სტატიები
ექიმები ვაქცინას ეძებენ, მთავრობა - კრიზისის რეცეპტს, ოპოზიცია - ზეთს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5104 23 აპრილი 2020, 13:15

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კარანტინის შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყოს - კარანტინი ქვეყანაში 17 მარტს გამოცხადდა, თუმცა პროცესი ძალიან ნელა და ეტაპობრივად წავა. შეზღუდვების მოხსნა კი უკვე დაიწყო: 14 წლის ქვემოთ ბავშვებს გარეთ გამოსვლისა და გასეირნების უფლება მიეცათ. 

საფრანგეთის ჩრდილოეთით კი ეპიდემიას სოციალური ფონი ამძიმებს. პოლიციას ქუჩაში აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების მოგერიება უწევს. კარანტინი იქაც 17 მარტს  გამოცხადდა. 

ამ კვირის ბოლოს იტალიის ხელისუფლებაც წარმოადგენს კარანტინის დასრულების გეგმას. პრემიერის განმარტებით, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება გეგმის მკაცრი დაცვით მოხდება. პროცესი მაისის დასაწყისიდან დაიწყება. 

რუმინეთში თვითიზოლაციის დარღვევის გამო მარტის ბოლოდან 200 ათასი მოქალაქე დააჯარიმეს, რამაც, ჯამში, 78 მილიონი ევრო შეადგინა. პოლიციამ ბუქარესტის მერიც კი დააჯარიმა, რომელმაც რეგულაციები დაარღვია და პარკში ველოსიპედით გაისეირნა. 

ქუჩაში გადაადგილების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში არიან დასაქმებული, დანარჩენებს გარეთ გამოსვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ, ისიც მხოლოდ დღისით და მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ.

მონტენეგრო ბოლო ევროპული ქვეყანაა, სადაც კორონავირუსი დააფიქსირეს. 

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ პრემიერს დაგვიანებული რეაქციისთვის უკვე აკრიტიკებენ. ბრიტანული მედიის დასკვნით, თავის დროზე პრემიერმა არაფრად ჩააგდო ვირუსოლოგების გაფრთხილება და კრიზისის დასაწყისში ხუთი კვირა დაკარგა. შედეგად, ქვეყანაში კარანტინი მხოლოდ 23 მარტს გამოცხადდა, მაშინ როცა პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 29 იანვარს დაფიქსირდა. 

სხვათა შორის, სწორედ იანვრის ბოლოს გამოჩნდა ვირუსი იტალიაშიც, თუმცა ქვეყნის ჩრდილოეთით კარანტინი მხოლოდ 21 თებერვალს გამოცხადდა, მთელ ტერიტორიაზე კი - 9 მარტს.  

ლიტვაში კარანტინი 11 მაისამდე გაგრძელდა. მანამდე რეგულაციების შერბილების ნელი პროცესი დაიწყება. 


საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, თუმცა შეზღუდვების შერბილება უკვე იწყება, პარასკევს კი პრემიერი ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. 

მანამდე კი ქართველმა ექიმებმა პრემიერს საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გაგრძელების რეკომენდაცია მისცეს, მიზეზი - შიდა გადადება. პრემიერმა შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტს გადასცა ხელმოსაწერად. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და დასამოწმებლად პარლამენტს წარუდგინა. 

ოპოზიციამ ეპიდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა. მიზეზი ლოგიკური ჩანდა. მართლაც გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრამდე მოეხდინა ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია.  

ერთი შეხედვით, სრულიად გასაგებია ოპოზიციის პრეტენზია, თუმცა, მეორე მხრივ, ოპოზიციამ მოვლენებს თავადაც დაასწრო და გაცილებით ადრე განაცხადა, რომ ის არ აპირებს, მხარი დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. არგუმენტი - ეკონომიკის გაჩერება, რომელიც, მათივე შეფასებით, ქვეყანას დიდ ზიანს მოუტანს. 

ქართული ოპოზიცია თითქმის ერთადერთი გამონაკლისია მსოფლიოში, რომელიც ორ რამეშია დარწმუნებული: 

1. როცა ეპიდემია პიკს უახლოვდება და მსოფლიოში პანდემიაა, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა არ არსებობს.
2. ჭკვიანური გამომეტყველებით ამტკიცებს, რომ, თუკი ვირუსის საფრთხე უკან არ დაიხევს, ეკონომიკა მაინც ამუშავდება, თანაც მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

თუმცა, ერთხელ რომ გაიკეთებ იმიჯისთვის სათვალეს და ჭკვიანურ გამომეტყველებას მიიღებ, „ობრაზში“ უნდა დარჩე.

მით უფრო, როცა ხელისუფლებამ ერთხელ უკვე ძალიან გაუცრუა იმედები - საკმაოდ ეფექტიანად გაართვა თავი ეპიდემიას. ელენე ხოშტარია ერთადერთი იყო, ვისაც ამის აღიარების გამბედაობა ეყო. რა თქმა უნდა, მან ხარვეზებზეც ისაუბრა.

ხარვეზები ნამდვილად არის, მაგალითად, იგივე მარნეულში. იქ სოზარ სუბარის მთავარ ფიგურად გამწესება, შეიძლება ითქვას, შეცდომაც იყო; იგივე საგანგებო მდგომარეობის დროს საშვების დაშვების პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე აუწყობელი დარჩა; იგივე ცხელი ხაზი - დარეკვა შეუძლებელიც კი იყო.

დეტალებში ეშმაკები კი არის, მაგრამ ამით ცეცხლს ვერ დაანთებ. ცეცხლის დანთება კი უკვე დაანონსებულია. გუბაზ სანიკიძემ, რომლის პოლიტიკური ცენტრი ჯერ ბათუმი იყო, შემდეგ - მოსკოვი, ახლა კი კიევია, უკვე თქვა, რომ ეპიდემია რევოლუციისკენ ყველაზე მოკლე გზაა.

რა თქმა უნდა, სააკაშვილი ბულგაკოვი არ არის და ვერც სანიკიძე გახდება ანუშკა, რომელმაც „უკვე იყიდა მზესუმზირის ზეთი, და არამხოლოდ იყიდა, დაღვარა კიდეც“.


„ზეთის დაღვრისა“ და მასზე ხელისუფლების მოსრიალების მცდელობა მალე აქტიურ ფაზაში გადავა, რადგანაც ოპოზიციამ უკვე არ დაუჭირა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არ აიღო. ასე რომ, ეპიდემიისა და კრიზისის ფონზე, ის იტოვებს უფლებას, შეაგროვოს თითოეული პროტესტი, დაამზადოს მისგან სოციალური ბომბი და დანაღმოს საარჩევნო რინგი. 

რინგამდე ხელისუფლება ოპოზიციას პოპულიზმში ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ არ მივიდა პრემიერი გახარია პარლამენტში ანტიკრიზისული გეგმის წარსადგენად; იცოდა, რომ პრობლემებზე მეტად ოპოზიციას ამომრჩეველი დააინტერესებდა. შეიძლება პოპულიზმს არ უპასუხოს, ერთხელ მედიის ერთ-ერთ წარმომადგენელს გაბრაზებული ტონითაც კი უთხრა: პოპულისტურ კითხვებს არ უნდა ვპასუხობდეო, თუმცა, საინტერესოა როგორი რეაგირება ექნება მას  უკვე დაფიქსირებულ ხარვეზებზე, უფრო ზუსტად ის საკადრო ცვლილებებშიც აისახება თუ ერთი შანსის უფლებით ყველა ისარგებლებს. 

ქეთი ხატიაშვილი  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი