დავით ქართველიშვილი: ორივე დაინტერესებულმა მხარემ ჩანაფიქრების აღსრულებას მიაღწია. რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში თავისი შეიარაღებული ძალები „ოფიციალურად“ განათავსა. სააკაშვილმა კი „კუში მოხსნა“, წაგებული კი საქართველო დარჩა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 07 აგვისტო 2024, 13:21

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ექსპერტი წერს, რომ საქართველოს ჩამოშლისაკენ მიმართული, პუტინისა და სააკაშვილის ერთობლივი გეგმა სათავეს 2003 წლიდან იღებს.

„ სააკაშვილ-ოქრუაშვილის წარუმატებელი „ბლიცკრიგი“„- ასე აფასებს დავით ქართველიშვილი 2004 წლის ზაფხულში სამაჩაბლოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ჯერ კიდევ ყველასთვის ბუნდოვანია და ვარაუდობს, რომ შესაძლოა სწორედ ეს გამხდარიყო საქართველოს მიმართ უნდობლობის საბაბი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ქართველიშვილი საერთაშორისო გამოხმაურებებზეც წერს. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, მოუწოდებდნენ თბილისს შეეწყვიტა აგრესიული რიტორიკა, იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან შემდგარიყო დიალოგი რუსეთთან.

ქართველიშვილი წერს, 2007 წელს, ტელეკომპანია „იმედის“ ღამის ეთერში ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება, რომ 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილს, ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების საიდუმლო გეგმა ჰქონდა, ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო, რაც უყურადღებოდ არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და არც რუსეთის ფედერაციას დარჩა.

„ჩვენ ვერც პროვოკაცია ავიცილეთ თავიდან და ვერც ომი მოვიგეთ.“- წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ორივე მხარემ მიზანს მიაღწია - რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ჯარი ოფიციალურად შეიყვანა, სააკაშვილმა კი- ფინანსური რესურსი შეაგროვა.

„პუტინისა და სააკაშვილის ქვეყნის ჩამოშლისკენ მიმართული გეგმები სათავეს იწყებს 2003 წლიდან. მე მაგალითად, დღემდე ველოდები ამომწურავ პასუხს 2004 წლის ზაფხულის მოვლენებზე, რომლებსაც მოკლედ შეიძლება - სააკაშვილ-ოქრუაშვილის წარუმატებელი „ბლიცკრიგი“ დავარქვათ სამაჩაბლოს მიმართულებით, რომლის შედეგია იქ, ადგილობრივ მაცხოვრებლებში მოპოვებული ნდობისა და სამშვიდობო ინიციატივების ჩაფლავება და ადამიანური მსხვერპლის გაწევა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე სამხედროების მხრიდან.

შეიძლება თუ არა ის მოვლენები ქართული მხარის მიმართ უნდობლობის პირველ მერცხლად ჩაითვალოს და ეჭვის საბაბი გამხდარიყო მისი დემილიტარიზებულ სამშვიდობო ინიციატივებთან მიმართებაში?

პუტინმა მიიღო სახალხო დიპლომატიის ხაზით დადებითი პროცესების შეჩერება, სააკაშვილმა - ერგნეთის გარშემო „კონტრაბანდული პროცესები“ თავის კორპორაციას დაუქვემდებარა.

2006 წლის მოვლენებს, როდესაც კოდორის ხეობაში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის შედეგად, ხელისუფლებამ გვიპატაკა იქ კანონიერებისა და წესრიგის აღდგენის თაობაზე - გაეროს უშიშროების საბჭომ 13 ოქტომბრის № 1716 რეზოლუციით უპასუხა, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უზრუნველყოს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში ვითარების ნორმალიზება მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, რათა გამოირიცხოს იქ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი საჯარისო ფორმირებების ყოფნა“. ანუ, მიუხედავად ამ ოპერაციის „პოლიციური“ ხასიათისა, გაერომ ჩათვალა საჭიროდ თავისი შეწუხებული პოზიცია მაინც გამოეხატა.

საინტერესო შეფასება მისცა კოდორის მოვლენებს დავით უსუფაშვილმაც, მან ფაქტობრივად გააფრთხილა ხელისუფლება - „ის რაც ხდება კოდორის ხეობაში, მოსკოვის მიერ შემუშავებული მრავალმხრივი გეგმის მხოლოდ ერთი კომპონენტია. ხელისუფლება წამოეგო ამ პროვოკაციას და ხაფანგში გაება. შემდეგ სერიებში ვფიქრობ, მთავარ როლებში ახალი შემსრულებლების ხილვას, მაგალითად უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის“.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2004 წლის 5 ნოემბერს ხელი მოაწერა სოჭის შეთანხმებას „სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის ზონად გამოცხადების თაობაზე“, 2006 წლის შემოდგომაზე, იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ დადო პირობა, ახალი 2007 წლის ცხინვალში აღნიშვნის თაობაზე, რაც ასევე არ გამოეპარებოდა რუსეთის თავდაცვის გენერალურ შტაბს. თუმცა ისევე, როგორც არ გამოეპარა ჩვენს ევროპელ მეკავშირეებსაც.

2006 წლის შემოდგომაზე, თბილისში რუსი ჯაშუშების დაპატიმრებით სააკაშვილმა (პუტინთან შეთანხმებით) ღიად შექმნა რუსეთისაგან „მტრის ხატი“, გააორმაგა ამ „მტერთან“ გასამკლავებლად ფინანსური დახმარების ოდენობა, შეუდგა ამ ფინანსების ძარცვას. ხოლო ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების პროცედურებთან ერთად, მორიგი პროვოკაციების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ეუთო-ს იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გიუხტმა აღიარა, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი შესაძლებელია გადავიდეს სამხედრო დაპირისპირების ფაზაში: „ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომაც ეუთო შემდგომშიც განაგრძობს სამშვიდობო დარეგულირების პროცესებისადმი ყველა საჭირო დახმარებას“.

საგარეო კავშირების საკითხებში ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა კი განაცხადა: „შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აღიაროს და მოუკლოს თავის აგრესიულ რიტორიკას. ქართულმა მხარემ ასევე არ უნდა მიმართოს ისეთი ქმედებებისადმი, რომლებიც ხელს შეუწყობენ დაძაბულობის ზრდას“.

მანვე გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბრძანა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ დაძაბულობით...მე ვმონაწილეობდი ევროკავშირის წარმომადგენლების მოლაპარაკებებში ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ თბილისს მივეცით მკაფიო სიგნალი - ორივე მხარემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით. თბილისმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული რიტორიკა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმართოს რუსებთან ნორმალური დიალოგი. დაძაბულობის მოხსნა მხოლოდ ამ გზით შეიძლება და ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობა გავუწიოთ ამ პროცესებს“.

ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო ტელეკომპანია „იმედის“ 2007 წლის სექტემბრის ღამის ეთერში იმდროინდელი უკვე ექს-თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების საიდუმლო გეგმა, რაც ასევე ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა არც მოსკოვისთვის, არც დასავლეთისთვის.

ჩვენმა "დაუძინებელმა მეგობარმა", ესტონეთმაც კი, თავისი პარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ მიმართა საქართველოს - „მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და თავი აარიდოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნან, როგორც პროვოკაციული“.

იმავე სულისკვეთებით იყო გაჯერებული ჩვენი ისეთი პარტნიორების განცხადებები, როგორც გერმანიის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი - ვალტერ შტაინმაიერი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და მრავალი სხვა. გვეხვეწებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს - არ აჰყვეთ პროვოკაციას და თუ თავად ვერ უმკლავდებით პროცესების დიპლომატიური გადაჭრის რელსებზე გადაყვანას, შუამდგომლობას გაგიწევთ ყველა დონეზე.

გსურთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით გადაჭრა - ამაშიც დაგეხმარებით. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვალტერ შტაინმაიერი ჯერ მოსკოვში, მერე თბილისში და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა წარედგინა დაინტერესებული მხარეებისთვის აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების სამეტაპობრივი სამშვიდობო გეგმა, თუმცა სამ კვირაში ეს მოლოდინებიც ჩაფლავდა - ჩვენ ვერც პროვოკაცია ავიცილეთ თავიდან და ვერც ომი მოვიგეთ.

მართალია, მოწინააღმდეგის სამხედრო ავიაციის ნაწილი გავანადგურეთ, არტილერიის მეშვეობით მათ ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკას „ვაუთოებდით“, 58-ე არმიის სარდალს უკანალი გავუხვრიტეთ, თუმცა ბირთვული სახელმწიფოსადმი ამ მამაცური წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, საზარბაზნე ხორცად ვტოვებდით გამოუცდელ რეზერვისტებს გაშმაგებული მოწინააღმდეგის პირისპირ.

ასე რომ, კითხვაზე - შექმნა თუ არა სააკაშვილის რეჟიმმა მოწინააღმდეგის მიმართ მიზანმიმართული მაპროვოცირებელი გარემო, მე მაქვს დადებითი პასუხი. კითხვაზე - მიმართა თუ არა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა თავიდან აეცილებინა პროვოკაციები, პასუხი უარყოფითია, ვინაიდან ეს არც შედიოდა მის გეგმებში. მოემზადა თუ არა სათანადო დონეზე პუტინის რეჟიმი ამ პროვოკაციების ჩასახშობად - დიახ, ვინაიდან ეს იყო პუტინ/სააკაშვილის ერთობლივი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

მიაღწიეს თუ არა ორივე დაინტერესებულმა მხარემ თავის ჩანაფიქრების აღსრულებას - პასუხი ასევე დადებითია. რუსეთმა წერტილი დაუსვა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, თავისთვის გაურკვეველ სტატუსებს და თავისი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, თავისივე შეხედულებების ფარგლებში, იქ უკვე „ოფიციალურად“ განათავსა. ხოლო სააკაშვილმა, თუ დავუჯერებთ ამ თემაზე შექმნილ უამრავ პუბლიკაციას, ნაცმოძრაობის კორპორატიულ და საკუთარი უახლოესი გარემოცვის საკეთილდღეოდ სოლიდური ფინანსური პირამიდა სწორედ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაამყარა. როგორც იტყვიან - „კუში მოხსნა“. წაგებული კი მხოლოდ საქართველო და ქართველი ერი დარჩა. ჯერჯერობით ეგრეა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
არქივი