სტატიები
ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიის კანდიდატები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1364 11 სექტემბერი 2019, 16:00

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ  გამოვლენილ  იმ 20 კანდიდატს, რომელთაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურთ, მალე პარლამენტის წინაშე მოუწევთ საბოლოო მოსმენაზე გასვლა. 

კანდიდატებს  შორის იმ ხუთი მოსამართლის გვარსაც  შეხვდებით, რომლებიც პარლამენტის მიერ დაწუნებულ 10-კაციან სიაში  იყვნენ. თუმცა,  ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რჩეულები მეორედ გახდნენ.

საქართველოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დიდი უმრავლესობა -18 კანდიდატი  მოქმედი მოსამართლეა; უმეტესობას პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს აქვთ სამოსამართლო კარიერა  გაკვალული;  კანდიდატთა დიდი ნაწილი იმ დროს დაინიშნა უვადოდ, ან დაწინაურდა, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე იყო (2013-2017). 

ცნობისთვის: უზენაეს  სასამართლოში დღეისთვის მოსამართლეთა დეფიციტია - სულ 11 მოსამართლე განიხილავს საკასაციო საჩივრებს, სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ახალ მოსამართლეთა დანიშვნა. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული 20 კანდიდატიდან  17-ს უნდა დაუჭიროს მხარი. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჯერად, 20-კაციანმა სიამ  დეპუტატთა  სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა. მათი უმეტესობა კვლავ „კლანის წევრებად“  დასახელდა.  

1. თამარ ალანია - ის, კანდიდატთა სიის ლიდერია, რადგან გასაუბრების შედეგად ყველაზე მეტი ქულა მან დააგროვა.

თამარ  ალანიამ მოსამართლის მანტია  ექვსწლიანი პროკურორობის შემდეგ ჩაიცვა - 2006 წლიდან ჩაიცვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა,  2017 წელს უვადოდ დაინიშნა.  იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2013-2017).

„ჩემი არჩევანი არის მურუსიძე,“ -  ეს  განცხადება თამარ ალანიამ ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნისას მაშინ გააკეთა, როცა მურუსიძის უვადოდ დანიშვნას საპროტესტო  გამოსვლები მოყვა.  ის, მაშინ ძალზე აქტიურად იცავდა  „სასამართლოს ლიდერს“.

თამარ ალანია რამდენიმე გახმაურებული საქმის მოსამართლე გახლდათ, მათგან ყველაზე ცნობილია არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის საქმე.

ჩემი არჩევანი არის მურუსიძე
თამარ ალანია
მოსამართლე
 

“თქვენ ხართ ქალი, თქვენ ხართ დედა. თუ გახსოვთ გვანცა ყუფარაძის საქმე?” – ასეთი შეკითხვით მიმართა მას  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროსასამართლოს მოსამართლის შესარჩევ გასაუბრებაზე. 

თამარ ალანიას თქმით, მაშინ იყო ძალიან ხისტი და მძიმე კანონმდებლობა, რომელსაც ვერ გაექცეოდა.

 2მერაბ გაბინაშვილი  -   მოსამართლის კარიერა 2006 წელს გორის სასამართლოში დაიწყო. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო  სასამართლოსა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2012 წლის ნოემბრიდან იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარე. 2017 წელს დაინიშნა უვადოდ.  ცოტა ხნის წინ მეორედ დაინიშნა თბილისის სააპელაციო  სასამართლოს საგამოძიებო  კოლეგიის თავმჯდომარედ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2013-2017).

მის სახელთან არ არის დაკავშირებული გახმაურებული საქმეები, თუ არ ჩავთვლით ნიკა მელიას საქმეს. უფრო ზუსტად, ცოტა ხნის წინ მან არ დააკმაყოფილა პროკურატურის შეამდგომლობა და ნიკა მელია არ დააპატიმრა - ძალაში დატოვა  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის ტარების თაობაზე.  

 3. შოთა გეწაძე - მანაც  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო მოსამართლეობა.  იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე.

2015  წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2011 – 2017); დანიშნულია უვადოდ.

"ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი. პირდაპირ ვამბობ ამას. ის არის ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანი და მე მგონი, ამით ბევრი რამ არის ნათქვამი,“ - განაცხადა შოთა გეწაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისთვის დასმული შეკითხვის პასუხად.

შოთა გეწაძე აწერდა ხელს 2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ლევან მურუსიძე არის ჩემი მეგობარი და არა ჩემი ლიდერი

მოსამართლე შოთა გეწაძე იხილავდა 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაჯარიმების ხმაურიან საქმეებსაც.

4. მირანდა ერემაძე  - 2006 წელს  დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.  იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე;  საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი,   კომიტეტის თავმჯდომარე. 2016  წლიდან   თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2017 წელის დაინიშნა უვადოდ.

5. მამუკა ვასაძე  - საქმიანობა დაიწყო 2005 წელს  ფინანსურ პოლიციაში, წლების განმავლობაში  საქმიანობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე.  2014 წელს მუშაობა დაიწყო მთავარ პროკურატურაში, 2015 წელს  დაინიშნა მთავარი პროკურორის პირველ   მოადგილედ. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ,დროებით ასრულებდა მთავარი პროკურორის მოვალეობას. 

მამუკა ვასაძის სახელი სკანდალურად დაუკავშირდა „ციანიდის საქმე“. დეკანოზი მამალაძე  მას ზეწოლაში ადანაშაულებდა. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ვასაძე დეკანოზს აიძულებდა ეღიარებინა,  პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვა თანამზრახველებთან -  მეუფე დიმიტრისთან და სოსო ოხანაშვილთან ერთად.

 მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მიერ განხორციელებულ  ზეწოლაზე საუბრობდა  იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილიც. 

6. მაია ვაჩაძესამოსამართლო კარიერა დაიწყო 1955  გლდანის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ მოსამართლედ; მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში; პირველად 1999 წელს, ხოლო 2009  წელს მეორე ვადით დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.  მანამდე ის, წლების მანძილზე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 

7. თამარ  ზამბახიძე - 2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2007 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი.

ის სამოსამართლო კარიერის დაწყებამდე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი იყო და როგორც ცნობილია, ის ახლაც სტუდენტების გამორჩეული სიმპათიით სარგებლობს.  2017 წელს დაინიშნა უვადოდ. 

8. შალვა თადუმაძე  - საქართველოს მთავარი პროკურორი  ქულათა რაოდენობით სიაში მერვეა.

2012 წლმდე  საქმიანობდა კერძო სექტორში; საკუთარი კომპანიაში ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას;  2012-2018 წლებში ეკავა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. 2018 წლის ივლისამდე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის ივლისიდან კი ის, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რიგით მეხუთე  საქართველოს გენერალური პროკურორია.

იცავდა ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ინტერესებს მიხეილ სააკაშვილის დროს

შალვა თადუმაძე 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ბრძანებულებით ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.  მაშინაც, როცა ივანიშვილი კონტროლის პალატამ, როგორც „ქრთული ოცნების“  შემომწირველი სოლიდურად დააჯარიმა.

შალვა თადუმაძე იყო კახა კალაძის ადვოკატი, როცა სააკაშვილის   გენერალურმა პროკურატურამ  მისი ანგარიშები ფულის გათეთრების ბრალდებით დააყადაღა.

9. ზაზა თავაძე - კარიერული წინსვლა 2007  წელს დაიწყო, როცა ის გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.  მაშინ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი გახლდათ და თავაძე მის კადრად ითვლებოდა.   

2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იუსტიციის მინისტრის (ზურაბ ადეიშვილის) მოადგილედ მუშაობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ზაზა თავაძე   2010 წელს დაინიშნა, მანამდე  კი, ცოტა ხანს, ყოფილი თავმჯდომარის  გიორგი პაპუაშვილის მოადგილე იყო.

ზაზა თავაძე იმ ხუთ მოსამართლეთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც 2016 წლის ივლისში, საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს ზოგიერთი საქმის, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმის „დაჩქარებული ტემპით“ განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

10. ვლადიმერ  კაკაბაძე - მანაც 2006 წელს დაიწყო მოსამართლეობა და 2019 წლამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წელს უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ვლადიმერ კაკაბაძეს მოსამართლეობამდე კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა, იყო არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტი.

ცნობილია, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძესა და ფადი ასლის შორის არსებული დავა, როცა მოსამართლემ სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლა პატივისა და ღირსების შელახვისთვის.  ფადი ასლიმ მას კორუმპირებული უწოდა.

 ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილებით, თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები – „ფილიპ მორისი“ და „ბრითიშ ამერიკან ტობაკო“   ქართული კომპანიების – “თბილისის თამბაქოს”  და „ომეგა ჯგუფის“ საჩივარზე დაჯარიმდა. „ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ 270 მილიონი ლარით, „ფილიპ მორისი“   92 მილიონი ლარით.  რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებად მოინათლა, თუმცა, ამ და სხვა საქმეების გამო, მოსამართლე კაკაბაძემ ფადი ასლის რისხვა დაიმმსახურა. 

11. ლევან მიქაბერიძე  -    მოსამართლედ 2013  წელს დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში;  2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წელს  უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

12. გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ქულათა რაოდენობით კანდიდატებს შორის მე-12 ადგილზეა.

ის სასამართლოში  პროკურატურიდან მივიდა. 2012 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წელს აირჩიეს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს 11-მა წევრმა საბჭოს მდივანი  გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნა.

გიორგი მიქაუტაძემ განიხილა  რამდენიმე გახმაურებული საქმე: "ქართული ოცნების"­ აქტივისტის ლაშა მესხიას  საქმე; იყო  გიორგი მიქიაშვილის საქმის მოსამართლე; ასევე, მის სახელს უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით  2012 წლის ივლისში განხილული ხმაურიანი საქმე - გიორგი მიქაუტაძემ პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის უკანონო შემოწირულობის გამო  ბიძინა ივანიშვილი და კიდევ  17 პირი სოლიდურად დააჯარიმა.

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც 2018 წლის 2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა, გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს რამდენიმე წევრი ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა.

ზარდიაშვილთან ვმეგობრობ, ამის გამო დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება
გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლე

გიორგი მიქაუტაძე საბჭოს მიერ შედგენილ იმ 10-კაციან სიაში იყო, რომელიც პარლამენტმა დაიწუნა. 

13. პაატა სილაგაძე - 2006-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავჯდომარე.  2008 წლიდან  არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი.   იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2013-2017). 

ათწლიანი ვადის  გასვლის მიუხედავად, მას  გაუგრძელეს მოსამართლეობის ვადა იმ საქმეებზე, რომლებიც მის  წარმოებაშია.

პაატა სილაგაძემ განიხილა დავა ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიების: "არტის", "პიზას", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანისა" და "ლივო გრუპის" საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

14. ნუგზარ სხირტლაძე - 1999 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2009 წელს მეორე  ვადით ააიირჩიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.  იყო თბილისის საოლქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

15. ლალი  ფაფიაშვილი - 2007 წელს    პარლამენტმა აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.  2016  წელს  ნოემბერს კი,   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

16. ნინო  ქადაგიძე  -  2000-2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2013 წლის ივნისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

17. ლაშა ქოჩიაშვილი  -  მოსამართლის კარიერა დაიწყო 2007 წელს   ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2008-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 2009-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო  სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო  საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ლაშა ქოჩიაშვილს უნდა განეხილა “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, რომლითაც ის, ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და მის სხვა მფლობელებსა  უჩიოდა და 26 მილიონს ითხოვდა.

ლაშა ქოჩიაშვილი არის ერთ-ერთი ის მოსამართლე, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, პროტესტის ნიშნად ასოციაცია “მოსამართლეთა ერთობა” დატოვა. 

 “მოსამართლეთა ერთობამ” მაშინ  გააკრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  (რომლის  მდივანიც ლევან მურუსიძე იყო) საკადრო პოლიტიკა  და მოსამართლეთა ის თავყრილობა,  სადაც არც ერთი განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი ძირითადად კომერციულ დავებს განიხილავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია 2017 წელს შეიქმნა. 4 მოსამართლისგან (თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია) დაკომპლექტებული კოლეგია განიხილავს სანივთო-სამართლებრივ დავებს, სამეწარმეო-სამართლებრივ დავებს, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა ღირებულებაც, დავის საგნის მიხედვით, 500 000 ლარს აღემატება.  ეს გადაწყვეტილება თავის დროზე, არასამტავრობო ორგანიზაციათა სერიოზული კრიტიკის ობიექტი გახდა.

18. ქეთევან ცინცაძე  - 2017 წლის ნოემბრიდან მუშობს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე.

19. ალექსანდრე წულაძე - 2014-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. 2015-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

20. გოჩა ჯეირანაშვილი - 2009 წლიდან  ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2018 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

 გოჩა ჯეირანაშვილი სასამართლოში პოლიციიდან მმივიდა. წლების მანძილზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  მუშაობდა პოლიციაში, სხვადასხვა თანამდებობებზე. არსებული ინფორმაციით, ის ვანო მერაბიშვილის კადრად ითვლებოდა.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი