171
24 მარტი 2024, 18:33
„უკრაინაში „ვეტინგმა" და საერთაშორისო აქტორების ჩართულობამ გაზარდა კორუფციონერი მოსამართლეების დანაშაულებრივი მადა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და კიდევ ერთხელ აფიქსირებს ამ სისტემისადმი მის ნეგატიურ დამოკიდებულებას, რასაც მორიგი არგუმენტით ასაბუთებს. დავით ქართველიშვილს უკრაინაში სწორედ ვეტინგის სისტემის დანერგვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე გამარჯვებული ვსევოლოდ კნიაზევის შემთხვევა მოჰყავს, რომელსაც მისი სასამართლოს რიგ მოსამართლესთან ერთად, ბრალი წაუყენეს მასშტაბურ კორუფციაში.
„2021 წლის ივნისის ბოლოს უკრაინის რადამ მიიღო კანონი ე.წ. „ვეტინგის" შესახებ და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო ქვეყნის სასამართლო კორპუსის „ქასთინგი", სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე გაიმარჯვა ვსევოლოდ კნიაზევმა და იმავე წლის ნოემბრიდან დაიკავა აღნიშნული თანამდებობა. სულ რაღაც წელიწადნახევარში (2023 წლის მაისში), უკრაინაში გაგანია ომის დროს, ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ვსევოლოდ კნიაზევს და მისი სასამართლოს რიგ მოსამართლეს ბრალი წაუყენეს მასშტაბურ კორუფციაში. მხოლოდ ერთ ეპიზოდში, კნიაზევს ქრთამის სახით აღებული ჰქონია 2,7 მილიონი დოლარი, თუმცა საბოლოო ჯამში გამოძიება გავიდა კიდევ უფრო კოლოსალურ თანხაზე. „ვეტინგის" სისტემის შემოღებამდე, უკრაინის სასამართლო სისტემას მსგავსი მასშტაბის კორუფცია არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, საფუძველმოკლებული არ არის ვივარაუდოთ, რომ სწორედ „ვეტინგმა" და საერთაშორისო აქტორების ჩართულობამ გაზარდა კორუფციონერი მოსამართლეების დანაშაულებრივი მადა. საქართველოში სასამართლო სისტემის საერთაშორისო „აქციონერთა დახურულ საზოგადოებად" და ფულის მჭრელ მანქანად გადაქცევას ადგილი არ ექნება. გამორიცხულია," - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |