81
08 მაისი 2024, 12:26
"ეს არის სუს-ის ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება, რომელსაც მოჰყვება კონკრეტული ქმედებები," - ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სუს-ის განცხადებას, სადაც საუბარია გარკვეული ჯგუფების მცდელობაზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, განავითარონ ძალადობრივი სცენარები და დემონსტრანტებს შორის მსხვერპლი.
ქართველიშვილის განცხადებით, სახელმწიფო თავის სუვერენიტეტს არ დათმობს და ევროპისკენ ღირსეულ სვლას გააგრძელებს, დემონსტრანტებს კი მოუწოდებს, სამშობლოს წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღონ, რომლის შედეგი მათი გარდაუვალი მარცხია.
“ეს არის სუს-ის ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება, რომელსაც მოჰყვება კონკრეტული ქმედებები. ამის შემდეგ რაიმე პრეტენზიები, უკმაყოფილება თუ მუქარა ხელისუფლების მიმართ არ მიიღება. "ქოუჩების" მიერ დაგეგმილი მსხვერპლის ახლობლებს - კიდევ ერთხელ ვურჩევ დაფიქრდნენ. სახელმწიფო მაქსიმალურად არ დაუშვებს ამ დაგეგმილ მსხვერპლს. ამჯერად ზეციური მხარდაჭერა თქვენ არ გაქვთ, სახელმწიფო თავის სუვერენიტეტს არ დათმობს, ღირსეული ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას საქართველო მაინც გააგრძელებს - ნუ "შეტოპავთ" საუკუნოვან სირცხვილში და თქვენი სამშობლოს წინააღმდეგ გამოცხადებულ სამარცხვინო ბრძოლაში, რომლის შედეგი თქვენი გარდაუვალი მარცხია. მოკლედ, გაფრთხილებული ბრძანდებით, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია!”, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაშიც ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი და ამის მიზანია ძალადობრივი სცენარების განვითარება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |