ნანა კაკაბაძე: მიმდინარეობს ღია და ფარული ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებაში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ძალების დასაბრუნებლად - ამ ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 27 თებერვალი 2024, 13:22

ყველა ხვდება, რომ დიდი ალბათობით ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 50%-ის მოპოვების შანსიც არა აქვთ, რის გამოც ახლა მიმდინარეობს შეტევა, რომ 5%-იანი ბარიერი დაიწიოს ქვემოთ. ამის მიზანი ის არის, რომ 4, 3 და 2 პროცენტიანი პარტიებიც მოხვდნენ პარლამენტში, რადგან დღევანდელი წესით, იმ პარტიების მიღებული ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ზღვარს, პროპორციულად ემატება ზღვარგადალახულ პარტიებს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ყველა ხვდება, რომ ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნებზე ჯამში 50 პროცენტის მოპოვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, მიმდინარეობს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ზღვარი რაც შეიძლება ქვემოთ იქნას დაწეული. კაკაბაძის თქმით, ხელისუფლება არ უნდა იყოს ფორმირებული უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესების გამომხატველი ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისგან და ის უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას.

"ვინ ქმნის ხელისუფლებას. 70-80-იან წლებში ჯერ დისიდენტური, ხოლო შემდეგ ეროვნული მოძრაობის მონაწილეებისთვის მთავარი ოცნებაც და მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება იყო და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქ გასავალი ექნებოდა უცხო ძალების დომინანტობის ქადაგებას.

არეული 90-იანი წლების პერიოდში დავინახეთ, რომ დასავლეთს რუსეთის სათავეში სწორედ ელცინის ტიპის ლიდერი აწყობდა, რადგან მისგან დათმობებს იღებდნენ, ამის ფასად კი თვითონაც უთმობდნენ მას სხვა საკითხებში.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუთმო.
ე.წ. ვარდების გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დასავლეთის მიმართ გამოცხადებული მონური მორჩილება გამოამჟღავნა, მისი ყველა სურვილის თუ გეგმის უსიტყვო შემსრულებლად მოგვევლინა, მათი ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენა და ჯილდოდ „დემოკრატიის შუქურას“ წოდება მიიღო. ამის საფასურად დასავლეთი სააკაშვილის ყველა სისასტიკეზე თვალს ხუჭავდა. ამით გათამამებულმა „შუქურამ“ ჩათვალა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაშიც უპირობოდ დაუჭერდა მხარს მთელი მსოფლიო, რამაც მოიტანა 2008 წლის ომის სამარცხვინო შედეგები.
2012 წელს ასეთ ანტიეროვნულ და თავქარიანულ პოლიტიკას ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და ერთის მხრივ, სისხლიანი რეჟიმი მოიშორა, ხოლო მეორე მხრივ, აირჩია რაციონალური, საქართველოს ინტერესების პრიმატზე დამყარებულ პოლიტიკური ძალა.
12 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს ეს პოზიცია არ შეუცვლია, რასაც თითქმის 10-ჯერ ჩატარებული სხვადასხვა დონის არჩევნების შედეგები ამტკიცებს. რაციონალური საგარეო პოლიტიკა ხელისუფლების მოზომილ, დაბალანსებულ ნაბიჯებში გამოიხატება, რომლის არსი ქვეყნისა და ხალხის გადარჩენაა იმ აბობოქრებულ ოკეანეში, რასაც რეგიონული თუ მსოფლიო პოლიტიკა ჰქვია.
გასაგებია, რომ რუსეთსაც და დასავლეთსაც საქართველოში ისეთი ხელისუფლება აწყობთ, რომლის პრიმატი სწორედ მათი ინტერესების გატარება იქნება. დღეს რუსეთს ნაკლებად ხელეწიფება ამის მიღწევა, რადგან სამართლიანად აქვს ხალხის თვალში ოკუპანტის სტატუსი და ამიტომ არ გააჩნია ქვეყანაში სერიოზული დასაყრდენი ძალა, დასავლეთისთვის კი შედარებით დიდი პოტენციალი არსებობს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ნაციონალები ან მათი მსგავსი პოლიტიკოსები მოიყვანონ, რომლებიც რაციონალურ პოლიტიკას კვლავ ემოციური, თავქარიანული პოლიტიკით ჩაანაცვლებენ და დასავლეთის ინტერესების პრიმატით იხელმძღვანელებენ.
როდესაც დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელი იყო არსებული საარჩევნო კანონით, დასავლეთმა ხელისუფლება აიძულა, რომ მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული საპარლამენტო პარტია კი არ ყოფილიყო ხელისუფლებაში, არამედ დამარცხებული პარტიების კოალიციას დაეკომპლექტებინა მთავრობა. ანუ, დღევანდელი საარჩევნო კანონით „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49 პროცენტიც რომ მიიღოს, ხოლო ოპოზიციაში მყოფმა დანარჩენმა პარტიებმა 17, 12, 10, 7, 5 პროცენტები, ამ უკანასკნელებს ენიჭებათ უპირატესობა და ერთობლიობაში ისინი იქნებიან კოალიციურ ხელისუფლებაში. ამას იმით ხსნიან, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ასეთი წესია და არ ითვალისწინებენ ადგილობრივ თავისებურებებს, როდესაც ასეთმა წესმა შეიძლება ქაოსამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა.
კარგით, შევეგუეთ, რომ ამ ახალი წესით იქნება არჩევნები, მაგრამ ყველა ხვდება, რომ დიდი ალბათობით ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 50%-ის მოპოვების შანსიც არა აქვთ, რის გამოც ახლა მიმდინარეობს შეტევა, რომ 5%-იანი ბარიერი დაიწიოს ქვემოთ. ამის მიზანი ის არის, რომ 4, 3 და 2 პროცენტიანი პარტიებიც მოხვდნენ პარლამენტში, რადგან დღევანდელი წესით, იმ პარტიების მიღებული ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ზღვარს, პროპორციულად ემატება ზღვარგადალახულ პარტიებს. ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ ვთქვათ, „ოცნებამ“ მიიღო ხმების 45 ან 47%, ბარიერგადალახული პარტიების ხმების პროპორციულად სხვა ბარიერგადალახულ პარტიებთან ერთად მასაც მიემატება პროცენტები, გაუხდება 50%-ზე მეტი და აღმოჩნდება, რომ მაინც ოცნება რჩება ხელისუფლებაში. ამიტომ ახლა მიმდინარეობს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ზღვარი იქნას დაწეული რაც შეიძლება ქვემოთ. დასავლური ორგანიზაციებიდან ზოგი ამას ღიად აცხადებს, ზოგი კი კულისებს მიღმა ახორციელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე.
მოკლედ, მიმდინარეობს ღია და ფარული ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებაში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ძალების დასაბრუნებლად. ამ ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას და არ მიიღოს ცრუ ლოზუნგები და დაპირებები, რომ თურმე „საქართველოს კოალიციური მთავრობა გადაარჩენს“, როგორც ამას სხვებთან ერთად მადამ პრეზიდენტიც გვიქადაგებს. ხელისუფლება უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მას ირჩევს და ის არ უნდა ფორმირდებოდეს პოლიტიკური ინტრიგების შედეგად უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესების გამომხატველი ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისგან." - წერს კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი