191
03 ივლისი 2024, 16:52
„მიხარია, რომ საქართველოს ასეთი პატრიოტი ხალხი ჰყავს, ასე გვიყვარს ჩვენი ქვეყანა როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს“, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს წარმატებულ მონაწილეობასთან დაკავშირებით მოწყობილი საზეიმო დახვედრის შემდეგ განაცხადა.
Reuters: საოცარი EURO2024-ის შემდეგ, ქართველმა გულშემატკივრებმა სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს დახვედრა მოუწყვეს
„საოცარი გარემო დაგვახვედრეს. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც ასეთი სიყვარული გვაჩუქა. ასეთი რამდენიმე კვირა გვაჩუქა ჩვენმა გულშემატკივარმა, რაც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება ფეხბურთელებს. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი პატრიოტი ხალხი ჰყავს, ასე გვიყვარს ჩვენი ქვეყანა როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს. ასე მგონია, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი ჩადო ამ წარმატებაში და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველა ქართველის წარმატება. მართლა ისე ვგრძნობთ თავს, რომ ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დავბრუნდით. ხალხს იმედი დაუბრუნდა და მეც იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დასაწყისი იქნება“, - განუცხადა რუსთავი2-ს გურამ კაშიამ.
გურამ კაშიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„ფეხბურთიდან ნამდვილად არ მივდივარ, რადგან მინდა ფეხბურთის თამაში და მიხარია ფეხბურთის თამაში. ამიტომ, ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.
ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |