საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველს ჰაიჭენგი სიუს და ატაშეს პოლიტიკური განყოფილებიდან ფენგი ლის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და, მათ შორის, პარტია „ხალხის ძალის“ გეგმებით.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ძალიან განმტკიცდა, განსაკუთრებით სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერის და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ვისაუბრეთ ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის როგორც ფრენების რაოდენობის გაზრდის, ისე უფრო ფართო გეოგრაფიული დაფარვის კუთხით, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად გაზრდის ტურისტულ ნაკადს ორივე მხრიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაიზარდა სავაჭრო ურთიერთობებიც, რომელმაც პანდემიამდელ დონეს დიდად გადააჭარბა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ჩინეთის მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო პოლიტიკაში.
„გარდა იმისა, რომ ჩინეთი არის მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი განვითარების ლოკომოტივი, მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო იზრდება პოლიტიკაში მისი, როგორც სტაბილურობის უზრუნველმყოფის როლი, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც, რომელმაც არაერთი კონფლიქტი გადაიტანა“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |