სტატიები
ფერადი რევოლუციებიდან პოლიტიკურ ათას ერთ ღამემდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1537 12 მაისი 2020, 13:06



ქეთი ხატიაშვილი

ამიერიდან ყველაფერი კარგი, რაც მოხდება, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დამსახურება იქნება, და ყველაფერი ცუდი - მხოლოდ კორუმპირებული ჩინოვნიკების, პუტინის მიერ ნაყიდი ოლიგარქებისა და პრორუსული ძალების. ერთი სიტყვით, პლანეტის მტრების. ეს უკრაინაში.
ამიერიდან ყველაფერი კარგი, რაც მოხდება, „ფეიკი“ იქნება, და ყველაფერი ცუდი - კორუმპირებული ხელისუფლების, პუტინის მიერ ნაყიდი ოლიგარქისა და პრორუსული მმართველი პარტიის. ერთი სიტყვით, პლანეტის მტრების. ეს საქართველოში. 
პოლიტიკური ამინდის შეცვლას მიხეილ სააკაშვილი კიევში გეგმავს, მისი პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კი - თბილისში. ის ამავე დროს მთავარი პოლიტიკური მოთამაშეა. 


მთავარი ფიგურა და მთავარი პარტია ქართულ-უკრაინულ ამბებს ერთმანეთს „მთავარი არხიდან“ გაუზიარებენ და მთავარ მესიჯებსაც აქედან გაახმოვანებენ. საქართველოდან გაქცეული მესამე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, შეეცდება, რეფორმების კომიტეტს თავი დააღწიოს და ოდესას მეორედ დაუბრუნდეს - არჩეული მერი გახდეს (პირველად ის აქ პრეზიდენტმა პოროშენკომ გუბერნატორად დანიშნა). შემთხვევით არ თქვა: ოდესა თბილისს ჰგავს და აქ ნოსტალგიას ვიქარვებო. საქართველოში დარჩენილ/გადარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ კი შეეცდება, ოპოზიციაში ყოფნას თავი დააღწიოს და არჩეული მმართველი ძალა მეორედ გახდეს. 

და რადგან ერთი მეორეს განაპირობებს, „მთავარ არხზე“ მთავარი თემებით შეხვედრა გარდაუვალი ხდება. 

სააკაშვილის პოლიტიკურმა ათას ერთმა ღამემ სტარტი უკვე აიღო. პირველი ღამე „მთავარ არხზე“ უკვე შედგა და მან უკვე თქვა, რომ იწყებს. თუმცა, იქვე მოკრძალებულად დასძინა, რომ თავად მხოლოდ რეფორმების რეცეპტებს გამოწერს, რეფორმა კი სხვებმა უნდა გაატარონ. თავს იზღვევს? უკვე იცის, რომ უკრაინაში ეფექტიანი რეფორმების გატარება შეუძლებელია? თუ ზუსტად აქვს გათვლილი, როგორ უნდა გადაინაცვლოს კარიერის ჩინოვნიკური საფეხურიდან პოლიტიკურ საფეხურზე - გახდეს ოდესის არჩეული მერი? 

არ არის გამორიცხული, ახლანდელი პოზიცია მან ოდესაში მთავარი კონკურენტების ჩამოსაშორებლად გამოიყენოს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ათას ერთი ღამეც უკვე სასტარტო პოზიციებზეა. „კოვიდ 19“-ის შემდეგ ოპოზიციას მეორე სუნთქვა გაეხსნა და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ახლა ცდილობს, პოლიტიკაში ხმაურიანად დაბრუნდეს. არჩევნებში გასამარჯვებლად მათაც სჭირდებათ გზის გაწმენდა.
 
ნაციონალების „ჩისტილშჩიკები“ ცნობილნი არიან. პოლიტიკური ბოტები და ტროლები შემთხვევით არ გაჩნდნენ ნაცების გვერდით, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა და სხვა დროს იყოს. 

მიხეილ სააკაშვილის „ჩისტილშჩიკებს“ კიდევ გავეცნობით. სააკაშვილი რომ ჩინოვნიკობას ან რეფორმატორობას დიდხანს არ აპირებს, ეს უკვე ცხადია. ბევრი რამ შეიცვალა ერთ ღამეში. ანუ დანიშვნამდე და დანიშვნის შემდეგ. 

დანიშვნამდე სააკაშვილი ამბობდა, რომ ის აპირებს, რეფორმები გაატაროს და რომ მან ზუსტად იცის, რა როგორ უნდა გაკეთდეს. დანიშვნის შემდეგ მადა „დაკარგა“. ახლა ის მხოლოდ იმ ექიმის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც ავადმყოფს დანიშნულებას უწერს და გამოჯანმრთელება პაციენტის პასუხისმგებლობაა. 


დანიშვნამდე სააკაშვილი ამბობდა, რომ მას მხოლოდ უკრაინული გული უცემს და პოლიტიკაში დაბრუნებას ან რამე თანამდებობას არც ეძებს და არც უმიზნებს, თუმცა, დანიშვნის შემდეგ უკვე დაიწყო საუბრები იმ შანსზე, რომელსაც მას პანდემია აძლევს. ის დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური კრიზისი მინისტრთა კაბინეტს მთლიანად შეცვლის და მაშინ იქ შეიძლება მისი ადგილიც გამოჩნდეს. 

სხვათა შორის, მიშა უკრაინის პრემიერობისთვის ერთხელ უკვე იბრძოდა. თუმცა, მაშინ პოროშენკომ ფსონი სხვაზე დადო, ის კი ოდესის გუბერნატორობას დასთანხმდა. ახლაც, სააკაშვილი ცდილობს, ან პრემიერის პორტფელი მიიღოს, ან ოდესის არჩევითი მერი გახდეს. მტრებს კი რა გამოლევს, რასაც ვერ ან არ გააკეთებ, მტრის ანგარიშზე გადაწერ. 

ეს გამოცდილება სააკაშვილმა საქართველოში მიიღო. რუსეთის აგენტებსა და ქვეყნის მტრებს, მათაც კი, ვინც (მის დროს) თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციები რუსეთში გადაზიდა, ბოდიში მოუხადა და მათი პოლიტიკური ღმერთიც კი გახდა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა ღირს ამ ტიტულის მიღება საქართველოში.

და რაც საქართველოში მიიღო, ახლა იმას უკრაინაშიც იმეორებს. ადრე უკრაინის შს მინისტრთან დაპირისპირება ჰქონდა, ახლა ამბობს, რომ მათ შორის სრული თანხმობაა. არადა, საუბარია არსენ ავაკოვზე, რომელმაც მას წყალი შეასხა. ადრე მტერი, პუტინის მონა-ოლიგარქი და კორუმპირებული იყო კოლომოისკი, ოდესის გუბერნატორობის დროს მისი გვარი არაერთხელ გაასკანდალა, თუმცა, როცა პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა და უკრაინას პოლონეთის საზღვრიდან მიადგა, პუტინის მონებს შორის კოლომოისკი უკვე აღარ უხსენებია. აღმოჩნდა, რომ დაბრუნების „ოპერაცია“ სწორედ მისი დაფინანსებული იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე წერდნენ მაშინ უკრაინულ მედიაში. 

ასე რომ, აქაც და იქაც სააკაშვილი თავად გადაწყვეტს და გააჟღერებს, რა როლს შეასრულებენ ათას ერთი პოლიტიკური ღამის პერსონაჟები. ფრონტის ხაზი კიევშიც გადის და თბილისშიც. საარჩევნო მარათონი გახსნილია და მიზნებიც ცნობილია. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი