99
24 თებერვალი 2025, 10:46

გერმანიაში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. მომავალი კანცლერის ვინაობა უკვე ცნობილია, ის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი გახდება... სოციალური კვლევები და ექსპერტები გამარჯვებას მას არჩევნებამდეც უწინასწარმეტყველებდნენ.
ეს გამარჯვება მისთვის იოლი არ ყოფილა. ერთხელ პოლიტიკის დატოვებაც მოუწია... წასვლით, ანგელა მერკელთან თავისი მარცხი გააპროტესტა. პარტიაში მას მაღალი პოზიციები ჰქონდა, თუმცა, ანგელა მერკერთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა. დამარცხებულმა მერცმა კერძო სექტორში გადაინაცვლა.
მუშაობდა წამყვან პოზიციებზე, მათ შორის BlackRock Germany-სა და HSBC Trinkhaus & Burkhardt-ში. ასევე იყო EY Germany-სა და საფეხბურთო კლუბ "ბორუსია დორტმუნდის" სამეთვალყურეო საბჭოების წევრი.
პოლიტიკაში ათი წლის შემდეგ დაბრუნდა. ჰყავს ცოლი და სამი შვილი. ავიაციის მოყვარული, გავრცელებული ინფორმაციით, ფლობს ორ თვითმფრინავს, რომლებსაც პოლიტიკიდან თავისუფალ დროს დაფრინავს.
განათლებით იურისტია. CDU წევრი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გახდა, 1989 წელს ევროპარლამენტის წევრად აირჩიეს. შემდეგ გერმანიის შიდა პოლიტიკაზე გადაერთო და 1994 წელს ბუნდესტაგის წევრიც გახდა.

პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ სოციალურ-კონსერვატიული - CDU - მიმართულებით გადახრა, საბოლოოდ, 2021 წელს სათავეში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ჩაუდგა. და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ანგელა მერკელმა პოლიტიკა დატოვა.
ასე რომ, ეს მისი ისტორიული დაბრუნება იყო..

ისტორიული ნახტომი გააკეთა ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერმა ალისა ვაიდელმაც. მისი ლიდერობით პარტიამ პირველად დაიკავა მეორე ადგილი. ის მთავარი ოპოზიციური პარტია იქნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ვაიდელმა თქვა, რომ მომავალ წელს გამარჯვება მას დარჩება.
რაც შეეხება ოლაფ შოლცს, ისტორიაში კვალი მისმა პარტიამაც დატოვა. ოღონდ, ყველაზე ცუდი შედეგით...
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მან თქვა: წაგების შემთხვევაში, პოლიტიკას დავტოვებო.. ასე რომ, დიდი ალბათობით პოლიტიკიდან წავა. წაგება მაშინვე აღიარა და პარტიის შედეგს „მწარე მარცხი“ უწოდა.
წელს ბუნდესტაგში მანდატების მოსაპოვებლად 29 პარტია იბრძოდა, წინა არჩევნებთან შედარებით ეს სერიოზული ვარდნაა. 2021 წელს საარჩევნო ბიულეტენში 50-მდე პარტია შეიყვანეს.
ტრადიციისამებრ, ახლაც გერმანიას კოალიციური მთავრობა ეყოლება. ისე, ერთმა პარტიამ ბუნდესტაგში უმრავლესობა მხოლოდ ერთხელ მოიპოვა. 1957-1961 წლებში დასავლეთ გერმანიის პარლამენტს CDU/CSU მართავდა.
მას შემდეგ ყოველი არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების რთული პროცესი იმართება ხოლმე. ამჯერად, მიუხედავად იმისა რომ შოლცი მოქმედი კანცლერია, მოლაპარაკებებში მონაწილეობას ის არ აპირებს, ეს თავად თქვა.

აქ არის ოთხი წამყვანი პარტიის კანცლერის კანდიდატები:
მერცი, 69 წლის, გამოკითხვების ფავორიტი. CDU-ის ლიდერი 2021 წელს, ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელის პარტიიდან წასვლის შემდეგ გახდა.
ვაიდელი, 46 წლის, 2017 წლიდან ანტიიმიგრაციული AfD-ის თანახელმძღვანელია.
შოლცი, 66 წლის, SPD-დან, კანცლერის პოსტს 2021 წლის დეკემბრიდან იკავებს.
ჰაბეკი, 55 წლის, წარმოადგენს მწვანეების კანდიდატს. ის ამჟამად ვიცე-კანცლერი და ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრია.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანცლერი მერცი გახდება, ახლა მთავარია, ვინ შევა მის კოალიციაში... ალტერნატივა გერმანიასთან თანამშრომლობა მერცმა გამარჯვების შემდეგვე გამორიცხა.
ახალ კანცლერს და მის კაბინეტს, სერიოზული გამოწვევებთან მოუწევთ გამკლავება. დღის წესრიგში დგას მძიმე ეკონომიკა, უკონტროლო მიგრაცია და უკრაინის ომი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |