157
02 თებერვალი 2024, 13:10
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, რომ ISFED-სა და IDFI-ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც „სერიოზული პრობლემაა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ერთადერთი „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში ამ ორგანიზაციების გაუმჭვირვალე საქმიანობაა და თუ ისინი სახელმწიფოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას არ შეიცვლიან, შესაძლოა ეს ძვირად დაუჯდეთ.
„ქართული ოცნების“ ერთადერთ მზაობაზე, რომელზეც ეს საერთაშორისო თაღლითები და აგენტოკრატების „უძღები შვილები“ შეიძლება საუბრობდნენ, არის მათ მიმართ გამოჩენილი ჰუმანურობის აქტი და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების დაძაბვის სურვილის არქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ იმ დანაშაულის გამო, რომელიც ISFED-მა 2021 წლის არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის დროს მიზანმიმართულად ჩაიდინა, სხვა ქვეყანაში, მას საქმიანობას აუკრძალავდნენ.
ეს ის ISFED-ია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოითხოვდა სახელმწიფოსგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას „დიდი ოდენობით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე“ - რაც, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად შემოგდებული სიცრუე იყო. ეს ის ISFED-ია, რომელსაც სამი წლის შემდეგ, კიდევ ერთ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, „არჩევნების გაყალბების ფაქტზე“ ქვეყანაში მასობრივი არეულობა უნდა აეგორებინა. ეს ის ISFED-ია, რა ტიპის ორგანიზაციებსაც იმავე აზერბაიჯანში ფეხი აღარ ჩაედგმება მსგავს დანაშაულებში მხილების გამო.
დღეს „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში მხოლოდ ISFED-ის და IDFI-ს იდუმალებით მოცული, გაუმჭვირვალე საქმიანობაა. ამ ორგანიზაციების ადგილას ჩრდილში მოვექცეოდი და საქართველოს ხელისუფლების ლმობიერებისა და მოთმინების უნარს არ გამოვცდიდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარება. ხელისუფლებას არც 12 დათქმის და არც 9 რეკომენდაციის წარმატებულ დაძლევაში არაერთგზის გამოაშკარავებული თაღლითებისგან რჩევა-დარიგება არ ესაჭიროება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |