ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 04 აგვისტო 2024, 19:36

პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

პირველი რაუნდი კუბელმა მოკრივემ აქტიურად დაიწყო, თავიდან მას უპირატესობა ჰქონდა, თავისი დარტყმების შესრულებას ლაშაც ცდილობდა, თუმცა მეტოქეზე სახიფათო ვერ იყო. საბოლოოდ, ხუთივე მსაჯმა რაუნდში გამარჯვება ალვარეს ბორხესს მიანიჭა.

მეორე რაუნდში ლაშა გურული კონტრდარტყმებით ცდილობდა ქულების დაგროვებას, კუბელი მოკრივე კი მუდმივად წინ მიდიოდა. სამი წუთის გასვლის შემდეგ მსაჯებმა რაუნდი კვლავ ალვარეს ბორხესს მისცეს და გადამწყვეტი რაუნდის წინ ქართველ მოკრივეს მხოლოდ ნოკაუტი სჭირდებოდა.

სიტუაცია არც ბოლო სამ წუთში შეცვლილა, ბორხესი უტევდა და ლაშა კონტრშეტევებზე ცდილობდა უპირატესობის მიღებას, მსაჯებმა კი გამარჯვებულად კუბელი სპორტსმენი გამოაცხადეს.

შედეგად, ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა და ქართულ დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი