკითხვის შემდეგ ის აცხადებს: „მე ვნახე საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პროკურატურა“; „მუქარის წერილი გავაგზავნე ლონდონში ექსპერტიზაზე“. ხაზარაძე არ ასახელებს შუამავალს, პირს, ვინც „მუქარის წერილი“ მიუტანა.  

გინდა „ენკი-ბენკი“ დაარქვან და გინდა „წერილი და სიხარული“

2019 წლის მარტის დასაწყისში მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტიდან ის ისე მშვიდად არ წავა, როგორც TBC-დან წავიდა: „არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ძალზე სერიოზული დავა იქნება“. 
წერილთან დაკავშირებით ატეხილ „პოლიტიკურ აჟიოტაჟზე“ კი ამბობს: გინდა „ენკი-ბენკი“ დაარქვან და გინდა „წერილი და სიხარული“. 
მაისის ბოლოს ის პირველად აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების პირასაა. უკვე იცის, რომ მალე პროკურატურა მას ბრალს წაუყენებს. ბრალდების წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე კი ახალი მოძრაობის დაფინანსებას აანონსებს. ამ განცხადებიდან 15 დღეში ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პროკურატურაში ბრალი  ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურიდან გამოსულმა ხაზარაძემ პროკურატურას კვლავ „საბჭოთა მენტალიტეტის“ მატარებელი უწოდა. ვიღაცის, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გასაგონად კი თქვა: „არავის ეგონოს, რომ გამაჩერებს“. 
25 ივლისს სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძეს 700-700-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს. ხაზარაძე მალევე ტოვებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ჯაფარიძე კი - თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. 
26 ივლისს მამუკა ხაზარაძე იტყვის: „ერთი კაცი მართავს ქვეყანას... ბრძოლას გავაგრძელებ“. და ის პირველად ამბობს, რომ დააფუძნებს პარტიას. მას დაუყადაღეს ანგარიშები და ისევ პროკურატურაში დაიბარეს. ხაზარაძე პირველად მაშინ აკეთებს მინიშნებას, რომ ანაკლიაში მას რუსული ინტერესების გამტარებლები ებრძვიან. 
ამის შემდეგ ის ტაქტიკად სწორედ კრემლის ინტერესებთან დაპირისპირების ხაზს ირჩევს, პარალელურად კი „პოლიტიკური აჟიოტაჟის“ მეთოდს იყენებს. ხაზარაძის ადვოკატი აცხადებს, რომ „მუქარის წერილზე“ თითის ანაბეჭდებია აღმოჩენილი. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პრემიერმა მუდმივ ლაპარაკს, ორიგინალის პროკურატურაში წარდგენა ურჩია, ხაზარაძემ წერილი საგამოძიებო ორგანოს მართლაც გადასცა. 
მამუკა ხაზარაძის ისტორია ბიზნესში თუ დასრულდა, პოლიტიკაში არ დასრულებულა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ არც დაწყებულა; და რაც დაიწყო ეს ალიბის შექმნის მცდელობას უფრო ჰგავს ვიდრე პოლიტიკას.   













სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი