კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბაღდათის #23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას.
როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, დაზიანებული ვერიფიკაციის აპარატებით პროცესის გაგრძელება შეუძლებელი იყო.
„მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის #23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, რომლის ფარგლებში ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეული ფსიქო ემოციური მდგომარეობის ჭრილში იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, მოახდინა რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატის იმდაგვარად დაზიანება, რომ შეუძლებელი იყო, ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. რა თქმა უნდა, კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილი გამოეხმაურა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ფარგლებში სამოქმედო არეალში რამდენიმე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ვერიფიკაციის აპარატებში ხორციელდება ხმების ჩაწევა.
მისი თქმით, ეს არის დეზინფორმაცია.
„ამასთანავე მინდა გამოვეხმაურო ასევე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ფარგლებში სამოქმედო არეალში რამდენიმე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ვერიფიკაციის აპარატებში ხორციელდება ხმების ჩაწევა, მაშინ როდესაც აქტიურ აპარატებში ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს. ამასთანავე, სულ რომ რაიმე ჩაწევის თეორიულ ფაქტს ჰქონდეს ადგილი, აღსანიშნავია ის, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ იძლევა და არ მისცემს არცერთ კომისიას იმის შესაძლებლობას, რომ პირის ხელმეორედ გამოცხადების ან იმ უბანზე რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში მან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, ბაღდათში, სოფელ დიდველაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. ამომრჩეველმა, რომელიც ხმის მისაცემად იყო მისული, საარჩევნო აპარატურა დააზიანა და საარჩევნო პროცესი შეაფერხა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |