21
05 მარტი 2025, 15:09

პანამის არხის ორივე მხარეს მდებარე ძირითადი პორტების მმართველი ჰოლდინგი, ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია Hutchison-ი 90%-იან წილს ამერიკულ კონსორციუმს 22,8 მილიარდი დოლარის ფარგლებში მიჰყიდის. პორტების მმართველმა გადაწყვეტილების შესახებ 4 მარტს განაცხადა. აღნიშნულ კონსორციუმს ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი ხელმძღვანელობს.
Hutchison-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფრენკ სიქსტი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან გარიგება მხოლოდ კომერციული ხასიათისაა და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. პანამის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეთანხმება კერძო კომპანიებს შორის შედგა და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჰოლდინგ Hutchison-ის შვილობილი კომპანია Panama Ports Company წლებია, მართავს პორტ კრისტობალს, რომელიც ატლანტის ოკეანის მხარეს მდებარეობს და ასევე - ბალბოას, რომელიც წყნარი ოკეანის მხარესაა. 2021 წელს კომპანიასთან შეთანხმება 25 წლით გაგრძელდა. გარიგება მსოფლიოს 23 ქვეყანაში სულ 43 პორტს, მათ შორის, ორი არხის ტერმინალს მოიცავს. გარიგებას პანამის მთავრობის დამტკიცება დასჭირდება.
ჰონკონგელი მილიარდერის ლი კა-შინის მიერ დაარსებული CK Hutchison-ი ჩინეთის მთავრობის საკუთრება არ არის, მაგრამ მისი ჰონგ-კონგში ყოფნა ნიშნავს, რომ ის ჩინეთის ფინანსური კანონების შესაბამისად მოქმედებს. ეს კომპანია პორტებს 1997 წლიდან მართავს.
BlackRock აქტივების მართვის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მსიფლიოში. პორტების მყიდველ ჯგუფში ასევე შედის შვეიცარიული კომპანია Terminal Investment Limited.
ცნობისთვის, პანამის ტერიტორიაზე მდებარე არხი ერთმანეთთან აკავშირებს წყნარ და ატლანტის ოკეანეებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, 2024 წლის დეკემბერში გამოხატა უკმაყოფილება პანამის არხით ამერიკული გემების მიმოსვლის მაღალი ტარიფების გამო, რასაც „უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ქვეყნის სრული ძარცვა დაუყოვნებლივ შეწყდება.“ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პანამის არხზე კონტროლი უნდა დაიბრუნოს. მისი განცხადებით, არხი უნდა ემართა პანამას და არა ჩინეთს ან ვინმე სხვას, ამიტომ არ დაუშვებენ, რომ ის უცხო ხელში აღმოჩნდეს.
საპასუხოდ, პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ არხის თითოეული კვადრატული მეტრი და მისი მიმდებარე ტერიტორია პანამას ეკუთვნის და ქვეყნის საკუთრებად დარჩება, ტარიფები კი, დადგენილია საბაზრო პირობების და არხის მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების მიხედვით.
პანამის პრეზიდენტის თქმით, არხს არც პირდაპირ და არც ირიბად არ აკონტროლებს არც ჩინეთი, არც ევროკავშირი, არც აშშ და არც სხვა რომელიმე ქვეყანა და პანამის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა განხილვის საგანი ვერ იქნება.
2 თებერვალს პანამაში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელმაც პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან მოლაპარაკებისას უკმაყოფილება გამოთქვა პანამის არხზე ჩინეთის გავლენის გამო. 3 თებერვალს პრეზიდენტმა მულინომ განაცხადა, რომ პანამა აღარ გააგრძელებს 2017 წელს გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთთან ერთად მონაწილეობას პროექტში „ერთი სარტყელი - ერთი გზა.“
აშშ პანამის არხს 1999 წლის ბოლომდე აკონტროლებდა. 2000 წლიდან კონტროლი პანამას, აშშ-ის პრეზიდენტ კარტერის და პანამის ლიდერ ტორიხოსის მიერ 1977 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გადაეცა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |