ასე დაიწყო აგვისტოს ტრაგედია და მასში სააკაშვილის რეჟიმის თანამონაწილეობის გამოძიების გარეშე, ქვეყნის გამთლიანებას პერსპექტივას მომავალი არ უწერია, - ამის შესახებ, "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როდესაც დადგება „ნაცსექტის“ პოლიტიკური სასამართლოს ჟამი, აგვისტოს ომთან არსებულ სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.
"როდესაც დადგება „ნაცსექტის“ „მინი-ნიურნბერგის“ პოლიტიკური სასამართლოს ჟამი, აგვისტოს ომთან არსებულ სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებლად უნდა განვიხილოთ, WikiLeaks-ის მიერ თავის დროზე სააშკარაოზე გამოტანილი მეტად საინტერესო ინფორმაცია. კერძოდ, 2007 წლის დასაწყისში შედგა ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები შსს-ს იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან.
ამ შეხვედრებზე აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი არწმუნებდა ქართველ მინისტრს, რომ მის ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მზადყოფნას გამოთქვამს ქართულ მხარესთან სერიოზულ დათმობებზე წასვლისა და მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. მერაბიშვილი მაშინ შეეცადა დაერწმუნებინა ელჩი სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაში, დაახასიათა ბაღაფში, როგორც ლოთი, ტიპური საბჭოური ყაიდის კორუფციონერი და რუსეთზე 100%-ით ორიენტირებული პიროვნება.
WikiLeaks-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ამერიკელი პარტნიორების მიერ მერაბიშვილის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების შესაძლებლობებში ეჭვებს სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეჭვები გაამყარა მეთიუ ბრაიზამაც, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას კავკასიის საკითხებში.
როდესაც 2008 წლის მაისში მეთიუ ბრაიზა იმყოფებოდა სოხუმში და ხანგრძლივი შეხვედრები ჰქონდა სერგეი ბაღაფშთან. თბილისში დაბრუნებისას მის ოპტიმიზმს საზღვარი არ ჰქონდა.
მეთიუ ბრაიზამ ახარა ქართულ ხელისუფლებას, რომ აფხაზური მხარე მზადაა აწარმოოს ქართველებთან მოლაპარაკების პროცესი და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელების მიერ წამოყენებული წინასწარი პირობების თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ამჯერადაც, ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ ამერიკელი მეგობრების ენთუზიაზმი ჩაეხშოთ.
თითქოსდა, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო ქართული ხელისუფლებისათვის? ალბათ აგვისტოს ომის დაწყებამდე 3 კვირით ადრე საქართველოში ამჟამინდელი გერმანიის პრეზიდენტის, ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამ-ეტაპობრივი გეგმით. გერმანელი დიპლომატი მაშინ აფხაზეთის ლიდერსაც შეხვდა.
ესენი მართლა გაამთლიანებენ ქვეყანას, გაიფიქრეს სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა და მაშინ როგორღა „გავაპრავოთ“ უკრაინიდან სამხედრო ჯართის შესყიდვაზე ასობით გადახდილი მილიონები. ასე დაიწყო აგვისტოს ტრაგედია და მასში სააკაშვილის რეჟიმის თანამონაწილეობის გამოძიების გარეშე, ქვეყნის გამთლიანებას პერსპექტივას მომავალი არ უწერია..."- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |