211
12 დეკემბერი 2023, 10:36
საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, უერთდება საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, „მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს“.
„საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიტანა ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უამრავი ადამიანის თავდადებამ - ყველასი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იღვწოდა და სულით-ხორცამდე გაცნობიერებული ჰქონდა ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობა, ვისაც სჯეროდა ნამდვილ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპის, რომლის კულტურის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო ქართული კულტურა.
ეს გამარჯვება სისხლით მოიპოვეს გმირებმა, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში, ასევე უკრაინაში მხარდამხარ მებრძოლმა უკრაინელმა და ქართველმა გმირებმა, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავენ თავისუფლებას, დნესტრისპირეთში მოლდოვის თავისუფლებისათვის მებრძოლმა გმირებმა და ა.შ.
ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის.
2023 წლის 15 დეკემბრის მოსალოდნელი გამარჯვება უდავოდ გახლავთ საქართველოს თავდადებულ საჯარო მოხელეთა და დიპლომატთა არაერთი თაობის ნაღვაწი.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვიშურებ, როცა ამის საჭიროებას ვხედავ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსურს გულწრფელად მივულოცო მათი, როგორც ხელისუფალთა, და ქვეყნის ეს ისტორიული წარმატება.
მინდა, ჩემი ხმა შევუერთო საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს: ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის (უკვე აღარ - "პოსტსაბჭოთა") სამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - ევროკავშირის ღირსეულ მომავალ წევრებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |