109
14 აპრილი 2024, 14:04
პარასკევის ბრიფინგზე მსოფლიოს წინაშე წარსდგა ორი ქვეყნის ლიდერი, საიდანაც საქართველოს პრემიერი განასახიერებდა პატარა, თუმცა დამოუკიდებელი და სუვერენული, საკუთარ ღირსებასა და სიმართლეში დარწმუნებულ ქვეყანას. ხოლო გერმანიის კანცლერი - გარე გავლენების ტყვეობაში მყოფ ვასალს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საფრანგეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის არა ერთი მაგალითი წარმოგვიდგინა - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გერმანიაში პრემიერ-მინისტრ კობახიძის ვიზიტმა ჩვენს პარტნიორებს მკაფიოდ დაანახა, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით აპირებს საქართველო ევროკავშირის, და არა "ევროსაბჭოთა კავშირის" წევრი გახდეს.
„არ მინდოდა საქართველოს და გერმანიის ლიდერების პრესკონფერენციის კომენტირება იმ ერთადერთ ჭრილში, რომელსაც ეს ბრიფინგი რეალურად იმსახურებდა განსახილველად. მანამდე მაქსიმალურად უნდა გავცნობოდი ჩვენი ცალ ფეხზე ასკინკილათი მხტუნავი "პოლიტიკოსების", რეალურად კი მონების, ლაქიებისა და მარიონეტების შეფასებებს. მადლობა თითოეულ მათგანს, რომ ჩემი და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი სავსებით გაამართლეს.
დღეს უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ პარასკევის ბრიფინგზე მსოფლიოს წინაშე წარსდგა ორი ქვეყნის ლიდერი, საიდანაც საქართველოს პრემიერი განასახიერებდა პატარა, თუმცა დამოუკიდებელი და სუვერენული, საკუთარ ღირსებასა და სიმართლეში დარწმუნებულ ქვეყანას. ხოლო გერმანიის კანცლერი - გარე გავლენების ტყვეობაში მყოფ ვასალს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საფრანგეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის არა ერთი მაგალითი წარმოგვიდგინა.
კანცლერ შოლცის ფონზე, პრეზიდენტი მაკრონი იმ ევროპული ქვეყნის ლიდერს განასახიერებდა, რომელმაც შარშან ღიად მიუთითა აშშ-ს, სად გადის წითელი ხაზი მოკავშირეობასა და ვასალობას შორის, ხოლო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა ამ ხაზებს კიდევ უფრო გასაგები კონტურები შესძინა - ამიტომაც იღებს საფრანგეთი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონს და ეს კანცლერ შოლცის გადასაწყვეტი ნამდვილად არაა.
მე ამით არც პრეზიდენტ მაკრონის გადამეტებულ "ჰეროიზაციას" ვახდენ, რომელსაც ქართულ კანონთან მიმართებით შესაძლოა შოლცის მსგავსი მოსაზრება გააჩნდეს. მე ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოზიცია მაინტერესებს, რომელიც ყველა გარე თუ შიდა ოპონენტს ორად-ორ შეკითხვას უსვამს: ეწინააღმდეგება თუ არა გამჭვირვალობა დემოკრატიულ პრინციპებს და შეიცავს თუ არა ქართული კანონი საერთაშირისო სამართლის ნორმების დარღვევას.
გერმანიაში პრემიერ-მინისტრ კობახიძის ვიზიტმა ჩვენს პარტნიორებს მკაფიოდ დაანახა, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით აპირებს საქართველო ევროკავშირის, და არა "ევროსაბჭოთა კავშირის" წევრი გახდეს. ამ პოზიციას ქართული მხარე აანონსებს სწორედ იმ ვითარებაში, სადაც "ევროსაბჭოთა კავშირის" შესაძლო შექმნის კონტურები ევროპის კონტინენტზე სულ უფრო თვალსაჩინოდ ისახება.
თუმცა მთელი რიგი თვითმყოფადი ევროპული სახელმწიფოების მაგალითი, სადაც საკუთარ ვასალურ მდგომარებას უკვე ღია ომს უცხადებენ, გვაძლევს იმის იმედს და რწმენას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი-ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ღირსება - არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებული იმ მონების მიუხედავად, რომლებიც მზად არიან საკუთარი სამშობლო კიდევ ერთ კოლონიალურ დამოკიდებულებას შესწირონ“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |