სტატიები
მონათა შვილთაშვილების ამბოხი ამერიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1178 02 ივნისი 2020, 12:11


დათო გამცემლიძე

ატლანტის ოკეანიდან - წყნარ ოკეანემდე, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს რამდენიმე დიდ ქალაქში „აფროამერიკელთა“ მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რომლებიც სულ მალე გადაიზარდა ძალადობაში, ბევრგან კი ძარცვა-გლეჯასა და ვანდალიზმში. 
შავკანიანთა პროტესტის უშუალო მიზეზი გახდა პოლიციელთა მიერ 46 წლის ჯორჯ ფლოიდის სასტიკი მკვლელობა. ფლოიდს ბრალად ედებოდა ყალბი ოცდოლარიანის გამოყენება. დაკავებისას ეჭვმიტანილს არანაირი წინააღმდეგობა პოლიციელებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა „სამართალდამცველმა“, დერეკ ჩოვინმა, იგი ფაქტობრივად გაგუდა, რადგან უმწეო, ხელბორკილდადებულ ადამიანს კისერზე მუხლით დააწვა, რამაც ინფარქტი და სიკვდილი გამოიწვია. 


არადა, კადრებში ნათლად ჩანს: არავითარი აუცილებლობა ძალის ასე გამოყენებისა ნამდვილად არ არსებობდა.  ფლოიდის უკანასკნელი სიტყვები იყო „I cannot breath“ - ვერ ვსუნთქავ. თუმცა, „პოლიციის ოფიცერი“, ვისაც პირველ რიგში პროფესიონალიზმი მოეთხოვება, რამდენიმე წუთის განმავლობაში ახრჩობდა მას და ყურადღებას არ აქცევდა, რომ მსხვერპლი თანდათან სიკვდილს უახლოვდებოდა.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პოლიციის სხვა სამ ოფიცერს არც კი უცდიათ „კოლეგის“  შეჩერება.

პოლიციელ დერეკ ჩოვინის წინააღმდეგ თავდაპირველად სისხლის სამართლის  საქმე აღიძრა „გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ მუხლით, თუმცა მოგვიანებით, გვამის გაკვეთის შედეგად,  სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზამ  დაასკვნა: ეს იყო განზრახ მკვლელობა, რაკი პოლიციელს ნებისმიერ მომენტში შეეძლო შეეწყვიტა ასე ძალის გამოყენება ყოველგვარი რისკის გარეშე, მაგრამ ეს  განზრახ არ გააკეთა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

რას იტყვის პრეზიდენტი ობამა? 

ბუნებრივია, ამ სასტიკმა ჰომიციდმა აფროამერიკელთა საშინელი აღშფოთება გამოიწვია. მათი პროტესტი ყველაზე მასშტაბური და საშიში აღმოჩნდა 1968 წლის შემდეგ, როდესაც თეთრკანიანმა ფანატიკოსმა მოკლა შავკანიანთა სულიერი და ინტელექტუალური ლიდერი, მარტინ ლუთერ კინგი. მაშინ ვაშინგტონისა და სხვა დიდ ქალაქთა ქუჩებში არმია გამოიყვანეს, ხოლო „თეთრ სახლთან“ და კონგრესის შენობასთან, კაპიტოლიუმის ბორცვზე, ტყვიამფრქვევები დააყენეს. 


მარტინ ლუთერ-კინგი სრულიად განსაკუთრებული მოღვაწე იყო და ნამდვილად შეცვალა ამერიკა უკეთესობისკენ: მას ეკუთვნის ისტორიული „სფიჩი“ „მე მაქვს ნატვრა“, რომელიც ვაშინგტონში, შავკანიანთა მილიონიან დემონსტრაციაზე   წარმოთქვა  და  ორატორული ხელოვნების შედევრადაა მიჩნეული. 

სწორედ ამ გამოსვლისა და მკვლელობის შემდეგ, ამერიკაში გაღრმავდა მოძრაობა რასობრივი თანასწორობისათვის, რაც რასისტული კანონების გაუქმებით გაგრძელდა.  შედეგად, 40 წლის შემდეგ, აშშ პრეზიდენტი გახდა ბარაკ ობამა, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის დროს შავკანიანებისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე ჯდებოდა ხოლმე ავტობუსში და თეთრკანიანი ბავშვების გვერდით დაჯდომა ეკრძალებოდა. 

პრეზიდენტ ობამას (ამერიკაში „ექსპრეზიდენტები“ არ არსებობენ)  შავკანიანები ლიდერად აღიქვამენ. ჯერ ჯერობით იგი დუმს, თუმცა აუცილებლად გამოვა ასპარეზზე და გააკეთებს განცხადებას.


ამასობაში კი, მასობრივი მღელვარება სულ უფრო  სასტიკ და უმართავ  სახეს იძენს: დემონსტრანტებმა თეთრ სახლთან გამართეს  იმდენად მლავრი აქცია, პრეზიდენტი ტრამპი პირადმა დაცვამ სპეციალურ ბუნკერში ჩაიყვანა. 

საპასუხოდ, ტრამპი თავის სტილში მოქმედებს: ღიად მოუწოდა გუბერნატორებს, გამოიყენონ საპოლიციო ძალა  მათ წინააღმდეგ, ვინც პროტესტის საბაბით  ამსხვრევს ვიტრინებს, ძარცვავს მაღაზიებს, ესვრის პოლიციელებს და წვავს პოლიციის განყოფილებებს.

პრეზიდენტმა არმიის გამოყენებაც კი არ გამორიცხა,  რამაც პენტაგონი აშკარად შეაშფოთა. 

ამერიკის კონსტიტუციით, ეროვნული გვარდიის (პირობითად თუ ვიტყვით, „შინაგანი ჯარის“) გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას შტატის გუბერნატორთა „ვიზა“ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ფედერალური და ადგილობრივი კანონმდებლობის  ნორმები ისე „ჩახლართულადაა“ ფორმულირებული, ნამდვილად ქმნის ინტერპრეტაციების საფუძველს, რაც მუდამ და ყველგან ძალზე საშიშია კრიზისულ ვითარებაში უკვე არა მხოლოდ სისხლისღვრის, არამედ სახელწმიფოებრივი სტაბილურობის თვალსაზრისით.

რასობრივი შეუთავსებლობის შხამიანი „ბულიონი“

ამ სახიფათო ვითარებით აქტიურად სარგებლობს მოსკოვი და მისი „საინფორმაციო ჯარები“, რომლებიც ახლა ყველა ფრონტზე აწარმოებენ შეტევას, რათა რასობრივი და ანტისამთავრობო დაპირისპირება გააღვივონ. ოღონდ „ცარიელ ადგილას“ ისინი ვერც ვერაფერს შექმნიდნენ: „აფეთქების“ ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ამერიკაში ჯერ კიდევ არსებული და ვერდაძლეული რასობრივი პრობლემა, რომელიც ბევრად ღრმაა სინამდვილეში ვიდრე იმათ ეჩვენებათ, ვინც წინააღმდეგობას მხოლოდ სოციალურ ან ეკონომიკურ პრობლემას უკავშირებს. არადა, სინამდვილეში, ძირი მიზეზი „იდენტობათა სხვაობაა“: ამერიკელი შავკანიანები, ყველაფრის მიუხედავად, „ისტორიული ჩაგვრის მსხვერპლად“ გრძნობენ თავს, რაც ეკონომიკაზე, საზოგადოებრივ მდგომარეობაზე და მატერიალურ პრობლემებზე ყოველთვის არ დაიყვანება: ფლოიდი შესაძლოა კრიმინალი იყო, მაგრამ მისმა მკვლელობამ ის შავკანიანებიც აღაშფოთა, ვისაც ამერიკულ საზოგადოებაში მაღალი პოზიცია უკავია, არასდროს დაურღვევია კანონი და სოციალურად არათუ არაფერი უჭირს, არამედ ბევრ თეთრკანიანზე უკეთაა უზრუნვეყოფილი. თუმცა მძიმე ისტორიით გამოწვეული ტრავმა და „იდენტობის ტკივილი“ მაინც თან მოჰყვებათ. 


ისტორიული ტრავმა რომ ნამდვილად „ხელშესახები პრობლემაა“, მოულოდნელად დაადასტურა „კორონავირუსმა“: ბევრი სპეციალისტის გაოგნებას იწვევს, რომ ათიდან - შვიდი ამერიკელი, ვინც ვირუსმა მოკლა, სწორედ შავკანიანია, თანაც ეს ვერაფრით აიხსნება ეკონომიკური და სოციალური მიზეზებით: ბევრ გარდაცვლის, ამ მხრივ,  არანაირი პრობლემა არ ჰქონია. 

თუმცა ექსპერთა ნაწილმა „ფრთხილად“ გამოთქვა ვარაუდი, რომ საუკუნოვანი ჩაგვრა, რასაც აფროამერიკელები განიცდიდნენ უმძიმესი შრომით, ასევე ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამებით პლანტაციებზე, უკვალოდ ვერ ჩაივლიდა -  „კოლექტიური გენომი“ გამოიმუშავა, თაობიდან-თაობას გადაეცა და ერთ-ერთ შედეგად იმუნიტეტის საერთო სისუსტე გამოიწვია.

სამწუხაროდ, რასობრივი ანტაგონიზმი  რჩება  ამერიკული დემოკრატიისა და ამერიკული სახელმწიფოს მთავარ სისუსტედ, რისი დაძლევის გარეშეც, მისი მომავალი, XXI საუკუნეში, კვლავაც ბადებს სერიოზულ კითხვებს როგორც ამერიკის მტრებში, ასევე მის მეგობრებში.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი