96
09 მაისი 2024, 10:52
“ბედავთ და დღევანდელი ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს იყენებთ ქვეყნის წინააღმდეგ. თქვენი ხელისუფლების დროს სისხლში ჩაახრჩობდით იმის ჩამდენს, რასაც თქვენ აკეთებთ დღეს ქვეყნის წინააღმდეგ”, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გიორგი ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
ღამბაშიძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ხალხს საპატიმროებში აწამებდნენ და გვამებს სახურავებზე ყრიდნენ.
მისი შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველო მის მტრებს ხელში არ ჩაუვარდეთ, მნიშვნელოვანია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ქვეყანაში მიღებულ იქნეს.
“როდესაც ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარეთ; როდესაც ოფიციალურად ქვეყანას დააბრალეთ ომის დაწყება; როდესაც ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები გადაეცით რუსეთს; როდესაც კოდორი გაქვთ ჩაბარებული რუსეთზე; როდესაც ომის და ოკუპაციის შემდეგ, რუსეთს ეხუტებოდით და პირადად ხვდებოდა თქვენი ბელადი მის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ბიზნესის საკეთებლად საქართველოში; როდესაც დღესაც, რუსული ფული გერიცხებათ ზოგიერთებს; როდესაც ნახევარი საქართველო ციხეში გყავდათ გამომწყვდეული; როდესაც ციხეში ადამიანებს აწამებდით გასართობად, პირადი ანგარიშსწორებით ან პირადი მანიაკალური ვნების დასაკმაყოფილებლად; როდესაც წამებისგან დაღლილი და შეურაცხყოფილი კაცები ციხეში თვითმკვლელობას ცდილობდნენ და ნაწლავგადმოყრილებს ექიმსაც არ აჩვენებდით; როდესაც გვამებს ითხოვდით, როდესაც გვამებს სახურავებზე ყრიდით (სხვა სიტყვას ვერ იტყვი); როდესაც შეკრებითობით ლამის ყველას უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ასაკის და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად (10, 15, 20, 25 წელი); როდესაც პატიმრების საკანში დასაშვებზე 10-ჯერ მეტი პატიმარი გყავდათ და 2 საათსაც ვერ იძინებდნენ და ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები; როდესაც ბიზნესს ატერორებდით და ქონებას უკანონოდ ართმევდით ადამიანებს; როდესაც ოჯახის წევრების თვალწინ ოჯახის წევრს შეურაცხყოფდით და კლავდით; როდესაც მთლიანი ოჯახები ამოხოცეთ (სვანეთი); როდესაც უდანაშაულო ახალგაზრდები გყავთ ჩახოცილები და ოჯახები მოსპეთ; როდესაც ბელადს, რომელიც უსამშობლოა, "განუბაჟებლად" შემოაპარებ ქვეყნის ასარევად; როდესაც მთელ მსოფლიოს ატყუებთ, რომ ბელადს გიკლავენ, ამაში მილიონებს ხარჯავთ და ამ დროს ის ბავშვებს აკეთებს (თან ციხის მაგივრად "კურორტზეა"); როდესაც ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლით შეგნებულად და დაკვეთით ათას სულელურ რეზოლუციას აღებინებ ქვეყნის წინააღმდეგ მათ, ვისი აგენტებიც ხართ;
როდესაც ქვეყანას სწირავ მეორე ფრონტისთვის და შესაძლო მსხვერპლის რაოდენობა მხოლოდ ციფრებია თქვენთვის და ინფრასტრუქტურის განადგურება თქვენთვის მხოლოდ ფულის შოვნის საშუალებაა, ხოლო განადგურებული სამშობლო - მხოლოდ ტერიტორია; როდესაც არჩევნების გზით, ამომრჩევლის უმრავლესობით არჩეული კანონიერი ხელისუფლების გადაყენებას წლებია ცდილობთ არჩევნების გაყალბების დაბრალების გზით, რაშიც “ენჯეოებს” იყენებდით და შემდეგ დაგიმტკიცდათ, რომ შეგნებულად, შეთანხმებულად მოქმედებდით და ყალბი მონაცემებით მანიპულირებდით; როდესაც ახალგაზრდების გარყვნას, ზნეობის და კულტურის წაშლას ცდილობთ და ლგბტ პროპაგანდას წლებია ეწევით, რომ საქართველოს ღირსეული მომავალი თაობა "წაგლიჯოთ"; როდესაც წლებია ხატებს შეურაცხყოფთ, პატრიარქს თავს ესხმით, რწმენას და რელიგიას ფეხქვეშ თელავთ და ხალხის მოთმინების ფიალას შეგნებულად ავსებთ, რომ მოხდეს შეტაკება; როდესაც თამარ მეფეს პრეზერვატივზე ახატვინებთ თქვენს აგენტებს და ეგ თურმე მართლმადიდებლების შეურაცხყოფა კი არ არის, აზრის გამოხატვის თავისუფლებაა თქვენთვის; როდესაც წმ.გიორგის მაგივრად ბაიკერს გამოსახავთ ხატზე; როდესაც ღვთისმშობლის ხატს შეურაცხყოფ და იარაღს დააჭერინებ ხელში და ა.შ. და ა.შ.
თქვენი უზნეობის და ჩადენილი დანაშაულის ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება - ამ ყველაფრის ჩამდენი დამნაშავეთა, ნაძირალათა და უსამშობლო აგენტთა პოლიტიკური ხროვა (“ნაცები” და ანასხლეტები), იმის მაგივრად, ყოველდღე ბოდიშს უხდიდეთ თქვენგან გამწარებულ ხალხს, საზოგადოებას, ქვეყანას, მომავალ თაობას, დღეს კიდევ ბედავთ და რევოლუციის მოწყობას ცდილობთ.
ბედავთ და დღევანდელი ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს იყენებთ (სარგებლობთ ამ მონაპოვრით) ქვეყნის წინააღმდეგ. თქვენი ხელისუფლების დროს სისხლში ჩაახრჩობდით იმის ჩამდენს, რასაც თქვენ აკეთებთ დღეს ქვეყნის წინააღმდეგ.
ბედავთ და სპორტსმენებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს თუ საზოგადოებისთვის საყვარელ ადამიანებს აბულინგებთ.
ბედავთ, "რუსულ კანონს" არქმევთ კანონს, რომელიც ქართულია და მის წაკითხვას უშლით ბავშვებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქციებს ამართინებთ, მათ ხართ ამოფარებულები და წინა ხაზზე უშვებთ, რომ როგორმე ტრაგედია მოხდეს და "მაიდანის" სცენარი ააგოროთ. ბედავთ, ქვებით, მოლოტოვის კოქტეილებით ამარაგებთ ახალგაზრდებს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებთ, პოლიციელებზე თავდასხმას ავალებთ, რომ თქვენს მიზანს მიაღწიოთ. თქვენი შვილები კი "თბილად" არიან უსაფრთხო ადგილას. ბედავთ, რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლის დაგეგმვას და განხორციელების მცდელობებს.
თქვენისთანა უჯიშოებს, უსამშობლოებს, ნაძირალებს, მატყუარებს, მოღალატეებს, სამშობლოს მტრებს და "გლობალური ომის პარტიის" აგენტებს ნამდვილად არ ჩაგიგდებთ ხელში ქვეყანას საჯიჯგნად. სწორედ ამიტომ, აუცილებლად იქნება მიღებული კანონი, რომ გამჭვირვალე გახდეს თქვენი პატრონებისა და თქვენი რევოლუციური სცენარით მოქმედებების ურთიერთკავშირი და ფინანსების წარმომავლობა.
ისევ და ისევ მოთმინებას ვთხოვ ხალხს, საზოგადოებას, რომ არჩევნებამდე არ წამოეგონ თქვენს პროვოკაციებს, არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და არჩევნებით საბოლოოდ ჩაგაბაროთ წარსულს”, - წერს გიორგი ღამბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |