1655
17 ივნისი 2020, 12:31
მამუკა შონია
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკვე „თითქმის“ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ინგუში (ვაინახი) ვასამბეგ ბადრის ძე (!) ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, როცა საქართველოში შემოვიდა, შემდეგ ყალბი საბუთებით პანკისის ხეობაში ცხოვრობდა და ბოლოს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადმობარგდა.
გახარიას თქმით „აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული“. მთავრობის მეთაური უეჭველად ჟურნალისტის მკვლელობას გულისხმობდა.
აქვე უნდა ითქვას ჩვენი „კონტრდაზვერვის“ სასარგებლოდ: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი იგებენ პანკისის ხეობიდან თბილისში საეჭვო პირთა გადაადგილების შესახებ. შეიძლება გავიხსენოთ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია და „ცალხელა აჰმედის“ ლიკვიდაცია. მაშინ უბედურების თავიდან აცილება და ფანატიკოსთა უსისხლოდ განეიტრალება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, ქართულ სპეცსამსახურებს აქვთ, პროფესიული ენით თუ ვიტყვით „ოპერატიული პოზიციები“ პანსკიში, რათა ხელი შეუშალონ ექსტრემისტულ ძალებს, რომლებიც ამ ხეობის ნამდვილ „კრაზანების ბუდედ“ გადაქცევას ლამობენ უკვე დიდი ხანია.
სისხლის კვალი
არც ისაა გასაკვირი, რომ ვასამბეგ ბოკოვი ჯერ-ჯერობით დაკავებულია მხოლოდ „ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვის“ ბრალდებით. ხელისუფლება აცნობიერებს: ამ საქმეზე შესაძლოა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, აუცილებელია აბსოლუტურად „წყალგაუვალი“ მტკიცებულებების „დადება“....... დღევანდელი ბრალდება კი მომავალში შეიძლება დამძიმდეს, ანუ „გიორგი გაბუნიას მკვლელეობის მომზადების ფაქტზე“ აღძრული საქმე შეიცვალოს ბრალდების საქმით რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ დაადანაშაულა ჩეჩნეთის კუნთმაგარი და ჭკუასუსტი ლიდერი რამზან კადიროვი მკვლელობის მომზადებაში. კადიროვმაც ჩვეულ სტილში უპასუხა: გაბუნიას მოკვლა რომ მდომოდა, უკვე მკვდარი იქნებოდაო.
ეს განცხადება ამ არსების არა იმდენად თავხედობას, რამდენადაც გონებაჩლუნგობას ადასტურებს. სწორედ ამიტომ იყენებდა და იყენებს მას კრემლი ათასი სისხლიანი დანაშაულისათვის: გროზნოში მიდის კვალი ბორის ნემცოვის, ანნა პოლიტკოვსკაიას და სხვა გახმაურებული მკვლელობებიდან. ]
როდესაც პუტინი დონბასს იპყრობდა, კადიროვს უბრძანა, ათასობით კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩენი გაეგზავნა აღმოსავლეთ უკრაინაში. სახელიც შესაფერისი ჰქონდათ: „ბატალიონი „სიკვდილი“. სხვათა შორის, ათეულობით დონბასელი ქალი გააუპატიურეს და როდესაც იქაურმა სეპარატისტებმა მოსკოვში იჩივლეს, კრემლიდან პასუხი მიიღეს: „რას ვიზამთ, ბიჭებს ჰორმონები უდუღთ, დასვენება უნდოდათ და მოითმინეთც - თქვენი მოკავშირეები არიანო“.
არაა გამორიცხული, ერთ-ერთი, ვინც ამგვარად „ისვენებდა“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სწორედ ვასამბეგ ბოკოვი ყოფილიყო. ეს უნდა სცოდნოდათ უკრაინის სპეცსამსახურებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ დონბასზე. ამას ადასტურებს რამდენიმე ბრწყინვალედ განხორციელებული სპეცოპერაცია სეპარატისტთა ლიდერების, მათ შორის პოლკოვნიკ ზახარჩენკოს ლიკვიდაციით.
ზოგიერთი ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახური (უუს) სწორედ ამ პროცესებიდან „ამუშავებდა“ კადიროვის ბანდის წევრებს, ისმენდა სატელეფონო საუბრებს, მათ შორის გროზნოსთან, უთვალთვალებდა დონეცკშიც კი და როდესაც მოიპოვა ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ, აცნობა ქართველ კოლეგებს.
სულ ახლახანს, ქისტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაც ბერლინში, სწორედ კადიროვის გარემოცვის მომზადებული და განხორციელებულია. „დერჟავას“ სპეცსამსახურებს ურჩევნიათ ასე - „მეორე, მესამე ხელით“ - აკეთონ ბნელი და სისხლიანი საქმეები. სულ ერთია, კადიროვს მაინც არაფერი მოეკითხება არც რუსეთში და რუსეთს გარეთ ხომ ის არასდროს დადის, რაკი ბევრ ქვეყანაში მის წინააღმდეგ საქმეებია აღძრული.
პუტინი უემოციოდ, ღიმილით და „ნაზად“ კლავს
მთავარი საკითხი მაინც ისაა, რატომ მიიღო „არამზადა რამზანმა“ ასეთი დავალება - მოეკლა ქართველი ჟურნალისტი. გავრცელებული ვერსიით, ეს იქნებოდა პუტინისა და რუსეთის სპეცსამსახურთა შურისძიება გაბუნიას შარშანდელი ტირადისათვის: პუტინის დედის საფლავ-გინებით.
მაგრამ ვერსია სერიოზულ დაკვირვებას ვერ უძლებს: შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტირიკოსი და რუსულ სპეცსამსახურთა სპეციალისტი, ვიქტორ სუვოროვი (რეზუნი) წიგნში „აკვარიუმი“ ამტკიცებს, რომ რუსული სპეცსამსახურები (პუტინი მათი გამოზრდილია) არასდროს კლავენ მხოლოდ შურისსაძიებლად, თუ ამ მკვლელობას ლამის „საჯარო“ ხასიათი არა აქვს, როგორიც ჰქონდა სკრიპალების მოწამვლას ინგლისში ანუ მიზნად არ ისახავს სხვების დაშინებას და ქვეყნის შეურაცხყოფას.
გარდა ამისა, ბევრი რუსი მოღვაწე, ვინც მუდმივად აკრიტიკებს პუტინს, ამბობს, რომ რუსეთის ავტორიტარი მმართველი არასდროს რეაგირებს პიროვნულ შეურაცხყოფაზე. სუვორიოვ-რეზუნი კი წერდა: „ისინი კლავენ აუღელვებლად, ცივსისხლიანად, როგორც პითონები“.
ამ შემთხვევაშიც მიზანი იყო არა შურისძიება, არამედ საქართველოს არევა, დაპირისპირებისა და შესაძლო სამოქალაქო ომის პროვოცირება.....ისევე როგორც 10 წლის წინ, როცა ჩრდილო ოსეთიდან შემოსული ქილერი კობა დავითაშვილის მკვლელობას გეგმავდა.
ჟურნალისტის მკვლელობა აუცილებლად გამოიწვევდა დიდ რყევებს: 2001 წელს გიორგი სანაიას მკვლელობას მოჰყვა ხელისუფლების სრული დამბლა და რევოლუცის მომზადება.
ეს არ ნიშნავს, რომ კრემლის ან მისი „გროზნოელი ქოფაკის“ მიზანი ამა თუ იმ პოლოიტიკური ძალის მხარდაჭერაა. მათი მიზანი იყო, არის და იქნება მხოლოდ ერთი: საქართველოში დესტაბილიზაცია, არეულობა, დაპირისპირება და ომი.
არანაირი სხვა სტრატეგია მოსკოვს ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჰქონია და ალბათ აღარც ოდესმე ექნება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |