რით უნდა შევაფასოთ სასამართლო, თუ არა გადაწყვეტილებებით. ჩვენი სასამართლო სისტემა პროგრესირებს და ამას აჩვენებს რეიტინგებიც, რომლის თანახმად ქართული სასამართლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც დაკვეთას უცხო ქვეყნებიდან იღებს, ძველ საქმეებზე აპელირებს და ავიწყდება, რომ ეს საქმეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იხილებოდა. ახლა კი, ყაველაშვილის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობაა დასაცავი და არა ცალკეული საქმეების დევნა.
„ჩვენი ვალდებულებაა, არ დაგვავიწყდეს, რატომ ხდება ზეწოლა გარე ძალების მხრიდან. მთავარია გვახსოვდეს, არ არის აუცილებელი, რომ რადგან ჩვენი პარტნიორია, მას პასუხი არ უნდა გავცეთ და არ შევეხოთ უხეშად. საზოგადოებას მინდა გასაგებ ენაზე ავუხსნათ და ვუთხრათ იმ კამპანიის შესახებ, რომელიც ახლა დაიწყეს და ვეტინგს ეხება. რა არის ვეტინგი - მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, თუმცა ეს მექანიზმი შესაძლოა ნებისმიერ ინსტიტუციაში დაინერგოს და მოიცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, მედიაც კი და რა განსხვავებაა, სად მოხდება კონტროლი, თუ იმით არ ვაფასებთ ინსტიტუციას, რამდენად პროგრესირებს ის.
ქეისებს რომ ვახსენებთ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, დაასახელონ სტრასბურგში წაგებული თუნდაც ერთი ქეისი, რომელიც ხელისუფლებამ წააგო და ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. ერთი საქმე, რაც ოპოზიციამ დაასახელა, „რუსთავი 2“-ს ეხება და ისიც წააგეს საერთაშორისო სასამართლოში. თან გავიხსენოთ, თუ როგორი ზეწოლა იყო საელჩოებისგან, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. იგივე დავინახეთ ახლა, როცა ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალა გვარამია, აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე თავის გადაწყვეტილებაში მართალი ყოფილა.
ვერცერთ ქეისს ვერ ასახელებენ და რით უნდა შევაფასოთ სასამართლო, თუ არა გადაწყვეტილებებით. ჩვენი სასამართლო სისტემა პროგრესირებს და ამას აჩვენებს რეიტინგებიც, რომლის თანახმად ქართული სასამართლო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს. ეს უნდა ავუხსნათ საზოგადოებას - ბრძოლა მიდის ჩვენი დამოუკიდებლობისათვის. შეიძლება თოფები ხელში არ გვიჭირავს და ტანკზე არ ვსხედვართ, მაგრამ ეს ბრძოლაა დამოუკიდებლობისთვის და არ უნდა დავთმოთ. როგორც მეორე ფრონტის საკითხში დაუდგა საზოგადოება ხელისუფლებას და გაამაგრა მისი პოზიცია, ახლაც იგივე მდგომარეობაა - მურუსიძე კი არ უნდა დაიცვა, უნდა დაიცვა შენი სასამართლო სისტემა. ამ ნაძირალებს არ უნდა მიეცეს საშუალება, რასაც ჩასძახებენ - ვეტინგი იქნება თუ სხვა საკითხი, ის გაიტანონ, არ უნდა მივცეთ საშუალება განახორციელონ თავიანთი აგენტურული ჩანაფიქრები. როდემდე უნდა ვეფეროთ ამათ?“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |