„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმა გააფუჭა საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ათწლეულების მანძილზე მძიმე ბრძოლის შედეგად მიღწეულ წინსვლას, – ამის შესახებ კონგრესმენმა, თომას კინმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება თომას კინმა აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენაზე გააკეთა.
თომას კინის განმარტებით, „ოქტომბერში საქართველოშიც და მოლდოვაშიც არის ადგილი იმედისთვის და სჯერა, ორივე ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მოწადინებულია აშშ-სთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის და არ სურთ, თავიანთი ქვეყნები კიდევ ერთხელ დაემორჩილონ კრემლის ნებას“.
„შობის დღეს, თითქმის 33 წლის წინ, საბჭოთა კავშირმა, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. დაეცა რკინის ფარდა და მასთან ერთად მილიონობით ადამიანი გათავისუფლდა საბჭოთა ჩაგვრისგან. ორი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკა დამოუკიდებელი იყო, იყვნენ თავისუფლები, გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი. ძველი მოწინააღმდეგეები გახდნენ ახალი პარტნიორები, რომლებიც პასუხობდნენ შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მიერ შეთავაზებულ მეგობრობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ორ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკას. ორივე ძალიან განსხვავებული გზით მიდის. საქართველო, სამწუხაროდ, ბოლო წლებში მოლდოვისგან ძალიან განსხვავებულ გზას გაჰყვა. მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველმა ხალხმა გამოავლინა მონდომება კორუფციის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის საბჭოთა წარსულის დავიწყებისა და შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის განსახორციელებლად. ქართველები იბრძოდნენ და სისხლი დაღვარეს, არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ომში, არამედ ასევე აშშ-ის სამხედროებთან ერთად, საქართველო იყო პირველი უმსხვილესი ნატო-ს არაწევრი კონტრიბუტორი ჯარების მხრივ ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების ძალებში. სწორედ ამიტომ არის გულდასაწყვეტი ბოლოდროინდელი ქმედებები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს.
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ უფლება მისცა საკუთარ თავს, ზიანის მომტანი ელემენტებით გაჯერებულიყო, რომელიც ღიად უტევდა მის დასავლელ პარტნიორებს და აგრძელებდა მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან და ჩინეთთან. მაისში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, მიუხედავად საქართველოს დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილებისა. საქართველოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონმა გააფუჭა საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ათწლეულების მანძილზე მძიმე ბრძოლის შედეგად მიღწეულ წინსვლას და სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
საქართველოს მრავალი მოქალაქე გაბედულად და მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში მათი ხელისუფლების ბოროტი ქმედებების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მათ დახვდნენ ძალადობრივი რეპრესიებით და დაპატიმრებებით. უცხოური აგენტის კანონპროექტის შესახებ დებატების დროს, „ქართული ოცნების“ ლიდერი სასტიკი შურისძიებით დაემუქრა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს სიტყვით გამოსვლისას, რომელიც შესაფერისი იქნებოდა დიქტატორისთვის და არა აშშ-ის პარტნიორისთვის.
დიდი სურვილი მაქვს, ვნახო, როგორ რეაგირებას მოახდენს ქართველი ხალხი მათი ხელისუფლების ამ ქმედებებზე ოქტომბრის კრიტიკულ საპარლამენტო არჩევნებზე. დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ოქტომბერში საქართველოშიც და მოლდოვაშიც არის ადგილი იმედისთვის. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მოწადინებულია შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის და არ სურთ თავიანთი ქვეყნები კიდევ ერთხელ დაემორჩილონ კრემლის ნებას“, – განაცხადა კონგრესმენმა, თომას კინმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |