145
02 მაისი 2024, 14:56
„ორაზრის პრინციპით, რადიკალური ოპოზიციისთვის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების მტკიცებით, 29 აპრილს თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე შეკრებილი ხალხი ყოფილან „ალკოჰოლიკები, ჩამოთრეულები, კარტოფილსა და ხახვზე გაყიდულები“, ხოლო მათგანვე ორგანიზებული, მათივე სიებით ორგანიზებული 30 აპრილისა და 1 მაისის აქციები მოქალაქეების შეკრება „თავისუფლებისთვის საბრძოლველად.“ - იმის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი იოანე შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შაიშმელაშვილი ეხმიანება ბოლო დღეებში გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებს და ოპოზიციის ორმაგ მიდგომას, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები სიტყვის თავისუფლების სახელით არის მონათლული, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ოპოზიციამ გაყიდულებად შერაცხა.
„ჯორჯ ორუელის 1984 დასაწყისიდანვე გვაცნობს ტოტალიტარული აზროვნების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს - „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“ ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, შავი თეთრია. ეს არის მის მიერვე დამკვიდრებული „ორაზრის“ პრიციპის მარტივი ახსნა, როდესაც მასაში ორი ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი აზრი ერთნაირად არსებობს და გამოიყენება „უფროსი ძმის“ ან გლობალური ომის პარტიის საჭიროებისა და გემოვნების მიხედვით. თუ მოწინააღმდეგეზე არის საჭირო თავდასხმა, მაშინ შავი თეთრია, ხოლო თუ თავად უფროსი ძმის ინტერესია დასაცავი, ეს ნიშნავს ცოდნას, რომ შავი თეთრია და დავიწყებას იმისას, რომ ოდესმე საპირისპირო არსებობდა. ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია.
სწორედ ამ ორაზრის პრინციპით, რადიკალური ოპოზიციისთვის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების მტკიცებით, 29 აპრილს თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე შეკრებილი ხალხი ყოფილან „ალკოჰოლიკები, ჩამოთრეულები, კარტოფილსა და ხახვზე გაყიდულები“, ხოლო მათგანვე ორგანიზებული, მათივე სიებით ორგანიზებული 30 აპრილისა და 1 მაისის აქციები მოქალაქეების შეკრება „თავისუფლებისთვის საბრძოლველად.“ ორაზრის პრინციპით 30 აპრილს, სადაც ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ, ორმა სისხლის სამართლის დამნაშავემ და კიდევ სხვა ორგანიზატორებმა, როდესაც დაარღვიეს კანონი, გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელი, ცდილობდნენ დეპუტატებისა და აპარატის წევრებისთვის გამოსვლაში ხელშეშლას და დაპირისპირების გამოწვევას, შემდეგ პოლიციელებს აფურთხებდნენ, ბოთლებსა და სხვა საგნებს ესროდნენ, რკინის ჯებირებით შსს-ს თანამშრომლებისკენ იწევდნენ, ეს მშვიდობიანი შეკრება და თავისუფალი გამოხატვის ფორმები ყოფილა.
ორაზრის პრინციპით 1 მაისის აქციაზე პოლიციელების მხრიდან პროვოკაცია ყოფილა ის, რომ სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და მომიტინგეებს ქუჩებზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს. ორაზრის კლასიკური მაგალითია, რომ თურმე 30 აპრილს პოლიცია იყო დამნაშავე იმიტომ, რომ მომიტინგეებს დეპუტატებზე თავდასხმის საშუალებას არ აძლევდნენ, და პოლიციის ბრალია ისიც, რომ 1 მაისს მომიტინგეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს - ანუ შავი თეთრია მაშინ, როცა და როგორც მისაღებია „უფროსი ძმისთვის“. ორაზრის პრინციპით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვანდალიზმი, სამშენებლო ღობეების გლეჯვა, პარლამენტის შესასვლელის ჯაჯგური, სათვალთვალო კამერების მოტეხვა, პარლამენტის შიგნით მყოფ პოლიციელებთან დაპირისპირება, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, პარლამენტის ფანჯრების შუშების მტვრევა, აქციაზე სპეციალური აღჭურვილობით მისვლა პოლიციელებთან დაპირისპირების გასამარტივებლად, ქვაფენილიდან ქვების ამოღება და პოლიციელებისთვის სროლა თავისუფლად ჯდება „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში“. მაგალითი არის გიორგი ვაშაძე, რომელსაც თურმე გაოცება ვერ დაუმალავს, ისეთი კანონიერი და მშვიდობიანი იყო აქცია. „უფროსი ძმისთვის“ კი ეს ყველაფერი, ისევ ორაზრის პრინციპით, მშვიდობიანი აქციაა.
რეალურად, როგორც 30 აპრილს, ისე 1-ელ მაისს პოლიციამ, ძალოვანმა სტრუქტურებმა, ხელისუფლებამ და უმრავლესობამ აჩვენა მზადყოფნისა და რთული ვითარების კონტროლის უმაღლესი დონე. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება ღია დისკუსიაზე, რომელზეც უკვე რამდენი ხანია დუმილია მეორე მხარისგან. ის რაც ორაზრის პრინციპს ანგრევს, არის საღი აზრის დაპირისპირება, ღია დისკუსიისას კი ვერ დაიმალება მეორე მხარის აბსოლუტური უარგუმენტობა.“ - წერს შაიშმელაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |