70
16 აგვისტო 2024, 22:36
"ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი უცხოელი პატრონებისგან მიცემული აქვთ დავალება, რომ ნებისმიერი თემა, რაც უნდა წამოწიოს ხელისუფლებამ არჩევნების წინ, მათმა ოპონენტებმა ერთხმად და კოლექტიურად აუცილებლად უნდა მონათლონ პრორუსულ ნარატივად, პუტინის დავალებად, რუსული ინტერესების გატარებად და ანტიევროპულ ქმედებებად," - სოციალურ ქსელში წერს ადამიანის უფლებების დამცველი ნანა კაკაბაძე
"აი, ახლაც, როდესაც 2008 წლის ომის 16 წლისთავზე ხელისუფლებამ საუბარი წამოიწყო ომის გამოძიების საჭიროებაზე, თუ ვინ რა დააშავა საქართველოს საბედისწეროთ, მარცხით დასრულებულ ამ 3 დღიან ომში, რომელმაც რუსეთის მიერ ჩვენი დამატებითი ტერიტორიების მიტაცების გარდა შედეგად ასეულობით მსხვერპლი, ათიათასობით ლტოლვილი და ოკუპანტის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების ოფიციალური აღიარება გამოიწვია, ოპოზიციური პარტიები ერთხმად აფუთფუთდნენ და საერთო მესიჯბოქსები გააჟღერეს: არიქა, ეს რუსეთის დავალებით ხდება იმისათვის, რომ ომის დამწყებად საქართველო გამოიყვანონ და საერთაშორისოდ გაშავებული პუტინი გაათეთრონო.
ჩვენს გაკვირვებას ის იწვევს, რატომ ჰგონია ამ ჩვენს ოპოზიციას ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გონებაშეზღუდული. მათ ამ „ბრძნულ“ ნარატივს ხომ ერთი მარტივი და ლოგიკური კითხვა ანადგურებს: კი მაგრამ, თუ ჩვენი ხელისუფლება პუტინის დავალებებს ასრულებს, როდესაც ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოში ყველაფერი გააკეთეს რუსეთის და პუტინის გასაშავებლად, რასაც მიაღწიეს კიდეც, მაშინაც პუტინის სურვილი და დავალება იყო ამის გაკეთება.
შეგახსენებთ, რომ ნაცების მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა რომ არა რუსული, არამედ 2012 წლიდან მოყოლებული სწორედ ქართული დაკვეთა იყო, მხოლოდ ერთი მაგალითიდანაც კარგად ჩანს. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა სპორტის სასახლეში რეჟიმის დაზარალებულთა შეკრება სათაურით "სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს", რომელსაც 12000 ადამიანი ესწრებოდა და რომელთა მიერ ხელმოწერილი და შევსებული ფურცლები, რეზოლუციასთან ერთად, ქუთაისში, პარლამენტში ჩავიტანეთ და პირადად გადავეცით ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, ასევე 150 დეპუტატისთვის გადასაცემად გამოვეცით ნაშრომი, სადაც მოყვანილი იყო სხვადასხვა ქვეყნებში რეჟიმების გასამართლებისა და დაზარალებულთა ანაზღაურების პრეცედენტები. ეკა ბესელიამ ამის საფუძველზე ჩაატარა საკომიტეტო მოსმენა და მიიღო დოკუმენტი, რომელიც იყო რეჟიმის პოლიტიკური შეფასება და რომელიც იურიდიულ წარმოებას უნდა დადებოდა საფუძვლად.
ამის მიუხედავად, მაშინ გაიმარჯვეს ე. წ. კოაბიტაციის მომხრეებმა და უარი თქვეს ამ დოკუმენტის პარლამენტის სახელით მიღებაზე. სპორტის სასახლეში შეკრებილი მოქლაქეების მიერ მიღებულ რეზოლუციაში საუბარი იყო ნაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ 2008 წლის ომში მათი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მოქმედებებიც იგულისხმებოდა. არც მაშინ და არც ახლა არავინ ცდილობდა აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის გათეთრებას საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მიტაცების საკითხში, მაგრამ დამოსაძიებელი და კითხვის ნიშნების დასასმელი რუსეთის აგრესიის საკითხი კი არ არის, არამედ ის, თუ საქართველოს ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად და სწორად იქცეოდა ამ აგრესიის წინა პერიოდში, უშუალოდ რამდენიმე დღიან ომის მომენტში და კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ.
სრულიად ბუნებრივი კითხვებია, რომ უნდა გაირკვეს:
1. რატომ აცხადებდა 2008 წლის 7 აგვისტოს ყოველ საათში სააკაშვილი ტელევიზიით, რომ რუსეთი ჩვენს მიერ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას გაგებით ეკიდება?
2. რატომ არ ამხელდა მათ, თუ რუსეთის ჯარებს ამ დროს უკვე გადმოკვეთილი ჰქონდათ საქართველოს საზღვარი (როგორც ნაცები დღეს აცხადებენ)?
3. რატომ აცხადებდა პრეზიდენტი სააკაშვილი 8 აგვისტომდე ყოველ საათში, რომ ჩვენებმა დაიკავეს ესა და ეს სოფელი და უკვე ცხინვალს იკავებენო?
4. რატომ ხელმძღვანელობდნე ამ 3-დღიან ომს პოლიტიკური ლიდერები და არა სამხედრო საქმის სპეციალისტები?
5. რატომ აღმოჩნდა ნაცების პოლიტიკური სახეების საკმაოდ დიდი ნაწილი ომის დღეებში უცხოეთში?
6. რატომ მიატოვეს ჩვენებმა თავისი დაღუპული მეომრები ბრძოლის ველზე და რომ არა საქართველოს საპატრიარქოს ძალისხმევა, მათი საფლავებიც არ გვექნებოდა?
7. რატომ დაარქვეს ომამდე კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი, ხოლო ომის დროს რატომ ჩააბარეს ეს ხეონა მტერს ერთი ტყვიის გასროლის გარეშე?
8. პარლამენტმა, ომამდე რატომ გაზარდა ცხინვალის ავტონომიური ოლქის საზღვრები? რომელზედაც რუსების მხრიდან დღეს მიმდინარეობს მავთულხლართების გავლება.
9.რატომ უწოდა სააკაშვილმა დაკარგულ 125 ქართულ სოფელს "ქვების გროვა?"
10. რატომ დაუტოვეს მტერს უამრავი საბრძოლო მასალა?
11. რატომ მისცეს ხმა იმ რეზოლუციას, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ომის დამნაშავეებად გამოჰყავდა?
არის კიდევ სხვა კითხვები, რომლებიც გამოძიების დროს გამოიკვეთება. ასე რომ, იმის ძახილი, ამ ომის გამოძიებისკენ მოწოდებები რუსული დავალების შესრულებააო, სხვა არაფერია, თუ არა ნაცებისთვის თავისი წილი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. ეს გამოძიება საქართველოს ინტერესებში შედის და ამიტომ არის სწორედ ქართველი ხალხის მოთხოვნა," - წერს ნანა კაკაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |