3369
04 მაისი 2020, 11:25
ქეთი ხატიაშვილი
სანამ ვიცე-პრემიერობისთვის ემზადებოდა, ფეისბუკგვერდის ავატარზე ატვირთა ფოტო, სადაც უკრაინის ფერებიან მაისურში იყო გამოწყობილი; როგორც კი რადაში მისი კანდიდატურა ჩავარდა, ავატარზე მუქი ლურჯი კოსტიუმით გამოჩნდა. სულ რაღაც ორ დღეში კი, როცა უკრაინული მედია მისთვის სხვა პოზიციის შეთავაზების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა, ქავერზე უკვე თოვლიანი მთების ფონზე სივრცისკენ მიპყრობილი მიზანსწრაფული მზერით ვიხილეთ.
ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პიარის მიმართ გრძნობა არ დაუკარგავს, და არც იყო მოსალოდნელი. ეს ხომ ერთადერთია, რაც მას შესანიშნავად გამოსდის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან გაქცეული მესამე პრეზიდენტის კანდიდატურა რადას ვიცე-პრემიერის პოსტზე დასამტკიცებლად წარუდგინა; სააკაშვილმა რადაში ფრაქციებთან შეხვედრების გამართვა დაიწყო, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა, საბოლოოდ, ზუსტად კენჭისყრის წინ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია. ახლა სააკაშვილის გარემოცვა ამბობს, რომ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორს სხვა თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, რა არის ეს სხვა, დაკონკრეტებას ვერც სააკაშვილის გარემოცვა ბედავს და ჯერ არც ზელენსკი არღვევს დუმილს ჯიუტად.
როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკაშიც გამოჰყვა იუმორის გრძნობა. სააკაშვილს მან უკვე მეორედ დასცინა. პირველად სცენაზე, როცა ოპოზიციაში გადასული სააკაშვილის პაროდია გააკეთა, სადაც ის კორუმპირებული გამოიყვანა, და მეორედ მაშინ, როცა რადაში მისი კანდიდატურა ჯერ შეიტანა და შემდეგ გამოიტანა.
როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკაშიც გამოჰყვა იუმორის გრძნობა
სამაგიეროდ, სააკაშვილს არ აქვს იუმორის გრძნობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პირადად მას და მის კარიერას ეხება.
ამიტომაც ახლა ის ელოდება, ჯერ ზელენსკიმ თქვას, რას სთავაზობს ოდესის ყოფილ გუბერნატორს. ვნახოთ, სადამდე გაწელავს დროს უკრაინის პრეზიდენტი. ყოველ შემთხვევაში მას დროც ცოტა მისცეს და გეგმა „ბ“-ს შესახებაც მიანიშნეს.
გეგმა „ბ“ კი, ისევე როგორც „ა“ და პოლიტიკური ალფაბეტის სხვა ყველა ასო, სააკაშვილის შესრულებით, ზელენსკისთვის შესაძლოა, გამანადგურებელი ძალის აღმოჩნდეს.
შორს წასვლა არც სჭირდება, საპრეზიდენტო არჩევნები ხომ ზელენსკიმ ბევრწილად მიხეილ სააკაშვილის დახმარებით მოიგო - პეტრე პოროშენკო სწორედ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გაანადგურა. რომ არა მიშა, ის არჩევნებს აუცილებლად მოიგებდა. თუმცა, ამ დაპირისპირებამ პოროშენკოს ყველა შანსი დააკარგვინა.
გეგმა „ბ“ კი, ისევე როგორც „ა“ და პოლიტიკური ალფაბეტის სხვა ყველა ასო, სააკაშვილის შესრულებით, ზელენსკისთვის შესაძლოა, გამანადგურებელი ძალის აღმოჩნდეს
აქ ერთი საგულისხმო დეტალია. სააკაშვილი პოროშენკოს იმიტომ კი არ ებრძოდა, რომ არჩევნებში გამარჯვება თავად სურდა, - მან მშვენივრად იცოდა, რომ პრეზიდენტად მას არავინ აირჩევდა, - არამედ მხოლოდ მის დასამარცხებლად. ეს იყო შურისძიება ქართულად.
ჰოდა, რა შეუშლის ხელს სააკაშვილს, შური ზელენსკიზეც იძიოს? მინიშნებები უკვე გააკეთა. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პირდაპირ თქვა, კორონას შემდეგ დიდი ეკონომიკური კრიზისი დაიწყება და ქვეყანას ძალიან გაუჭირდებაო. სააკაშვილს კარგად ესმის, რომ კრიზისი ზელენსკის პოლიტიკურ კარიერაში დიდი პოლიტიკური „მაზოლია“, რომელსაც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ნებისმიერ დროს კი არა, მხოლოდ შესაფერის მომენტში შეიძლება ფეხი მწარედ დააბიჯოს.
საქმე ის გახლავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხის იმ ნაყოფს ჰგავს, ზღაპრებში რომ გვხვდება. მიქრის ცხენზე ამხედრებული მთავარი პერსონაჟი საგმირო საქმეების ჩასადენად და ხვდება მსხმოიარე ხე, მას ნაყოფის მოწყვეტა სურს, მაგრამ რაღაც ხმა ჩასძახის: მოწყვეტ - ინანებ, არ მოწყვეტ - ინანებ.
ასეა სააკაშვილიც. მთავარია, მასთან გზები არ გადაგეკვეთოს, თორემ შემდეგ სულერთია, დანიშნავ თუ არ დანიშნავ, ის მაინც მოინდომებს, პოლიტიკურად აგაფეთქოს.
ნგრევის შედეგი გარდაუვალია, ისევე როგორც წაგების. რეალურად კი, სააკაშვილი ახლა მხოლოდ პიარით არის დაკავებული, რომლის უკან არაფერი დგას.
მთავარია, მასთან გზები არ გადაგეკვეთოს, თორემ შემდეგ სულერთია, დანიშნავ თუ არ დანიშნავ, ის მაინც მოინდომებს, პოლიტიკურად აგაფეთქოს
კლასიკური მაგალითი ამ დღეებში ვნახეთ. რადადან კანდიდატურის გაწვევამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი სატელევიზიო არხით საკუთარ საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობდა. ამბობდა, როგორ აქებს მას ტრამპი, როგორ სადილობს თუ ვახშმობს ის ანგელა მერკელთან, როგორი საჭირო კავშირები აქვს მას მსოფლიო პოლიტიკის ვარსკვლავებთან...
თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, კიევში წერილი მხოლოდ საქართველოდან აფრინეს, რომელსაც ხელს ერთკაციანი პარტიები აწერდნენ.
„წინა ცხოვრებაში“ პოლიტიკა მან საქართველოში ითამაშა. და მას ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ისტორიაში დიად ფიგურად შესულიყო, თუმცა ამისთვის გამბედაობა არ ეყო.
„წინა ცხოვრება“
ერთადერთი, რასაც მისგან ითხოვდნენ, ერთგულება იყო. სხვა ყველაფერი უკვე გამზადებული დახვდა. პარტია, რომელსაც დასავლეთში ძალიან ენდობოდნენ; სისტემა, რომელიც, ლიდერების გარდა, რიგით წევრებზეც მუშაობდა და პოლიტიკური კარიერის რეალური შანსი.
მაგრამ ერთგულებისთვის სიმამაცე არ ეყო. არ ეყო არც მაშინ და არ ჰყოფნის არც ახლა. ის არ არის გუნდური მოთამაშე, მას არ შეუძლია, იყოს ერთ-ერთი ლიდერი, ის უპირობო ლიდერი უნდა იყოს, რომელსაც ემორჩილებიან.
ამიტომაც საკუთარი პოლიტიკა შექმნა, სადაც მხოლოდ საკუთარი თამაშის წესები დაადგინა და სადაც მორჩილება/დამორჩილების პრინციპი ერთ-ერთი უმთავრესი იყო.
ზურაბ ჟვანია მისი პირველი პარტნიორი არ ყოფილა, მაგრამ ის იყო პირველი, ვინც მას წარმატებისკენ გზა გაუხსნა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე, რეალურად მიხეილ სააკაშვილმა კარიერის გრძელ კიბეზე ყველა კარი თავად შეაღო ან შეამტვრია.
პირველი მცდელობა კი სრული კრახით დასრულდა. 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში თემურ ალასანია „ქარტია-91“-ის პირველ პირს თედო პაატაშვილს შეხვდა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვა სთხოვა. ალბათ, ფინანსურ მხარდაჭერაზეც იყო საუბარი. პაატაშვილი არათუ წინასწარმეტყველი, პოლიტიკოსიც კი არ იყო საიმისოდ, რომ სააკაშვილში რამე პოტენცია დაენახა. შესაძლოა, მაშინ ეს არც იყო მისი ინტერესი. ბიზნესით უფრო იქნებოდა დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით. მაშინ ხომ ბევრი სწორედ ასე გამდიდრდა. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. უკვე სხვა ისტორიაა ისიც, რომ მაშინ, 90-იანების დასაწყისში, მიშამ მაჟორიტარული არჩევნები წააგო.
საბოლოოდ კი შეძლო, ეს წაგება თავბრუდამხვევ წარმატებად ექცია და საკუთარი ისტორიის დასრულებას არც ახლა ჩქარობს.
წარსულში მისი პარტნიორებიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო პარტნიორი/კონკურენტი ზურაბ ჟვანია იყო.
ზურაბ ჟვანია ცდილობდა სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ეს დიდ დროს, მოთმინებას, ხანგრძლივ ბრძოლასა და პოლიტიკური თამაშების რთულ კომბინაციებს გულისხმობდა. მაშინ, 90-იან წლებში კი ეს შეუძლებელი ჩანდა - პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ისეთივე კორუმპირებული იყო, როგორც დღეს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის კი სრულიად უცხო გახლდათ დემოკრატიის მნიშვნელობა და გაუგებარი - მისი უპირატესობები.
მის ენერგიას ნგრევა და განადგურება მოაქვს. შენება არ შეუძლია. და აქ მე დემოკრატიული საზოგადოების შექმნასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ვგულისხმობ
საბჭოთა მენტალიტეტი, თამაშისა და ცხოვრების წესები, ისევე როგორც კორუფცია, ხელს უშლიდა სამოქალაქო საზოგადოების შექმნასაც კი, არა თუ მის ჩამოყალიბებას. ძველი სისტემის დანგრევას განსაკუთრებული მუხტი სჭირდებოდა.
სწორედ ეს მუხტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. მის ენერგიას ნგრევა და განადგურება მოაქვს. შენება არ შეუძლია. და აქ მე დემოკრატიული საზოგადოების შექმნასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ვგულისხმობ და არა გზების დაგებას ან ლამაზი შენობების აშენებას.
სააკაშვილი-ჟვანიას დუეტი პოლიტიკაში ძალიან სასარგებლო იქნებოდა, ისევე როგორც 90-იანების დასაწყისში შევარდნაძე-გამსახურდიას დუეტი აგვაცილებდა ბევრ კატასტროფას.
მაგრამ ჯადოქრობა არ მოხდა.
მიხეილ სააკაშვილმა ძალა სწორედ ხალხსა და პოპულიზმში იგრძნო. და ამ გზას გაჰყვა.
მან ყველას მომენტით თავად ისარგებლა.
ახლა კი ცდილობს, საკუთარი წარსულით ისარგებლოს და საკუთარი ისტორია გააგრძელოს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |