175
25 თებერვალი 2024, 16:07
NATO - უსაფრთხოების გარანტია თუ ომის აქსელერატორი? მართალია, ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ საბედნიეროდ ეს ტაბუები წარსულს ბარდება მთელ მსოფლიოში, მის სამშობლოში ამერიკაშიც კი, შესაბამისად ისე როგორც არასდროს აქტუალური და აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დისკუსიის გახსნა! უნდა დაისვას კითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით - ომის აქსელერატორი?, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, საწყისი კი, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი იყო, რაც კონფლიქტის ორივე მხარის მიერ არის აღიარებული და უკრაინა ღია კართან დგომაში დაღუპვის პირასაა მისული.
„NATO - უსაფრთხოების გარანტია თუ ომის აქსელერატორი?
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. უკრაინის ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსეთის კონტროლქვეშაა. დანგრეული და განადგურებულია ასობით ქალაქი და ათასობით დასახლებული პუნქტი. დაღუპულების და დაჭრილების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ქვეყნიდან გავიდა. დაახლოებით ამდენივე ქვეყნის შიგნით არის გადაადგილებული, ანუ ისინი მოწყდნენ საკუთარ სახლებს და გადავიდნენ იქ, სადაც შედარებით უსაფრთხო ვითარებაა (დასავლეთ უკრაინაში).
ოფიციალური მონაცემებით დღეს, უკრაინის არმიაში ფრონტზე მყოფ ჯარისკაცთა საშუალო ასაკი 45 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ 20, 25, 30 წლის ცოცხალი ძალა უკრაინას ფაქტობრივად აღარ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ხელისუფლება არ ერიდება მობილიზაციისთვის ძალის გამოყენებას, ფაქტობრივად შეუძლებელია ცოცხალი ძალის დეფიციტის შევსება. უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე ალაპარაკდა დასავლური მეინსტრიმ მედიაც, რომელიც თითქმის ორი წლის განმავლობაში სიცრუით კვებავდა მთელ მსოფლიოს. ქმნიდა ფსევდო რეალობას, რომელშიც უკრაინა იმარჯვებდა, ხოლო რუსეთის დაშლა/განადგურებამდე წუთებიღა რჩებოდა. თითქმის 6 თვეა დიდი ბზარი გაჩნდა უკრაინის დახმარების ჯგუფში, რომელიც NATO-ს წევრი სახელმწიფოებისგან შედგება და აშშ-ის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშაა. ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის დახმარების საკითხი გაჭედილია თავად აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს პალატებს შორის. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას და ქვეყნის შიგნით არსებულ სხვა მძიმე პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, არ ჩანს პერსპექტივა, რომ უკრაინის დახმარების საკითხი დადებითად გადაწყდეს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აშშ-ის მიერ ამ დრომდე გამოყოფილ 170 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია, გადაცემული იარაღი და ფული მხოლოდ ომის გახანგრძლივებას ემსახურებოდა. ევროპაში განწყობების ცვლა, იმ მძიმე რეალობას ეფუძნება, რაც კონტინენტის ქვეყნებს დაუდგათ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც მათ მიერ რუსეთის დასასუსტებლად დაწესებულმა სანქციებმა თავად ისინი დააზიანა. 2023 წელს, რუსეთის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე გერმანიის, მხოლოდ 0.3%-ით, მიმდინარე წელს კი, გერმანია რეცესიაში შევიდა.
ეს მხოლოდ მცირე მიმოხილვაა იმ რეალობისა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ჩამოყალიბდა. საწყისი კი, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი იყო, რაც კონფლიქტის ორივე მხარის მიერ არის აღიარებული. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სტოლტენბერგიც და პუტინიც იდენტურ განცხადებებს აკეთებენ. ეს კასრი დიდი ხნის განმავლობაში ივსებოდა დენთით, რაც გულისხმობდა ხმაურიან დაპირებებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
“უკრაინის კრიზისზე პასუხისმგებლობის ძირითადი წილი აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებზე მოდის, რადგან პრობლემის სათავე NATO-ს გაფართოებაა” - წერს ამერიკელი პოლიტოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჯონ მერშეიმერი 2014 წლის ნაშრომში სახელად, “რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?”
დიახ, დაპირებები ნამდვილად იყო ხმაურიანი, მაგრამ უკრაინა ღია კართან დგომაში დაღუპვის პირასაა მისული და დღეს ეუბნებიან, რომ ვერც ვერასოდეს შევა ამ ღია კარში თუ რუსეთს არ დაამარცხებს. ცინიზმი - სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ამ პასუხს?!
გაურკვეველია, ჰიპოთეტურად რუსეთის დამარცხების ანუ უკრაინის მთავარი და ერთადერთი საფრთხის განეიტრალების შემდეგ, რაში დაჭირდება ამ ქვეყანას რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, ცხადია ეს უდიდესი აბსურდია.
სამწუხაროდ, ჩვენ, არამარტო უკრაინის მაგალითი გვაქვს წინ, არამედ თავად გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება 2008 წლის ომის სახით. ჩვენთვისაც ხომ არ იშურებდნენ ცინიკურ პასუხებს, ყველას გვახსოვს - “მაპზე უკეთესი…”
მართალია, ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ საბედნიეროდ ეს ტაბუები წარსულს ბარდება მთელ მსოფლიოში, მის სამშობლოში ამერიკაშიც კი, შესაბამისად ისე როგორც არასდროს აქტუალური და აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დისკუსიის გახსნა! უნდა დაისვას კითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით - ომის აქსელერატორი?
კითხვაზე პასუხის გაცემისას მხოლოდ ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ლიბერალური ცენზურის გარეშე გავაანალიზოთ უკრაინის მოვლენებიც და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაც.“ – წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |