ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტ Football Weekly-ში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე ისტორიული გასვლა განიხილეს.
პოდკასტის წამყვანმა, ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაქს რაშდენმა და მისმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მიღწევა გრანდიოზულია. ჟურნალისტების თქმით, 2015 წელს საქართველოს ნაკრები მძიმე მდგომარეობაში იყო და ფიფა-ს რეიტინგში დაახლოებით 150-ე ადგილს იკავებდა.
პოდკასტის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ის გზა, რომლითაც საქართველომ შედარებით მოკლე დროში სიტუაცია შემოატრიალა, ფანტასტიკურია.
“მათ ნამდვილად ბევრი იმუშავეს და დიდი ინვესტიცია განახორციელეს თავიანთ ინფრასტრუქტურაში, შექმნეს ახალგაზრდული სისტემა”, - აღნიშნეს პოდკასტში.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ასევე ურჩიეს ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას, გაეგზავნათ ვინმე საქართველოში გამოცდილების შესასწავლად. “ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც მათ [ქართველებმა] გააკეთეს და შეეცადონ იგივე განახორციელონ ირლანდიაში, რადგან ისინი [ქართველები] ყველაფერს აკეთებენ სწორად და ირლანდია ყველაფერს არასწორად აკეთებს. საქართველო ევროზე მიდის, ხოლო ირლანდია - არა”, - განაცხადა პოდკასტის მონაწილე ბრიტანელმა ჟურნალისტმა.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |